"არ მაქვს სქელი ფარდები, რადგან მიყვარს მზე, სინათლე, სითბო"
სალომე ბაკურაძის კომფორტული ბინა, რომელიც თავად დააპროექტა
თუ ცნობილი ადამიანების რეალური საცხოვრებელი ადგილი გაინტერესებთ, "შინ" გაძლევთ შანსს, ერთად გავიგოთ, როგორ გარემოში ცხოვრობენ ისინი, სად გრძნობენ თავს კომფორტულად, როგორია მათი საოცნებო სახლი. ამჯერად სალომე ბაკურაძის თბილი, ნათელი და გემოვნებით მოწყობილი ბინა დავათვალიერეთ.
- ამ ბინაში დაახლოებით სამი წლის წინ გადმოვედი, თუმცა გაცილებით ადრე შევიტანე სამშენებლო კომპანიაში საბუთები. იმ დროისთვის დეიდაჩემთან ვცხოვრობდი სოლოლაკში, არაჩვეულებრივ ადგილას, ბეთლემის აღმართზე. თუ მექნება საშუალება, რომ ავიშენო დიდი სახლი, აუცილებლად ავიშენებ ძველ თბილისში, რომელსაც ერქმევა ჩემი სახელოსნო-სტუდია, შევქმნი ძალიან მყუდრო და ნათელ გარემოს, გავუმასპინძლდები ბევრ სტუმარს. თუმცა აქაც არაჩვეულებრივად ვგრძნობ თავს, ძალიან უყვართ ჩემს მეგობრებს ჩემთან სტუმრობა, შესაბამისად, აქ ხშირად ვიკრიბებით.
მშენებლობა-რემონტის საკითხის მთელი სირთულეები საკუთარ თავზე ავიღე. მოვიკითხე ახლობლებში, მეგობრებში საუკეთესო ხელოსნები, საქმის პროფესიონალები, შევკრიბე არაჩვეულებრივი გუნდი და მათ მივანდე რემონტის საკითხი, თუმცა ვაკონტროლებდი და ყველაფერი ჩემი მოთხოვნით კეთდებოდა. მართალია, სარემონტო მასალებზე სიარული მე არ მიწევდა, ხარისხი იყო, ფერები თუ დიზაინი, ყველაფერი ჩემი გემოვნებით შეირჩა. მაშინ გათხოვილი არ ვიყავი, ამიტომ ჩემი მეგობრები მეხმარებოდნენ, მაკვალიანებდნენ, მათი რჩევების საფუძველზე და ჩემი დიდი ძალისხმევით საბოლოოდ გამოვიდა ის, რასაც ხედავთ. არც მიფიქრია, დიზაინერისთვის მიმემართა, მირჩევნია, მე გადავწყვიტო, როგორ გარემოში ვიგრძნობ თავს უფრო კომფორტულად. ძალიან მიყვარს დიდი და ნათელი ბინები, მოყვითალო, თბილი განათებით. ვგიჟდები ღია ფერებზე. ძალიან მინდა მქონდეს დიდი სახლი, აუზით, ულამაზესი ტერასით და გამწვანებული, ყვავილებიანი ეზოთი. იმედი მაქვს, ამ სურვილს ავისრულებ.
ჩემი სახლი სტუდიოს ტიპისაა. ყველანაირად ვეცადე, მინიმალისტური, პრაქტიკული და მოსახერხებელი გამოსულიყო. სივრცე მაქსიმალურად გამოვიყენე, ყველა კარადა ჰოლშიც და საძინებელშიც კედელში ჩავამონტაჟებინე. საერთო ოთახში დგას რბილი სამეული. შემთხვევით ვნახე მაღაზიაში, მხოლოდ ერთი იყო დარჩენილი, ჯერ რემონტი დასრულებული არ იყო, ამიტომ შევანახვინე. ძალიან მოუხდა ოთახს, ფუნქციურადაც ძალიან მოსახერხებელია.
ოთახში პატარა ჟურნალების მაგიდა მაქვს, წინ კი ტელევიზორის კედელი, რომელზეც დაკიდებული კარადებია. თაროებზე ძირითადად ნახავთ პატარა მინიატიურების და სასმელების კოლექციას. თუ სადმე მივდივართ საზღვარგარეთ, აუცილებლად ჩამოგვაქვს სუვენირი და მაცივარზე დასაკრავები.
ჩემთვის ძალიან ძვირფასია ოქროსფერი ვიოლინოს გასაღები, რომელიც მოლდავეთში მივიღე ,,მეგობრული სახეების" კონკურსში. მომწონს გამჭვირვალე ჭურჭელი, ვფიქრობ, ეს გამჭვირვალე დოქი და ლარნაკები ვიზუალურად ადიდებს და ანათებს ოთახს. იატაკზე შეამჩნევდით ჭიამაიას. ზოგადად ჭიამაია ძალიან მიყვარს, ამიტომ შევიძინე და ყოველთვის პოზიტიურ განწყობაზე მაყენებს. შავი სპილო სანათს ორიგინალურობას მატებს. ოთახი დიდი რომ გამოჩენილიყო, კედლებიც და ფარდებიც ღია, ნეიტრალურ ფერში შევაღებინე...
სამზარეულოს კარადა, ბარის მაგიდა, სკამები ჩემი დიზაინით ამიწყვეს. როცა დრო მაქვს, ყოველთვის მიწევს სამზარეულოში ტრიალი, ამიტომ ვეცადე, ხალასი და პოზიტიური ფერები შემეხამებინა, სივრცე კი კომფორტული ყოფილიყო.
ყველაზე მეტად მომწონს და მიყვარს ჩემი საძინებელი, აქ მშვიდად ვგრძნობ თავს. მყუდრო და თბილია. ოთახში დგას ორადგილიანი საწოლი, ტანსაცმლის კარადა კი კედელშია ჩამონტაჟებული. საწოლთან მაქვს დამატებითი განათება. არ მაქვს სქელი ფარდები, რადგან მიყვარს დღის შუქი, მზე, სინათლე, სითბო. მზე ამოსვლისთანავე ჩემს ოთახს ანათებს, მაგრამ ეს არასოდეს მაწუხებს...
კედელზე ხედავთ საათს ჩემი სურათით, რომელიც მეგობრებმა მაჩუქეს. ჩემი მეგობარი სარეკლამო კომპანიაში მუშაობს და მან გააკეთებინა. უნდოდათ, რამე ორიგინალური და განსხვავებული ეჩუქებინათ და ნამდვილად გამოუვიდათ.
მერი ბლიაძე
ჟურნალი "შინ"