"რომ დაევალებინათ, სტუმრებს ყავაში საწამლავი ჩაუყარეთო, ჩაუყრიდნენ"?! - სად იღებდნენ პირადი ხასიათის ვიდეოჩანაწერებს?
"მითხრეს, უცხოელი ჩამოდის და იმას უნდა მოვუსმინოთო"
ტელეკომპანია "იბერიის" ინფორმაციით, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გადაღება, დუშეთის რაიონში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში ხდებოდა. ლაპარაკია სასტუმრო "ბაზალეთზე". გადაცემა "პრიორიტეტის" გადამღებმა ჯგუფმა სასტუმროს მფლობელის სატელეფონო ინტერვიუს ჩაწერაც მოახერხა. კახა გონგლაძე აცხადებს: "არ ვიცი ვინ რა გადაიღო და ვინ რას აკეთებს, ჩვენთან სტუმრებს ჩვენი თანამშრომლებიდან საბანს არავინ უწევს. სასტუმროში პოლიტკოსებიც მოდიან, საზოგადოების წარმომადგენლებიც და საქართველოს სტუმრებიც, მაგრამ ამისთანა რაღაცას ჩვენთან არავინ აკეთებს. თუ ვინმემ რამე საიდუმლოდ გაკეთა, არ ვიცი. თუ სოდ-მა თუ კუდ-მა რაიმე საიდუმლოდ გააკეთა, წარმოდგენა რა მაქვს, თუ ვინმე შემოიპარა სტუმრის სახელით და რაიმე გააკეთა, ეს მე არ ვიცი".
ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ამავე ტელევიზის ეთერში მსახიობმა და ბიზნესმენმა ასამთ ტყაბლაძემ განაცხადა, რომ მისი ბარის სტუმრების მოსმენის სურვილით მასაც მიმართეს. "მითხრეს, უცხოელი ჩამოდის და იმას უნდა მოვუსმინოთო", - განაცხადა ტყაბლაძემ. მისი თქმით, 4-5 წლის, წინ, მასთან ბარში ორი ადამიანი მივიდა, რომლებმაც განუცხადეს, რომ კონკრეტული პირის მოსმენის მიზნით სათვალთვალო კამერა უნდა დაემონტაჟებინათ, რაზეც როგორც ტყაბლაძე ამბობს, მან კატეგორიული უარი თქვა. მისივე თქმით, სავარაუდოდ, უშიშროების თანამშრომლებმა მას მეორედაც მიაკითხეს და ამჯერად უთხრეს, რომ შემოწმების მიზნით ბარი უნდა დაელუქათ, რაზეც ასევე უარი მიიღეს.
ამ ინფორაციების გავრცელების შემდეგ ყოფილმა პარლამენტრამა, ჟურნალისტმა ვასილ მარლაფერიძემ "ფეისბუკში" დაწერა:
"არ არსებობს კანონი, რომელიც კერძო მფლობელს, მათ შორის სასტუმროს მეპატრონეს, დაავალდებულებდა, რომ მის საკუთრებაში მყოფ ტერიტორია ან ნაგებობა სპეცსამსახურებს დაუთმოს ფარული გადაღებებისთვის.
ასეთ გადაწყვეტილებას ვერც სასამართლო მიიღებს.
ასე რომ, გინდა არ გინდა, სასტუმროს მფლობელი თუ მომსახურე პერსონალი, რომელთაც ხელი შეუწყვეს ფარულ გადაღებას, ან გამიზნულად შეუშვეს სტუმარი, "დანაღმულ" ოთახში, შეიძლება სხვადასვა გარემოებათა გამო შემდგომში შეიწყალონ ან მათზე ამნისტია გამოცხადდეს, მაგრამ კანონის მიხედვით, ჯერ მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება უნდა მოხდეს. ამავე დროს ისინი ძალიან მნიშვნელოვანი მოწმეები არიან.
პ.ს. ბოდიში მაინც მოუხადონ საზოგადოებას და თავიანთ მსხვერპლებს. არ შეიძლება მათი დანაშაულის გამართლება იმით, რომ ცუდი დრო იყო და რა ექნათო. რომ დაევალებინათ, სტუმრებს ყავაში საწამლავი ჩაუყარეთო, ჩაუყრიდნენ?! თუმცა, ვინ იცის?!
პ.პ.ს. სხვათა შორის, დაზარალებულმა პირებმა სასამართლოში რომ უჩივლონ სასტუმროს მფლობელებს, შეიძლება იმდენი ფული მოუგონ, რომ სასტუმროს გაყიდვა არ ეყოს მის გადახდას". (წყარო)