"ნაცმოძრაობა", ნინიები და ეს "ბანბანერკები" მხოლოდ ყვირიან"
"თავისუფლება უზრდელობა ჰგონიათ"
"ესენი სისხლგაწყალებული ქართველები არიან, რომელთაც არც მამულიშვილობასთან, არც ვაჟკაცობასთან, არც პატრიოტიზმთან ხელი არა აქვთ, იმ ცრუმოძღვრების მიმდევარნი არიან, რომელიც ქადაგებს უსამშობლობას, უსქესობას..."
ახალი წლის დღეებში სოციალურ ქსელში გამოჩნდა ცნობილი ადამიანების ახალ-ახალი სტატუსი, რასაც სკანდალების ქარცეცხლი მოჰყვა. საზოგადოების განსაკუთრებული რეაქცია მოჰყვა ჟურნალისტ ნინია კაკაბაძის სტატუსს, რომელმაც პატრიარქს "უზნეო მეშჩანი" უწოდა. არანაკლებ სკანდალური აღმოჩნდა ილიას უნივერსიტეტის ყოფილი რექტორის, გიგი თევზაძის სტატუსი, რომელიც შობა დღეს გამოაქვეყნა: "არ გეწყინოთ, მაგრამ, დღეს, საქართველოში, შობის აღნიშვნა, არის ოკუპანტების მხარდაჭერა და კიდევ ერთი ნაბიჯი დამოუკიდებლობის დაკარგვისკენ".
ამ სტატუსებზე ბევრი ითქვა და დაიწერა. ზოგი აღშფოთდა, ზოგი გინებაზეც გადავიდა...
ზაზა პაპუაშვილი, პარლამენტარი: - ჩვენ სიტყვის თავისუფლების ფასი არ ვიცით, ზოგიერთს თავისუფლება უზრდელობა ჰგონია.
ჩვენთან ყველაფერი მოსულა. ასეთია ნინია კაკაბაძეც - უზრდელი, უსამშობლო, უღირსი. პატრიარქის და სარწმუნოების ლანძღვა თავისუფლებად ეთვლება.
მე მათ "ბანბანერკა" ქართველებს" ვეძახი. ესენი სისხლგაწყალებული ქართველები არიან, რომელთაც არც მამულიშვილობასთან, არც ვაჟკაცობასთან, არც პატრიოტიზმთან ხელი არა აქვთ, იმ ცრუმოძღვრების მიმდევარნი არიან, რომელიც ქადაგებს უსამშობლობას, უსქესობას... ერთს ვიტყვი: "ნაცმოძრაობა", ნინიები და ეს "ბანბანერკები" მხოლოდ ყვირიან. ისინი რუსეთსაც მხოლოდ ხმამაღალი განცხადებებით უპირისპირდებიან. მე კარგად ვიცი, რატომ ვუპირისპირდები რუსეთს - იმიტომ, რომ მან სახელმწიფოებრიობა გამიუქმა, მეფე ჩამომიგდო, ავტოკეფალია წამართვა, ეკლესიები გადამიღება და რაც მთავარია, ჩემს ენას და ტერიტორიებს დაემუქრა... ამათ რატომ ეზიზღებათ რუსეთი, ვერ გავიგე. ესენი ხომ ზუსტად ისე იქცევიან, როგორც დამპყრობლები - ლანძღავენ ეკლესიას, სარწმუნოებას, წინაპრებს, ტრადიციებს... ყველაფრის მაგინებლები არიან. ისინი ბოლშევიკებზე უარესი არიან. როგორ შეიძლებოდა გიგი თევზაძე ლექტორი, მით უფრო რექტორი ყოფილიყო?! ის ბავშვებთან მისაშვები არ არის! ვინმე სახელმწიფო სამსახურში მუშაობას თუ დააპირებს, უნდა ჰკითხო, მისი ლექტორი გიგი თევზაძე ხომ არ იყო. მისი "გაზრდილი" ახალგაზრდა სახელმწიფოს დაღუპავს.
გიორგი გაჩეჩილაძე (უცნობი): - ასეთ თემებზე კომენტარს ნუ მთხოვთ. არ ვცნობ ადამიანებს, ვინც ასე ფიქრობს, ან თავის გამოჩენის მიზნით ასე ლაპარაკობს. ყველამ კარგად იცის, ვინ არის ამ ქვეყანაში ყველაზე პატივსაცემი ადამიანი. არ შემიძლია ასეთ სისულელეებზე რამე ვთქვა.
ადამიანმა რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გააკეთოს, ლაპარაკის უფლება რომ ჰქონდეს. კონკრეტულ გვარებსა და სახელებთან პრეტენზია არ მაქვს. მე იმაზე ვწუხვარ, რომ დღეს იძულებული ვართ, ასეთ საკითხებზე ვილაპარაკოთ.
ეკა სალაღაია