"ჯვრის მონასტერზე "ალაჰ აქბარ" წააწერეს!"
"დღეს ვიყავი სტუმრებთან ერთად ჯვარზე და რა ვნახე... ჯვრის კედლებზე წარწერები თურქულად, არაბულად და ლათინურადაც არის. რატომ არავინ აქცევს ყურადღებას ჩვენთან ასეთი ფორმის ვანდალიზმს?"
გასულ კვირას სოციალური ქსელის მეშვეობით მოქალაქე ნინო ანდრიასოვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯვრის მონასტრის კედელზე გაუგებარი წარწერები გაჩნდა: "დღეს ვიყავი სტუმრებთან ერთად ჯვარზე და რა ვნახე... ჯვრის კედლებზე წარწერები თურქულად, არაბულად და ლათინურადაც არის. რატომ არავინ აქცევს ყურადღებას ჩვენთან ასეთი ფორმის ვანდალიზმს?"
მან ამ ფაქტის დასადასტურებლად ფოტოებიც გამოაქვეყნა. ამ შემთხვევას საზოგადოება გამოეხმაურა, შსს-მ კი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მეორე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც კულტურული მემკვიდრეობის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჯვრის მონასტრის ჩრდილოეთ კედელზე, სავარაუდოდ, არაბულ ენაზე საკუთარი სახელები წერია. თუმცა, შესაძლოა, საქმე ასე მარტივადაც არ იყოს.
"კვირის პალიტრას" ექსკლუზიურად ესაუბრა და წარწერების შინაარსი განმარტა გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორმა გიორგი სანიკიძემ.
"ჩემი აზრით, ეს რელიგიური ექსტრემიზმის გამოვლინებაა"
ბადრი ნაჭყებია, ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი: - ჩემი აზრით, ვინც ეს დაწერა, გაჟღენთილია რელიგიური ექსტრემიზმის იდეით, ტოლერანტობის მიუღებლობით და ცინიზმით! ჩემი აზრით, ეს არის რელიგიური ექსტრემიზმის გამოვლინების კლასიკური მაგალითი.
სამწუხაროდ, ჩვენთან რელიგიური ექსტრემიზმის პროპაგანდა სერიოზულად მიმდინარეობს და ეს სხვადასხვა ფორმით ხდება... ჯვრის მონასტრის კედელზე ამ წარწერების გაჩენაც იმას მიანიშნებს, რომ ვიღაცა ჩვენი რელიგიის დაკნინებას ცდილობს. საქმე ის არის, რომ რადიკალურ ექსტრემიზმთან ბრძოლის ხაზი რელიგიური განათლების დონის ამაღლებაზე გადის. დიახ, მუსლიმანური რელიგიის მოღვაწეებმა, რომლებიც საქართველოში არიან, რადიკალურ იდეებს უნდა დაუპირისპირონ ის კლასიკური ტოლერანტიზმი, რომელიც ტრადიციულ ისლამში მართლაც არსებობს.
"ისლამი ამას არ ქადაგებს..."
"კვირის პალიტრა" საქართველოს მუფთს, ბეგლარ ქამაშიძეს დაუკავშირდა: - ცხადია, ეს ვანდალიზმია და არც ერთ რელიგიას არ აქვს უფლება, სხვა რელიგიურ აღმსარებლობას შეურაცხყოფა მიაყენოს. ჭეშმარიტი ისლამი ამას არ ქადაგებს. ისლამი არაბულად "მშვიდობას" ნიშნავს, რაც ძალადობასთან შეუთავსებელია. ჩვენ ვამბობთ, - ვინც მიიღებს ისლამს, ის იქნება მორწმუნე, ვინც არ მიიღებს, თავისი რწმენით იცხოვრებს... ძალით რელიგიას ვერავის მოვახვევთ და გონებაში ვერ ჩავუნერგავთ. უკეთესია, ადამიანები ურთიერთმოსიყვარულენი ვიყოთ და ისლამის მნიშვნელობა გვესმოდეს, თუ მართლაც გვინდა, რომ ალაჰი განვადიდოთ.
ეს ვანდალიზმია!
