"მიმატოვეს და გამწარებულმა, 5 დოლარით ჯიბეში, დავტოვე საქართველო"
"ჩემი შვილი ნიკოლას ტაგი 2 წლის და 10 თვისაა. მეუღლე თეიმურაზი ჩემი პროდიუსერი, მეგობარი და კარგი მამაა"
"აბსოლუტური შოკი იყო, როცა ობრაზცოვა ამოვიდა სცენაზე, ბეჭედი წაიძრო (პლატინასა და ოქროში ჩასმული უზარმაზარი ტოპაზი 22 ბრილიანტით) და თითზე გამიკეთა"
ვერის სასაფლაოსთან ერთ ჩვეულებრივ, საბჭოთა დროინდელ 9-სართულიან კორპუსში ატარებს თავის თბილისურ დღეებს ნუცა შანშიაშვილი. მისთვის ეს სახლი მშობლიურია. აქ მას ყველა იცნობს. აქაურებისთვის 20 წლის რომ იყო, ნუცა დღესაც ისეთია. ტაქსის მძღოლი თუ მაღაზიის გამყიდველი, ყველა მიგანიშნებს მის ბინას... ნუცა კარს მიღებს. სამზარეულოში ვსხდებით და ფინჯანი ყავის თანხლებით ვიწყებთ საუბარს.
- 6 წელია, რაც საქართველოში არ ვყოფილვარ. მესმოდა, ძალიან ცუდი მდგომარეობაა, ხალხს ძალიან უჭირსო. იმედია, გამოკეთდება ვითარება. თუმცა თბილისი ულამაზესია. თითქოს ევროპის რომელიღაცა ქალაქში ვარ. საოცარი არქიტექტურაა. ტრანსფორმაცია, ძველისა და ახლის შერწყმა, ძალიან საინტერესოა.
20 წელია ნიუ-იორკსა და მოსკოვში ვმოღვაწეობ. გჯერათ, რომ ახლა ნიუ-იორკში, იმ ქალაქში, რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარს, არ მინდა წასვლა? თბილისში დიდხანს მინდა დავრჩე, აქ არის რაღაც ჯადოსნური ურთიერთობები, სიყვარულით გაჟღენთილი ჰაერი, რომლის მსგავსი არსად არის დედამიწაზე.
ახლახან მოსკოვში შეხვედრა მქონდა ცნობილ სასულიერო პირთან, არტემ ვლადიმიროვთან. მის ლექსებზე დავწერე სიმღერები, რომლებიც დისკად გამოუშვეს. რომ იცოდეთ, რა სითბოთი წარმადგინა მან. სუფრასთან იურისტი ქალი, მარინა რენარი იჯდა. წამოდგა და მომიბოდიშა, - მაპატიოს ყველა ქართველმა იმ არასწორი რუსული პოლიტიკისთვის, რამაც ჩვენ ქართველებთან დაგვაშორა, განვიცდი, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის დღეს მტრობააო. გავგიჟდი, რუსები რა სიტყვებს ამბობდნენ საქართველოზე, რამხელა სიყვარულს გამოხატავდნენ. მერე ყველამ ფეხზე წამომდგარმა შესვა საქართველოს სადღეგრძელო. თუმცა ბოლოს ვიღაც გამწარებული ჩინოვნიკი წამოდგა, - გადაირია, საქართველოზე ამდენი კარგი რომ მოისმინა და რიხიანად წარმოთქვა, - მინდა ახლა ვლადიმირ პუტინის სადღეგრძელო შევსვაო. გვერდით მჯდომმა კი ცინიკურად გადაულაპარაკა, - ნუ გეშინია, ყველაფერი ჩაწერილია, ყველამ გაიგო შენი სიტყვები, ახლა დაწყნარდი და დაჯექიო...
