"ნიკას მეუღლე დღედღეზე ელოდება პატარას..." - საზარელ ავარიას გადარჩენილ ბიჭს დახმარება სჭირდება - კვირის პალიტრა

"ნიკას მეუღლე დღედღეზე ელოდება პატარას..." - საზარელ ავარიას გადარჩენილ ბიჭს დახმარება სჭირდება

"ნიკას ხანშიშესულმა მშობლებმა, რომლებიც სანთელივით შესცქერიან ერთადერთ ვაჟს, ბოლო რესურსები ამოწურეს, მაგრამ აღარ აქვთ რეანიმაციის ყოველდღიური გადასახადების დაფარვის საშუალება"

20 თებრვალს უჯარმაში მორიგი ავტოკატასტროფის დროს 6 ადამიანი დაიღუპა. ბოლო 2 თვის განმავლობაში ეს მესამე ავტოკატასტროფაა, როცა ავტოსაგზაო შემთხვევებს ერთდროულად 5 და მეტი ადამიანი შეეწირა. უჯარმასთან დატრიალებული ტრაგედიისას დაღუპულთა შორის ერთია შედარებით ასაკოვანი, დანარჩენები ახალგაზრდები არიან, რომელთა შორის ორი  - 7 და 12 წლის ბავშვები არიან. ავტოკატასტროფის ხუთი მსხვერპლი სოფელ გომბორში ცხოვრობდა. (იხილეთ ვრცლად: "საშინელი ტრაგედია ტრიალებს - ერთი ოჯახიდან ხუთი ადამიანი დაიღუპა" - რა მოხდა უჯარმის ციხესთან?!)

ორივე მანქანაში მსხდომი 7 ადამიანიდან ერთადერთი - ნიკო ნადირაშვილი გადარჩა, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია.

ახალგაზრდის სიცოცხლის გადასარჩენად ოჯახს ფინანსური დახმარება ესაჭიროება. ამის შესახებ "ფეისბუქზე" განცხადებას ავრცელებს ნიკო ნადირაშვილის ბიძაშვილი: "თითოეული ვაჟკაცის სიცოცხლე ხომ ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია! ქვეყანაში შექმნილი მძიმე შეჭირვებული მდგომარეობის ფონზე ძნელია ქველმოქმედების გაღება, მაგრამ ძვირფასო საზოგადოებავ, მოგმართავთ უმორჩილესი თხოვნით, გამოიჩინეთ გულმოწყალება ახალგაზრდა კაცის სიცოცხლის გადასარჩენად.

მოგეხსენებათ, 20 თებერვალს უჯარმაში, მოხდა უმძიმესი ავტოკატასტროფა, 7 მგზავრიდან დაიღუპა 6 (მათ შორის ბავშვები). შემხვდური მანქანიდან მხოლოდ ერთი უდანაშაულო მგზავრი გადარჩა, 26 წლის ნიკა ნადირაშვილი (ჩემი ბიძაშვილი), რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში ებრძვის სიკვდილს. იმყოფება კომატოზურ მდგომარეობაში მცხეთაში, ჯეო-ჰოსპიტალში. დაზიანებული აქვს შინაგანი ორგანოები (ღვიძლი, ელენთა, ფილტვი,თირკმელი), ჩაუტარდა ოპერაცია. ნიკას ხანშიშესულმა მშობლებმა, რომლებიც სანთელივით შესცქერიან ერთადერთ ვაჟს, ბოლო რესურსები ამოწურეს, მაგრამ აღარ აქვთ რეანიმაციის ყოველდღიური გადასახადების დაფარვის საშუალება (საკმაოდ სოლიდური თანხა - დღეში 700 ლარი), გარდა ამისა კიდევ გასაკეთებელი აქვს მორიგი ოპერაციები. ნიკას მეუღლე დღედღეზე ელოდება პატარას... იქნებ ჩვენი ერთობლივი თანადგომით და ფინანსური შემწეობით გადავარჩინოთ გაუბედურებას კიდევ ერთი ქართული ოჯახი!" - წერს ნიკა ნადირაშვილის ახლობელი ფეისბუქზე და ანგარიშის ნომერს აქვეყნებს, რომელზეც მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ:

ანგარიშსწორების ანგარიში: GE91LB0711119795084001

ბანკის კოდი: LBRTGE22

მიმღების დასახელება: თამარი ნადირაშვილი