"შესაძლოა, მიზანი სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის ადამიანებს შორის ურთიერთობის დაძაბვაა"
დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი, ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი: - თუ ეს ქართველი მართლმადიდებლების წინააღმდეგ მიზანმიმართული ქმედებაა, კიდევ ექნება სერიული გამოვლინება. თუ არადა, გამოდის, რომ ეს მკრეხელი ტურისტის ნამოქმედარია. ჩვენი ვალია, მათ შევუნდოთ და ლოცვა გავაძლიეროთ. ჩვენს ძეგლებს დაცვა სჭირდება. მინდა ვიფიქრო, რომ ეს ყველაფერი გაუთვითცნობიერებელი ტურისტის ნამოქმედარია. თუმცა, არც პროვოკაციას გამოვრიცხავ, მაგრამ არ მინდა კოცონის დანთებას ხელი შევუწყო, რაც სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის ადამიანებს შორის ურთიერთობების დაძაბვას შეუწყობს ხელს. შესაძლოა, ამის ჩამდენის მიზანიც სწორედ ეს იყო. ცხადია, სიტყვები - "დიდება ალაჰს" ქრისტიანული რელიგიის შეურაცხყოფა არ არის (ამით ვიღაცამ საკუთარი ღმერთი განადიდა), თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენი სალოცავი ტაძრის კედელს რომ დააწერა, უსიამოვნო ფაქტია. საინტერესოა, ეს არაბული და თურქული წარწერები ერთი ადამიანის გაკეთებულია თუ რამდენიმესი? ეს მნიშვნელოვანია.
პროვოკაცია თუ მკრეხელობა
დეკანოზი დავით შარაშენიძე, საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი: - არ აქვს მნიშვნელობა, ტაძრის კედელზე "ალაჰ აქბარი" იქნება მიწერილი თუ უბრალოდ, ვინმეს სახელი. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის ვანდალიზმი, მიუღებელი ქმედება, რაც მართლმადიდებლური ტაძრის წინააღმდეგ არის მიმართული. ძალიან რთულია დადგენა, ვინ დგას ამის უკან და რა მიზნით ჩაიდინა ეს. არ ვიცი, პროვოკაციიის მიზნით ნამოქმედარია თუ მკრეხელობის გამოვლინებაა. ვიმედოვნებ, ამას გამოძიება დაადგენს.
"შესაძლოა, ეს იყოს მთავარი მესიჯი"
გიორგი სანიკიძე: - შეიძლება ეს წარწერები ისეთი სახიფათო არ არის, როგორც გვეჩვენება, მაგრამ ვანდალური ფაქტია. თუმცა, მართლმადიდებლური ტაძრის კედელზე წაწერილი - "ალაჰ აქბარ" - შეიძლება ისლამური რადიკალიზმის გამოვლინებაც იყოს. ამ ფაქტით გამოძიება უნდა დაინტერესდეს. საქართველოში "ალაჰ აქბარ" ქრისტიანული ეკლესიის კედელზე არასდროს დაუწერიათ.
#1 სურათზე წარწერები არაბულ ენაზეა და ძალიან ცუდად იკითხება. თუმცა, ზემოთ მკაფიოდ წერია "ალაჰ აქბარ" - "ალაჰი დიდია, დიდება ალაჰს!". როგორც ჩანს, მთავარი მესიჯიც ეს არის. მარცხნივ ვიღაცის სახელი წერია. სავარაუდოდ, მარჯვნივაც, მაგრამ ცუდად იკითხება"
"#2 სურათზე ლათინური ასოებით წერია "აზიზ". თურქები ლათინურ დამწერლობას იყენებენ. წინ ლათინური X და წერტილია, რაც ჩემთვის სრულიად გაუგებარია. "აზიზ" - თურქული სიტყვაა და სათნოს, საყვარელს ნიშნავს, მაგრამ გვარიც არის. ალბათ იქ "სათნოს" და "საყვარელს" არავინ დაწერდა და ის გვარს უნდა ნიშნავდეს"
"#3 სურათზე შედარებით მკაფიოდ ჩანს სახელი და გვარი - მუჰამედ ჰასანი"