"მაესტროს" თანამშრომლები ბაია გადაბაძეს თავდასხმასა და საქმიანობაში ხელის შეშლაში ადანაშაულებენ - კვირის პალიტრა

"მაესტროს" თანამშრომლები ბაია გადაბაძეს თავდასხმასა და საქმიანობაში ხელის შეშლაში ადანაშაულებენ

"დადგა დრო, რომ მხარეებმა, რომლებიც მონაწილეობენ დავაში, რომლებიც "მაესტროს" იმიჯს ბღალავენ, შეურაცხყოფენ, დასვან წერტილი"

ტელეკომპანია "მაესტროს" ირგვლივ განვითარებული ნეგატიური პროცესები გრძელდება.  "სტუდია მაესტროს" თანამშრომლები კომპანიის ყოფილ დირექტორს, ეთერ (ბაია) გადაბაძეს თავდასხმასა და საქმიანობაში ხელის შეშლაში ადანაშაულებენ.

როგორც "სტუდია მაესტროს" თანამშრომლების განცხადებაშია ნათქვამი, გადაბაძე თავისი შეხედულების საფუძველზე განსაზღვრავს თანამშრომლებიდან ვინ უნდა დაუშვას "მაესტროს" შენობაში და ვინ - არა, თანამშრომლების ნაწილს აიძულებს დაწეროს განცხადება "მაესტროდან" წასვლაზე.

"მივმართავთ შპს "სტუდია მაესტრო"-ს დირექტორს, დამფუძნებლებს - მამუკა ღლონტს, ეკა აკობიას, გია გაჩეჩილაძეს, მაკა ასათიანს, საქართველოში არსებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, ადამიანის უფლებათა და დასაქმებულთა შრომის დაცვის სფეროში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს. ჩვენ, შპს "სტუდია მაესტრო"-ს თანამშრომლები, რომლებიც კეთილსინიდისერად ვასრულებდით ჩვენზე დაკისრებულ მოვალეობებს, არ ვერეოდით პარტნიორებს შორის მიმდინარე დავაში, რომელიც, ჩვენი აზრით, არ უნდა ეხებოდეს თანამშრომლებს. შექმნილ სიტუაციაში ჩვენთვის მორალურად და ფსიქოლოგიურად ისედაც მძიმეა დაკისრებული მოვალეობის შესრულება.

ბოლო ერთი კვირაა კომპანიის ყოფილი დირექტორის, ეთერ გადაბაძის მხრიდან გახშირდა ჩვენზე თავდასხმები და საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები. ის თავისი შეხედულების საფუძველზე განსაზღვრავს თანამშრომლებიდან ვინ უნდა დაუშვას მაესტროს შენობაში და ვინ არა, თანამშრომლების ნაწილს აიძულებს დაწეროს განცხადება მაესტროდან წასვლაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეთერ გადაბაძე მათ უკრძალავს შენობაში შესვლას. სამწუხაროდ, იყო არაერთი ფაქტიც თანამშრომლების სიტყვიერი შეურაცხყოფის, რომლებმაც უარი თქვეს "მაესტროდან" გადასვლაზე. გარდა ამისა, ეთერ გადაბაძე ჩვენი, როგორც თანამშრომლების სახელს უსაფუძვლოდ იყენებს საჯარო განცხადებების გაკეთებისას. აღნიშნული ქმედებებით ეთერ გადაბაძემ გაყო თანამშრომლები ორ ნაწილად და ერთმანეთს დააპირისპირა. ვფიქრობთ, რომ ეთერ გადაბაძე აღნიშნული ქმედებებით ცდილობს შეაფერხოს შპს "სტუდია მაესტრო"-ს ტელემაუწყებლობა. მოგიწოდებთ, შეისწავლოთ შპს "სტუდია მაესტროს" თანამშრომლების უფლებების დარღვევის და ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტები. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი შრომითი უფლებები დაცული იქნება, მაესტრო მომავალშიც გააგრძელებს შეუფერხებელ მაუწყებლობას, ხოლო პარტნიორებს შორის არსებული დავები არ შეგვეხება თანამშრომლებს",- ნათქვამია განცხადებაში.

შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა  "სტუდია მაესტროს" დამფუძნებელი ეკა აკობია, რომელიც ტელეკომპანია "მაესტროს" დავაში მონაწილე პირებს "მაესტროს" გადასარჩენად მოლაპარაკებებს სთავაზობს. როგორც ეკა აკობიამ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა "მაესტროს" იმიჯი საგრძნობლად დააზარალა. მისივე თქმით, სწორედ იმიტომ, რომ ის არ წარმოადგენს არც ერთ მხარეს, გამოდის ინიციატივით, მხარეებმა დაპირისპირება "ცისფერი ეკრანებიდან" გადაიტანონ კაბინეტებში და დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკებები დაიწყოს.

"მე ჩემს თანამოაზრეებთან ერთად დავაფუძნე "მაესტრო" და ვიზრუნე იმაზე, რომ ამ ტელეკომპანიას შექმნოდა იმიჯი. ჩემდა სამწუხაროდ, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, ეს იმიჯი საგრძნობლად დააზიანა. დღეს დადგა დრო, რომ მხარეებმა, რომლებიც მონაწილეობენ დავაში, რომლებიც "მაესტროს" იმიჯს ბღალავენ, შეურაცხყოფენ, დასვან წერტილი. ვფიქრობ, დადგა დრო, მედიამფლობელებმა გაიხსენონ, რომ მედია არ არის ჩხუბის ტირაჟირების ადგილი. ჩვენგან მაყურებელი ელის დაბალანსებულ, ობიექტურ ინფორმაციას. ეს არ არის მფლობელთა ჩხუბის პოლიგონი. მე არ წარმოვადგენ არც ერთ მხარეს, არც მაკა ასათიანის და არც გია გაჩეჩილაძის მხარეს და ამ დავაში ნეიტრალური ადგილი მიჭირავს. ამიტომაც, ვთავაზობ ორივე მხარეს, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. დროა ყველანაირი კონფლიქტი გადაიტანონ კაბინეტურ სიტუაციაში და არა ცისფერ ეკრანებზე გამოიტანონ. მე ვიღებ ვალდებულებას და ამას შევასრულებ, დაველაპარაკო ორივე მხარეს. მისცენ ჟურნალისტებს საშუალება, რომ მათ იმუშავონ ჯანსაღ გარემოში. ყველა მფლობელმა აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა და თანამშრომლებს და ჟურნალისტებს მოექცეს როგორც ნამდვილ ადამიანებს და არა როგორც ხორცს, რომელსაც ბრძოლისთვის იყენებენ. ეს არის ბოლო შანსი", - განაცხადა ეკა აკობიამ.

"ინტერპრესნიუსი"