"სოფო ნიჟარაძის ადგილას საზოგადოებაში გამოჩენას მოვერიდებოდი"
მომღერალ სოფო ნიჟარაძის გამოჩენას პროექტ "ნიჭიერის" ჟიურის საპატიო წევრად, სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.
ბევრს სააკაშვილი-ნიჟარაძის საუბრის სკანდალური აუდიოჩანაწერი გაახსენდა (აღსანიშნავია, რომ მის ავთენტურობას ნიჟარაძე არ ადასტურებს). სოციალური ქსელის მომხმარებელთა ნაწილი მიიჩნევდა, რომ ნიჟარაძის გამოჩენა მის რეაბილიტაციას ემსახურებოდა. ნაწილი კი ამტკიცებდა, რომ მას არაფერი ჩაუდენია, რომ საზოგადოებაში გამოჩენის შერცხვენოდა. თუმცა, მაგალითად, მხატვარი ნიკუშა შენგელაია მიიჩნევს, რომ ნიჟარაძე საზოგადოებაში გამოჩენას უნდა მორიდებოდა.
- წლების განმავლობაში ხელოვანებს პოლიტიკური სიმპათიების მიხედვით ახარისხებდნენ. ამან იმდენად მასშტაბური ხასიათი მიიღო, რომ ყოველგვარ ზნეობრივ ჩარჩოებს გასცდა... როგორც კი ხელისუფლება შეიცვალა, ვითარებამაც რადიკალურად განსხვავებული სახე მიიღო, დღეს არავინ არჩევს "ამისიანსა" თუ "იმისიანს", თუმცა, ვიღაცები მაინც ცდილობენ, კონკრეტული ადამიანების "გარეცხვას". ყველა ხელოვანმა თავის გულში ჩაიხედოს და ნამუსს ერთხელ მაინც მოუხმოს. არავის მსაჯული არ ვარ, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობისგან" საზოგადოების შეურაცხყოფა არ დასრულებულა... ნიჟარაძე-სააკაშვილის საუბრის შემდეგ კეთილსინდისიერი ადამიანი საზოგადოებაში გამოჩენას მოერიდებოდა, მაგრამ ყველა თავისი შეგნებიდან გამომდინარე მოქმედებს.
- ადამიანის უფლებაა, თავად გადაწყვიტოს, გამოჩნდეს საზოგადოებაში თუ არა.
- უფლებებზე არ ვსაუბრებ, აქ მორალური მხარეა მთავარი. დიახ, სოფო ნიჟარაძის ადგილას საზოგადოებაში გამოჩენას მოვერიდებოდი. ყველაფერი ხალხმა განსაჯოს. ხალხი, მოგეხსენებათ, ბრძენია და ყველაფერს იმახსოვრებს, მათ შორის იმასაც, ვის არ აწუხებს სისხლის ღვრაზე საუბარი. საქართველოში ბავშვმაც კი იცის, რომ "რუსთავი 2" ერთი პოლიტიკური ძალის პროპაგანდისტული მანქანაა, მაგრამ რას ვიზამთ, ასეთია დემოკრატია. ხალხმა, დიდი ხანია, ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა და ამას "ნაციონალური მოძრაობის" დროს შექმნილი მიუზიკლითა თუ რომელიმე შოუში გამოჩენით ვერ გადაფარავენ. თუმცა, მე ბევრს ვერ ვილაპარაკებ, ინტერნეტსივრცეში ამ ამბავს ისეთი გამოხმაურება მოჰყვა, რომ ზოგიერთის მაგივრად მრცხვენია.
"სტო პრო სისხლის ღვრა იქნება, ქინძი ვიყო"
ამონარიდი სააკაშვილი-ნიჟარაძის საუბრის აუდიოჩანაწერიდან.
სააკაშვილი: მანდ სისხლის ღვრა იქნება, რომ იცოდე...
ნიჟარაძე: რა პონტში, აქა, ჩვენთან?
სააკაშვილი: აბა...
ნიჟარაძე: ხო, ალბათ იქნება.
სააკაშვილი: სტო პრო იქნება, ქინძი ვიყო.
ნიჟარაძე: ხო, მარა რაღაცნაირად არის, პასიურობენ, ცოტა ეშინიათ.
სააკაშვილი: ვისა?
ნიჟარაძე: ჩვენებს.
სააკაშვილი: ხო, ეს თავიდან ყოველთვის ასეა. რო იქნება, მერე ნახავ. ნოდარ მელაძე გახდება ფილდ-კომანდერი.
ნიჟარაძე: ნოდარ მელაძეა ყველაზე ჩა.... სუნი ასდის შორიდან.
რუსუდან შელია