"აფხაზეთიდან სასიკვდილოდ განწირული 80 ჩვილი გადმოიყვანეს" - კვირის პალიტრა

"აფხაზეთიდან სასიკვდილოდ განწირული 80 ჩვილი გადმოიყვანეს"

"პირად საუბრებში ხშირად ამბობენ: ყველაზე მეტად, ქართველები გვაკლიაო. საოცარი ნდობა აქვთ ქართველი ექიმების მიმართ"

ჟურნალმა "გზამ" გამოაქვეყნა ინტერვიუ ცნობილ და წარმატებულ ნეიროქირურგ კობა გელაშვილთან, რომელიც ერთ-ერთი იმათგანია, ვინც თითო და აუცილებელ აგურს დებს ქართულ-აფხაზური ურთიერთობის მშენებლობაში.

რამდენიმე წელია, რაც ბატონი კობა სოხუმის მოსახლეობას სამედიცინო დახმარებას უწევს, ურთულეს ოპერაციებს უკეთებს და თან, სრულიად უანგაროდ.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

კობა გელაშვილი:

- როდესაც გადაწყდა, რომ კონფლიქტის ზონაში უნდა წავსულიყავით, ჩვენი საავადმყოფოს დირექტორმა იკითხა, უსაფრთხოება რამდენად იქნებოდა უსაფრთხოება. ქართველმა ძალოვანებმა უთხრეს: თუ იქ ექიმები გადავლენ, ერთი პროცენტიც არ არსებობს, რომ ვინმემ მათ რაიმე ზედმეტი უთხრას. პრეზიდენტს შეშურდება, ისეთ ყურადღებას მიაქცევენო...

ჩემი უახლოესი მეგობარია ოთარ მარშავა, რომელიც ნებისმიერ დროს მზად იყო აფხაზეთში წასასვლელად. ის იქ ძალიან უყვართ. რომ ჩავდიოდით, ხალხი სპეციალურად გამოდიოდა ქუჩაში, ქართულწარწერიანი ჩვენი მანქანა რომ დაენახა... ცოტა ხნის წინ, დეიდაშვილი გარდამეცვალა. მისი დაკრძალვის დღეს დამირეკეს, - სასწრაფო ოპერაციაა გასაკეთებელიო. დეიდაშვილი დავკრძალეთ თუ არა, მაშინვე წავედი აფხაზეთში. იქ რომ გაიგეს, გასვენებიდან პირდაპირ მათთან მივედი, ძალიან დიდი პატივით მიმიღეს. მერე რესტორანში წავედით და იქაც ხალხმა რომ გაიგო, ქუთაისიდან ჩასული ექიმები ვიყავით, ყველას უნდოდა, რაღაც ფორმით, ჩვენ მიმართ პატივისცემა გამოეხატა. სხვათა შორის, პირად საუბრებში ხშირად ამბობენ: ყველაზე მეტად, ქართველები გვაკლიაო. საოცარი ნდობა აქვთ ქართველი ექიმების მიმართ.

- რამდენად ხშირია მომართვიანობა?

- მომართვიანობა საკმაოდ დიდია და ქართული მხარეც ზრუნავს მათი ჯანმრთელობის დაზღვევაზე. თითქმის უსასყიდლოდ ვემსახურებით. ერთხელ აფხაზეთიდან სასიკვდილოდ განწირული 80 ჩვილი გადმოიყვანეს და ოთხმოცივე სრულიად გამოჯანმრთელებული დავაბრუნეთ უკან...

იხილეთ სრულად