"რობერტ რედფორდს ფეხებში მოვკიდე ხელი და თონიდან ამოვათრიე" - ელდარ შენგელაიას ნატვრა და პირველი სიყვარული
"ამდენი ნაცნობი ხელოვანი მყავს და მხოლოდ რედფორდმა გამომიგზავნა 9 აპრილს წერილი"
დილაობით რედფორდი ალექსანდრეს ბაღში დარბოდა. ერთხელ გავუარე და წავედით პურის სახლში. რომ დაინახა როგორ აკრავდნენ თონეში ლავაშს, აიჩემა, მეც მინდა პურის ჩაკვრაო. დაიწყო და კინაღამ თონეში ჩავარდა. ფეხებში მოვკიდე ხელი და ამოვათრიე. მერე წავედით ჯვარზე. ახლა კინაღამ იქიდანაც გადავარდა. მერე დეზერტირების ბაზარში გამოვიარეთ, სუნელების ყიდვა უნდოდა. გამყიდველმა ყველანაირი სუნელი შეუხვია და მიაწოდა. რობერტმა 100-დოლარიანი გაუწოდა. გამყიდველმა, კინოში გნახეთ და თქვენგან ფულს როგორ ავიღებო? რედფორდი გადაირია, ამერიკაში ასეთი რამ არ ხდებაო...
თუ გავიხსენებ, რომ მისი ფილმები ყველას უყვარს, პერსონაჟების ფრაზები კი უკვე მერამდენე ათწლეულია, აქტუალურობას არ კარგავს, დიდი ანალიზი არ სჭირდება დასკვნას, რომ ჩემი ინტერვიუ რეჟისორ ელდარ შენგელაიასთან საინტერესოდ ჩაივლის. მას ოჯახში დათქმულ დროს ვესტუმრე. ოთახში, რომელშიც შემიძღვა, კედლები ფოტოებით არის შევსებული. ყველა ფოტოს თავისი ისტორია აქვს - ერთმანეთისგან განსხვავებული და ერთნაირად საინტერესო. ჩვენი საუბარი დიდ რეჟისორთან მისი ცხოვრების ყველაზე განსაკუთრებული პერიოდით დაიწყო.
პირველი სიყვარული
- როგორც ყველა ადამიანის შეგნებაში, ჩემშიც ბავშვობა განსაკუთრებულ ადგილს იკავებს, რადგან იქ არიან დედაჩემი, მამაჩემი... მერე მამა იღუპება და დედა გვზრდის. თუ რაიმე პრობლემა იჩენდა თავს, დედა გვეტყოდა ხოლმე: "მამა ამას გვირჩევდა". მე, გიორგი და თენგიზი ისე გავიზარდეთ, მამა ყოველთვის ჩვენთან იყო...
9 წლის ვიყავი, როცა მამა გარდაიცვალა. კახეთში იღებდა ფილმს და როცა ბრუნდებოდა, გზაში გული გაუსკდა. რომ მითხრეს, ვერ მივხვდი და გამოსავალი შევთავაზე - მამას გული შეუკერონ-მეთქი...
მახსოვს, მეექვსე კლასში ვიყავი, როცა მეგობრებმა პაპიროსის მოწევა გადავწყვიტეთ და დედამ დამიჭირა. ჩემს ბიძაშვილს უცბად სახე აერია, თურმე დედა მოდის. მომიახლოვდა და მხარზე ხელი დამადო, მაშინვე გადავაგდე. მკითხა, სადილზე მოხვალო? კი-მეთქი და ავედი სახლში. მამას სიკვდილის შემდეგ დედა ხანდახან ეწეოდა. ჩემი უფროსი ძმა თენგიზიც ეწეოდა, უკვე სტუდენტი იყო. დედამ გაუწოდა პაპიროსი თენგიზს და მერე მე გამომიწოდა. არ ვეწევი-მეთქი. მე ხომ ვნახე, რომ ეწევიო. არ ვეწევი-მეთქი, გავუმეორე და ამის შემდეგ მართლაც არასდროს მომიწევია.
