"ბარგი უკან მოგვიყარეს და ღამის 12 საათზე, ატირებული ბავშვით აეროპორტიდან გამოგვიშვეს"
"საქართველოში ვერ ვბრუნდებით"
"23 დეკემბერს, თურქეთის ქალაქ იზმირში, ბავშვს ფეხზე გაუკეთდა ოპერაცია, რის შემდეგაც, საჭირო გახდა ფეხის გაშლილ მდგომარეობაში თაბაშირით დაფიქსირება, დაახლოებით ორი კვირით. რამდენად უცნაური უნდა იყოს, ამის გამო, საქართველოში ვერ ვბრუნდებით. კონკრეტულად კი თურქულმა კომპანია "პეგასუსმა" ბავშვის ამ მდგომარეობაში გადაყვანაზე უარი გვითხრა, თან ძალიან უხეშად." - გვიყვება თურქეთში ჩარჩენილი, ჩვენი ყოფილი კოლეგა ნინო მამუკაძე, რომელმაც 12 წლის შვილი თურქეთში სამკურნალოდ წაიყვანა...
- ბილეთების შეძენისას მოვითხოვეთ სპეციალური სერვისი, რაც ბავშვის აეროპორტიდან თვითმფრინავამდე გადაყვანას გულისხმობდა. გვითხრეს, რომ პრობლემა არ იქნებოდა და წინასწარ არაფრის გაკეთება არ იყო საჭირო. მათი თქით, ეს პასპორტის კონტროლზე გასვლისას უნდა მოგვეთხოვა.
გავიარეთ რეგისტრაცია, ბარგი ჩავაბარეთ. ამასობაში დამხმარე პერსონალიც მოვიდა... ყველა კონტროლი გავლილი გვქონდა და ჩასხდომას ველოდით, როდესაც პილოტი გამცილებლები და კიდევ ორი ადამიანი მოვიდა და თურქულად, ძალიან უხეშად მოგვმართეს. ყველა საბუთი თავიდან წარვუდგინეთ, მაგრამ არაფერს აზრი არ ჰქონდა. ბავშვს თვითმფრინავში ვერ ავუშვებთო, რადგან თაბაშირის გამო მუხლში ფეხს ვერ ხრისო... ვეცადეთ, აგვეხსნა, რომ დასარჩენი არ გვქონდა და მზად ვიყავით დამატებით ერთი ბილეთი გვეყიდა, ან ორი გამცილებლიდან ერთ-ერთი დავრჩენილიყავით, მაგრამ გასასვლელისკენ ძალიან მკაცრად მიგვითითეს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, გაყინული სახეებით ბარგი უკან მოგვიყარეს, ბილეთების ფული დაგვიბრუნეს და ღამის 12 საათზე ატირებული ბავშვით გამოგვიშვეს უკან... ჩავრჩი მინიმუმ 2 კვირით თურქეთში, ვიდრე ბავშვს თაბაშირს არ მოხსნიან...
- ნინო, ბილეთების შეძენისას არავის გაუფრთხილებიხართ, რომ ავიაკომპანიას ამ მდგომარეობაში მყოფი მგზავრის ტრანსპორტირება არ შეეძლო?
- არა, როგორც გითხარით, მსგავსი არაფერი. ის კი არა, პრობლემა არ შეგექმნებათო, - გვითხრეს...
- საქართველოს საკონსულოსთვის არ მიგიმართავთ?
- არა საკონსულოსთვის არ მიგვიმართავს, რადგან ორ კვირაში კონტროლზე ისევ თურქეთში გვიწევდა დაბრუნება, ჩვენივე რესურსებით დავრჩით იზმირში...
ალტერნატივა, ავტობუსით წამოსვლა იყო, მაგრამ საქართველომდე გზა 2700 კილომეტრია და ექიმმა აგვიკრძალა ამხელა გზაზე მგზავრობა. ავიაკომპანიისგან განსხვავებით, ძალიან გულისხმიერია სამედიცინო პერსონალი...
"კვირის პალიტრა" აღნიშნულ ფაქტის გასარკვევად, კომპანია "პეგასუსის" საქართველოს ადმინისტრაციულ სამსახურს დაუკავშირიდა. მას შემდეგ, რაც მათ დაზარალებული ქართველი მგზავრების შესახებ სრული ინფორმაცია მივაწოდეთ, კომპანიის სამსახურის ხელმძღვანელმა სალომე მარტიაშვილმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ აღნიშნულ ფაქტზე მათ უკვე გააგზავნეს ახსნა-განმარტების მოთხოვნა პარტნიორ თურქულ კომპანიაში:
- საქმე ის არის, რომ "პეგასუსს" ფიზიკურად არ აქვს საშუალება, მსგავს მდგომარეობაში მყოფი მგზავრის ტრანსპორტირება უზრუნველყოს, რადგან მხოლოდ ეკონომკლასის სავარძლები აქვს... ძალიან სამწუხაროა, რომ ამის შესახებ წინასწარ არ გააფრთხილეს მგზავრები. არც ადგილზე აუხსნეს ცივილური ფორმით და უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდეს ისინი... სამწუხაროდ, ჩვენ მათთან ონლაინკავშირი არ გვაქვს, ამიტომ, ელექტრონილ ფოსტაზე გავუგზავნეთ თურქული მხარის შესაბამის დემაპარტამენტს აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია და ველოდებით პასუხს...
ჩვენ ყურადღებით მივადევნებთ თვალს აღნიშნულ ფაქტს და მოუთმენლად დაველოდებით თურქული კომპანიის პასუხს...
ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)