"ორივე დედისერთა იყო" - მორიგ საზარელ ავტოავარიას შეწირული სამი სიცოცხლე
სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა მორიგ საზარელ ავტოავარიას. ტრაგედია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის მახლობლად, ავტობანზე დატრიალდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთი აფეთქდა.
შემთხვევის გამომწვევ მიზეზად ამ დროისათვის სიჩქარის გადაჭარბება სახელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს.
გარდაცვლილთაგან ორი - 22 წლის ჟულვერ ონიანი და 20 წლის გიორგი გორგოძე, რომლებიც BMW-ს ტიპის მანქანაში იყვნენ, წყალტუბოს სოფელ ტყაჩირში ერთმანთის მეზობლად ცხოვრობდნენ, მესამე კი - 37 წლის მამაკაცი, რომელიც მეორე მანქანას მართავდა საჩხერის მკვიდრი იყო. სამივე მათგანი ადგილზევე გარდაიცვალა; ადგილობრივთა თქმით, მათი გადარჩენა შეუძლებელი იყო. ტრაგედიის შესახებ სოფელ ტყვაჩირის მცხოვრები მოგვითხრობს:
- საშინელება მოხდა, გონზე არ მოვსულვართ ჯერაც ისეთი ჯიშის და გენის ბიჭები მოგვიკვდნენ ან რა ჭკუაზე უნდა ვიყოთ. ხარობდა მაგათი სიკარგით მთელი სოფელი, გულს უხაროდა ამ ბიჭების დანახვა. გიორგი მოცეკვავე იყო, მეორე დღეს გასტროლებზე უნდა წასულიყო ანსამბლთან ერთად... მეტირება, რომ მახსენდება, მთელი სოფელი ტირის. ორივე დედისერთა იყო, ჩვენს თვალწინ ორივე დიდი ჯაფით გაზრდილი... ორივე ისეთი ლაღი იყო, კეთილშობილი, მეგობრებისა და ახლობლების სული და გული, თითქოს საუბედუროდ იყვნენ ასეთი კარგები, არ არსებობს სიტყვა, რომელიც მათ გამწარებულ დედებს ანუგეშებს.
- ავტოკატასტროფების უმრავლესობა მძღოლების სიმთვრალის გამო ხდება...
- ამ შემთხვევაში ეგ მიზეზი არ ყოფილა... ბიჭები ქუთაისში იყვნენ და იქიდან ბრუნდებოდენ უკან სოფელში. ჟულვერი იჯდა საჭესთან. საერთოდ, მანქანაც მისი იყო, - საბრალო დედამისი იტალიაშია გადახვეწილი და იქ ნამუშევარი ფულით უყიდა შვილს მანქანა, რომ გაეხარებინა. ასე დაჰფოფინებდა თავზე... თავად ჟულვერის მამაც ავარიაში დაიღუპა და ბიჭი ძალიან მალე დაობლდა; დედამისი ყველაფერს აკეთებდა შვილის ბედნიერებისთვის.
მოკლედ, ბიჭები უკან რომ ბრუნდებოდნენ, ჩვეულებრივად ტრასით კი არ წამოვიდნენ, რადგან იქ საგზაო სამუშაოები მიდის, მათ ამ სამუშაოებს თავი აარიდეს და სოფელ ვარციხეში გადაუხვიეს, რომ იქიდან ამოსულიყვნენ სოფელ გეგუთში, მერე კი - ტყაჩირში, სახლში.
სწორედ გეგუთთან რომ ამოვიდნენ ავტობანზე, მაშინ მოხდა ავარია. ამაზე, იმ ტრაილერის მძღოლი ლაპარაკობს, რომელიც ამ ავარიის მოწმე გახდა, თორემ მანქანაში მყოფნი ისე დაიხოცნენ, ამბის გამომტანი არავინ დარჩა. როგორც ტრაილერის მძღოლმა თქვა, ჟულვერი უკან მოჰყვებოდა და მისი გადასწრება მოინდომა. გადაუსწრო კიდეც და სწორედ ამ დროს შეეჯახა საპირისპირო მხრიდან მომავალ მანქანას.
უბედურებას სხვა რამემაც შეუწყო ხელი, - რადგან ავტობანზე სამუშაობი მიმდინარეობს, გზა ნაწვიმარზე სველი და ტალახიანი იყო, ჟულვერი ტრაილერის გასწრებისას ამ ტალახზეც მოსრიალდა და საპირისპიროდ მოძრავ მანქანას ისეთი ძალით დაეჯახა, რომ ამ ორ მანქანაში მყოფი სამივე ადამიანი ადგილზევე დაიღუპა. მიცვალებულების გადმოყვანა გამვლელი ავტომანქანების მძღოლებმა სცადეს, მაგრამ მხოლოდ ორის გამოყვანა შეძლეს, - ჟულვერის მანქანიდან ერთ-ერთი რომ გადმოიყვანეს, მეორის გადმოსაყვანად ვეღარც შებრუნდნენ, მანქანა აფეთქდა და ცეცხლის ალში გაეხვა...
ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)