რატომ ეწვია სენატორი კენედი "დეზერტირების" ბაზარს
"კენედი ამ ვიზიტის დროს გოგირდის აბანოშიც ყოფილა და ისე მოსწონებია, საათი მოუხსნია და უჩუქებია მექისესთვის, რომელმაც იგი გვარიანად დაზილა..."
ცენტრში ედუარდ კენედი. სულ წინ გენერალი ნოდარ მაისურაძე (ვასილ ინაურის მოადგილე), კენედის გვერდით, სათვალიანი, მისი თარჯიმანია. მის გვერდით ნინა ჟვანია (იმ დროს კალინინის რაიონის რაიკომის მდივანი იყო); მეორე მხარეს, კენედისგან მარცხნივ, თბილისის კა-გე-ბეს უფროსი, პოლკოვნიკი დურმიშხან გაგუაა, უკან კი - პოეტი-აკადემიკოსი ირაკლი აბაშიძე. მაშინ ის საქართველოს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, კომპარტიის ცკ-ის წევრი და დეპუტატი იყო. ირაკლი აბაშიძის გვერდით თბილისის უნივერსიტეტის რექტორი დავით ჩხიკვიშვილია. უკანა პლანზე თეთრხალათიანი, "დეზერტირების" ბაზრის დირექტორი ჩოხელი გახლავთ. შესაძლოა, ამ სტატიის დაბეჭდვის შემდეგ ბევრი გამოგეხმაუროთ და ფოტოზე გამოსახული სხვა ადამიანების ვინაობაც გაცხადდეს, ან სულაც ამ ფოტოსთან დაკავშირებული ისტორია გვიამბონ, რომელიც ჩვენ არ ვიცით
"ხანდახან ერთი ფოტო მეტს გვიამბობს წარსულზე, ვიდრე უამრავი მშრალი კადრი. მადლობა ღმერთს, ახლა მეტი შეგვიძლია ჟურნალისტებს, ვიდრე კომუნისტურ წარსულში, მკაცრი ცენზურის პირობებში ჰქონდათ", - ასე დავიწყე საუბარი ჩემს კოლეგა მაია რამიშვილთან, რომელსაც ხელთ ჩაუვარდა 1974 წელს გადაღებული ფოტო, სადაც ასახულია, როგორ მოაბიჯებს სენატორი ედუარდ კენედი თბილისის დეზერტირების ბაზარში.
- პროექტ "საუკუნის პორტრეტებზე" მუშაობისას კერძო არქივებში ვმუშაობდი - ოჯახებში მივდიოდით და საინტერესო მასალას ვეძებდით. ამ ფოტოსაც შემთხვევით წავაწყდი. სამწუხაროდ, არ მახსოვს, რომელ ოჯახში. საზოგადოებრივი მაუწყებლის ვიდეოარქივ "მატიანეს" კარგად ვიცნობ და ედუარდ კენედის საქართველოში სტუმრობის შესახებაც ვიცოდი, მაგრამ "მატიანეში" ძალიან მწირი ინფორმაცია იყო - ძირითადად, აეროპორტში დახვედრის კადრები, საზეიმო შეხვედრა პიონერთა სასახლეში და ანსამბლ "მზიურთან". ეს ფოტო რომ ვნახე, მივხვდი: იყო კიდევ რაღაც, რაც ან არ აჩვენეს, ან "მატიანემ" არ შემოინახა.
- ჩანს, საგანგებოდ მომზადებულან სენატორ კენედის დასახვედრად. "დეზერტირების" ბაზარში საგულდაგულოდ მორეცხილი იატაკი ისევ სველი ჩანს...
- გამყიდველებიც საგანგებოდ გამოწყობილები ჩანან. ჩემი ბავშვობიდან არ მახსენდება თეთრხალათიანი ან თეთრწინსაფრიანი გამყიდველები...
- ამ დროს რესპუბლიკის პირველი პირი საკავშირო პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატი ედუარდ შევარდნაძე იყო. საინტერესოა, რატომ არ ახლავს იგი სტუმარს?
- როგორც ჩანს, ეს გასვლა პროტოკოლით გათვალისწინებული არ იყო და ამიტომაც არ არის შევარდნაძე.
ეს ფოტო რამდენიმე ხნის წინ ავტვირთე სოციალურ ქსელში და დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ერთმა მომწერა, კენედი ამ ვიზიტის დროს გოგირდის აბანოშიც ყოფილა და ისე მოსწონებია, საათი მოუხსნია და უჩუქებია მექისესთვის, რომელმაც იგი გვარიანად დაზილა. თუმცა, ამ ფაქტის დამადასტურებელი კადრი ვერ მოვიძიე.
ეკა სალაღაია