სკოლაში ცუდად ვსწავლობდი. პირველ კლასში გოგონები და ბიჭები ერთად ვიყავით, მერე გაგვყვეს. ჩემ გვერდით დასვეს გოგონა და რომ შევხედე, გავწითლდი, შემიყვარდა. მეორე დღეს შინიდან დედას მძივები წავუღე. მომდევნო დღეს სამასწავლებლოში შემიყვანეს, ეს მძივი ვისიაო. დარცხვენილმა ვუპასუხე, დედაჩემის-მეთქი. დაურეკეს. მოვიდა და მოუყვნენ, თქვენი მძივი ერთ გოგონას აჩუქაო. დედამ იკითხა, რომელია ის გოგონაო? მოიყვანეს. დედა მოეფერა და მძივები ჩამოაცვა. აი, ის გოგონა იყო ჩემი პირველი სიყვარული...
როგორ "შეუცვალა" სახელი სტალინმა ნატო ვაჩნაძეს
- თქვენი შემოქმედებიდან რომელია ყველაზე საყვარელი ფილმი?
- ჩემთვის შვილებივით არიან. ვუცდი კრიტიკოსების, კოლეგებისა და ხალხის აზრს. ზოგს "შერეკილები" მოსწონს, ზოგს "არაჩვეულებრივი გამოფენა", ზოგს "სამანიშვილის დედინაცვალი", ზოგსაც "ცისფერი მთები"...
- დღეს რომ ქალბატონი ნატო ცოცხალი იყოს, ფილმში გადაიღებდით?
- ხანდახან მართლაც ვნატრობ, რომ დედა ცოცხალი იყოს. განა იმიტომ, მხოლოდ ფილმში გადამეღო, ვინატრებდი, ერთი ფილმი მაინც ენახა ჩემი ან გიორგისი.
- ნატო თუ ნატა?
- ადრე ნატას ეძახდნენ. კრემლში ქართული დეკადა რომ ჩატარდა, სტალინმა დედას დაუძახა და უთხრა, შენ ნატა არა ხარ, შენ ხარ ნატოო. მერე პორტრეტი აჩუქა, რომელსაც ქვემოთ ეწერა: ამხანაგ ნატო ვაჩნაძეს სტალინისგან. ამის შემდეგ გახდა დედა ნატო ვაჩნაძე.
- ახლა რაზე მუშაობთ?
- 2 სცენარი მაქვს. 3 წელიწადია ვეხვეწები მთავრობას, მომაქციოს ყურადღება. 83 წლის ვარ, რომ ვიყო 50-55 წლისა, პრობლემა არ იქნებოდა. ამ ასაკში კი, არ იცი, უფალი როდის წაგიყვანს.
რობერტ რედფორდის ოჯახი სტუმრად შენგელაიებთან
- ახალ წელთან დაკავშირებით რაიმე ოჯახური ტრადიცია თუ გაქვთ?
- მას შემდეგ, რაც ჩემი ქალიშვილი ელენე გარდაიცვალა, ახალ წელს ოჯახში აღარ ვხვდებით, უმეტესად მეგობრებთან მივდივართ. რთულია ჩემთვის და ჩემი მეუღლისთვის, სადაც ჩვენი შვილი ცხოვრობდა, იმ სახლში წვეულების მოწყობა. ელენესთან ერთად ბევრ ტკბილ და თბილ ახალ წელს შევხვედრივართ.
მაშინ ხილიანზე ვცხოვრობდით, ძველ ბინაში. უამრავი ადამიანი გვსტუმრობდა, მათ შორის რობერტ დე ნირო, მარჩელო მასტროიანი, რობერტ რედფორდი და სხვები.
რობერტ დე ნირო ცოტა თავისებური კაცი იყო, დისტანცია უყვარდა. ტელეგრაფის შენობაში განთავსებულ დარბაზში მიხეილ თუმანიშვილის თეატრისთვის ჩაატარა მასტერკლასი. შემდეგ გვინდოდა, სვანეთში წაგვეყვანა. ქუთაისში რომ ჩავფრინდით, გვითხრეს, ღრუბელია და სვანეთისკენ ვერ გადაფრინდებითო. ამიტომ დავრჩით იქ, ვაჩვენეთ გელათი, ბაგრატის ტაძარი, ვაქეიფეთ, მერე ჩამოვედით თბილისში და კმაყოფილი გავისტუმრეთ.