ჩემი მოგონილი არ არის, რომ კარის მეზობელთან ურთიერთობა არ უნდა გაიფუჭო. თუმცა, თუ ის ხანჯლით შემოგივარდა, თავდაცვის უნარი უნდა გქონდეს. მე ქვეყნებს შორის ურთიერთობის დიპლომატიურ კურსს ავირჩევდი, მაგრამ თუ მაინც უნდა დამგლიჯო, ქვეყანა წამართვა და დამიმონო, რა თქმა უნდა, კატეგორიული და დაუნდობელი ვიქნებოდი. დღეს სრულიად მსოფლიო ხალხს "აბოლებს". ჩვენ რაც გვჭირს, მსოფლიო პოლიტიკის შედეგია. იზრდება მეტი ფულის წაგლეჯის მოთხოვნა, ომი კი ამის საუკეთესო საშუალებაა, ამ გზით ადვილია ფულის კეთება...
რა კარგია, სასაფლაოს რომ გაჰყურებს ჩემი ფანჯრები. გავხედავ და ყველა პრობლემა მავიწყდება. ბოლოს ხომ ყველანი იქ მივდივართ. როგორ შეიძლება, არ დაუსვა საკუთარ თავს კითხვა: რატომ გავჩნდი? როგორ უნდა მოვიქცე, რომ წუთისოფელი ბედნიერად განვვლო? ეს კითხვა უნდა დაისვას ყველას გულში...
- პოლიტიკაში არაერთი ხელოვანი გვიხილავს. თქვენ თუ დაინტერესდებოდით ოდესმე ამით?
- პოლიტიკაში არასდროს წავიდოდი! თუ წავიდოდი, ამოვატრიალებდი ყველაფერს და ალბათ, ერთ თვეში მომკლავდნენ...
- იმედი თუ გაგცრუებიათ ოდესმე...
- 20 წლის ვიყავი, როცა თბილისის სამხატვრო აკადემიას ვამთავრებდი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ვუყვარდი, ჩემმა რჩეულმა ქორწინებისგან თავი შეიკავა, ამისთვის მზად არ ვარო. მაშინ რომ არ მივეტოვებინე, შესაძლოა, დღეს სხვაგვარად მეცხოვრა. გამწარებულ გულზე, 5 დოლარით ჯიბეში, არ გავემგზავრებოდი მოსკოვში, არ ვიმღერებდი ბარებში, არ იქნებოდა ჩემს კარიერაში ედიტ პიაფი, რამაც ძალიან დიდი სახელი მომიტანა. ამას არ მოჰყვებოდა ჩემი სოლო კონცერტები ამერიკაში. არც ნიუ-იორკის "მილენიუმში", 2000-კაციან დარბაზში 5 დამატებითი კონცერტი მექნებოდა, არც ბროდვეიზე კონცერტები და არც საოცრად საინტერესო ცხოვრება... ჩემთვის აბსოლუტური შოკი იყო, როდესაც მოსკოვში, ედიტ პიაფის შესრულებისას ელენა ობრაზცოვა ამოვიდა სცენაზე, ბეჭედი წაიძრო (პლატინასა და ოქროში ჩასმული უზარმაზარი ტოპაზი 22 ბრილიანტით), თითზე გამიკეთა და მითხრა - მე ვტირი და მადლობელი ვარ იმისთვის, რომ ასეთი ხარო.
- როგორი დედა ხართ?
- ჩემი შვილი ნიკოლას ტაგი 2 წლის და 10 თვისაა. ვცდილობ, არაფერი მოვაკლო, თუმცა ისეთი დედა არ ვარ, ენისმოჩლექით რომ დასდევენ შვილებს... მეუღლე თეიმურაზი ჩემი პროდიუსერი, მეგობარი და კარგი მამაა. ტაგი ძველი რუსული გვარია. ივანე მრისხანე თურმე ამ გვარს გამორჩეულ თავადებს ჩუქნიდა...
- როგორი დიასახლისი ხართ?
- თეიმურაზს ჩახოხბილი უყვარს და ვუმზადებ. კიდევ, გოჭზე გიჟდება.
- რა არის ადამიანისთვის მთავარი?
- უსიყვარულოდ ღირებული არაფერი იქმნება. აუცილებელია საკუთარ თავთან ჰარმონიაში ყოფნა. ყოველი დღე ადამიანისთვის დღესასწაული უნდა იყოს.
ეკა სალაღაია