გარკვეული ხნის შემდეგ მარჩელო მასტროიანი გვესტუმრა. სახლში მოვილხინეთ, ვიქეიფეთ. სმა უყვარდა ძალიან. მერე ვეწვიეთ მედეა ჯაფარიძესა და რეზო თაბუკაშვილს. მახსოვს, მედიკომ შესანიშნავად იმღერა. თაბუკაშვილების შემდეგ გეზი სერგო ფარაჯანოვისკენ ავიღეთ. მთაწმინდაზე ცხოვრობდა, სანამ მანქანა მოძრაობდა, ვიარეთ, მერე ძალიან ვიწრო ქუჩას მივუახლოვდით და ფეხით განვაგრძეთ გზა. გზაში ეზოდან ვედრომომარჯვებული ქალი გამოვიდა. რომ შემოგვხედა, დააგდო და ყვირილი მორთო, მარჩელო ჩამოვიდა ჩვენთან, მარჩელოო, და შევარდა ეზოში. ჩვენ სერგოსთან ავედით. მან მთელი კონცერტი მოაწყო, ასე იცოდა ხოლმე. ფეხსაცმელები აჩუქა. ცალზე მასტროიანი დააწერა, მეორეზე - მარჩელო. თავისი კოლაჟებიც უსახსოვრა. გარეთ რომ გამოვედით, რას ვხედავთ, მთელი უბანი დგას ყვავილებით. მასტროიანიმ მითხრა, იტალიაში რამდენი შეხვედრა მქონია, მაგრამ ასეთი არავის მოუწყვიაო.
"რობერტ დე ნირო ცოტა თავისებური კაცი იყო, დისტანცია უყვარდა. გვინდოდა, სვანეთში წაგვეყვანა. ქუთაისში რომ ჩავფრინდით, გვითხრეს, ღრუბელია და სვანეთისკენ ვერ გადაფრინდებითო. ამიტომ დავრჩით იქ და კარგად ვაქეიფეთ..."
რობერტ რედფორდი: "ქართველები ასეთ სასჯელს არ იმსახურებენ"
რობერტ რედფორდი ოჯახთან ერთად მოსკოვიდან ჩამოფრინდა. ნახეთ, ფოტოზე რედფორდის ოჯახი, მე, გიორგი, ჩემი მეუღლე და ჩემი შვილები ვართ. გზაში მეუბნებოდა, სასტუმროში წავალთ, ძალიან დავიღალეთო. თქვენთვის სპეციალურად კონცერტია დაგეგმილი-მეთქი. სუხიშვილების კონცერტი იყო. მაშინ ოჯახი დავტოვოთ და მე წამოვალო. სასტუმრო "თბილისში" (ახლანდელი "მარიოტი") დავტოვეთ. ძალიან ემოციური კაცი იყო. დაიწყო კონცერტი და პირველივე ცეკვის შემდეგ მთარგმნელს მიუბრუნდა, სასწრაფოდ ჩემი ოჯახი მოიყვანეთო. უყურა, უყურა ქართულ ცეკვებს, ძალიან მოეწონა, ხალხიც ძალიან თბილად შეხვდა, კონცერტის ბოლოს ავარდა სცენაზე და ნინო რამიშვილს ხელები დაუკოცნა. თითქმის მთელი ანსამბლი დაკოცნა. ამ დროს გადაგვიღეს ეს ფოტოც, სადაც სცენაზე ვდგავართ: მე, რედფორდი და თარჯიმანი.
- შემდეგი დღეები როგორ გაატარა?
- დილაობით ალექსანდრეს ბაღში დარბოდა ხოლმე. ერთხელ გავუარე და წავედით პურის სახლში. რომ დაინახა, როგორ აკრავდნენ თონეში ლავაშს, აიჩემა, მეც მინდა პურის ჩაკვრაო. დაიწყო და კინაღამ თონეში ჩავარდა. ფეხებში მოვკიდე ხელი და ამოვათრიე. მერე წავედით ჯვარზე. მცენარეები უყვარს და იღებდა, ახლა კინაღამ იქიდანაც გადავარდა. მერე დეზერტირების ბაზარში გამოვიარეთ, სუნელების ყიდვა უნდოდა. გამყიდველმა ყველანაირი სუნელი შეუხვია და მიაწოდა. რობერტმა ასდოლარიანი გაუწოდა. გამყიდველმა, კინოში გნახეთ და თქვენგან ფულს როგორ ავიღებო? რედფორდი გადაირია, ამერიკაში ასეთი რამ არ ხდებაო...
როცა 9 აპრილის ტრაგედია მოხდა, წერილი გამომიგზავნა: ქართველები არაჩვეულებრივი ხალხია და ასეთი სასჯელის ღირსი არ არიანო! ამდენი ნაცნობი ხელოვანი მყავს და მხოლოდ რედფორდმა გამომიგზავნა მაშინ წერილი.
ეკა სალაღაია