"ე.წ. ლიდერები ადამიანის სისხლს სვამენ - სექტის რიგითი წევრების სისხლს"
"მოვისმინე, რომ ბავშვების ნაწილი ორგანოებით ვაჭრობის დანაშაულებრივ ქსელში ხვდება. ეს თუ მართალია, წარმოდგენაც კი მიჭირს, მათ რა სერიოზული მფარველი ჰყავთ"
"ცხოველებს თვითონ აღარ აწამებენ, ამას მხოლოდ პატარები სჩადიან, რათა დაამტკიცონ, რომ მათ ასეთი რაღაცეების კეთება შეუძლიათ"
არცთუ დიდი ხნის წინ, თბილისში ტრაგედია დატრიალდა - 14 წლის გოგონა ხიდიდან გადახტა და თავი მოიკლა. მოზარდი უთენია გასულა შინიდან, ისე, რომ მშობლებს ვერც გაუგიათ, მერე კი ხევში გარდაცვლილი ნახეს. იმხანად ლამის მთელი ქალაქი ლაპარაკობდა, რომ მოზარდის თვითმკვლელობა შესაძლოა გარკვეულ სექტას უკავშირდებოდა, რომელსაც გოგონა ბოლო ხანს დაუახლოვდა. ჰყვებოდნენ იმასაც, გოგონას თანაკლასელები დაკრძალვის დღეს სადარბაზოს შესასვლელთან დარაჯად როგორ დადგნენ და ამ ჯგუფის წარმომადგენლებს სამძიმარზე შესვლის საშუალება არ მისცეს.
ამ ორიოდე დღის წინ კი ერთ-ერთმა "ფეისბუკმომხმარებელმა" დაწერა სტატუსი, რომელშიც ჰყვებოდა, რომ მისი მეგობრის მოზარდი ბიძაშვილი მოწამლული ნახეს. ის ფსიქოტროპული წამლებით იკლავდა თავს. ბავშვი გადაარჩინეს, თუმცა, ახლობლებმა მიაკვლიეს სექტას, რომელშიც ძირითადად 14-16 წლის ბავშვები არიან გაწევრებული. მისი სტატუსის მიხედვით, ოჯახი ბავშვის თვითმკვლელობის მცდელობას სწორედ ამ სექტას უკავშირებდა. ჩვენ მოვახერხეთ დავკავშირებოდით ადამიანს, რომელიც ამტკიცებს, რომ მოახერხა და შეხვდა სექტის ლიდერებს. სესილი ასანიძეს (გვარ-სახელი რესპონდენტის თხოვნით შეცვლილია) ეჭვი არ ეპარება, რომ ეს სატანისტური სექტაა.
- თავდაპირველად გავიგეთ, რომ რაღაც სექტაში ჩემი ახლობლის ბავშვი იყო ჩართული. იმდენი მოვახერხეთ, რომ შევხვდით მათ, ასე ვთქვათ, ხელმძღვანელებს, ადამიანებს, რომლებიც სექტის ლიდერებად მიიჩნევენ თავს და "შავ სამუშაოს" სხვებს ასრულებინებენ. სექტის წევრები აწამებენ კატებს, ძაღლებს, ჩიტებს... როცა ვკითხე, რატომ აკეთებდნენ ამას? - ამ ე.წ. ლიდერებმა მიპასუხეს, რომ ცხოველებს თვითონ აღარ აწამებენ, ამას მხოლოდ პატარები სჩადიან, რათა დაამტკიცონ, რომ მათ ასეთი რაღაცეების კეთება შეუძლიათ.
- ქალბატონო სესილი, ჯგუფის წვერები ცხოველების სისხლს სვამენ?
- ე.წ. ლიდერები ადამიანის სისხლს სვამენ - სექტის რიგითი წევრების სისხლს და ამბობენ, რომ ეს მათ ძალას მატებს. მოზარდები, ხელს იჭრიან და ე.წ. ლიდერები იქიდან გამოსულ სისხლს სვამენ. ამ ყველაფერს მშვიდი სახით თვითონ ერთ-ერთი ლიდერი გვიყვებოდა, ისე, თითქოს ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ეს ლიდერი 22 წლის, სამხატვრო აკადემიის სტუდენტია. გოგონას, ვინც მათთან მიგვიყვანა, ხელზე აქვს ჭრილობის კვალი, რომელიც სპეციალურად სისხლის გამოსასვლელად დაისერა.
- რას ამბობენ, ვის ან რას ემსახურებიან ამ ქმედებით?
- ამბობენ, რომ სწავლობენ ბიბლიის მეორე მხარეს. მათ ცოტნე დადიანის გამზირზე აქვთ ბინა ნაქირავები, სადაც ასევე ვიყავით მისული. ბინაში აბსოლუტურად ყველაფერი იყო შავი, მართლა ელდა მეცა, რომ შევედი, შეშინებულმა, ვითომდა ხუმრობით ვკითხე - რამე ფოტოსტუდია გაქვთ და ფონია ასეთი - მეთქი? - მიპასუხეს, - არა, აქ ბიბლიის მეორე მხარეს ვსწავლობთო.
- ბევრი ადამიანია ამ ჯგუფის წევრი?
- რამდენადაც ვიცი საკმაოდ ბევრნი არიან. იქ დედმამიშვილებიც იყვნენ. ორი და და მათი პატარა ძმა , რომლიც სულმთლად ბავშვი იყო, სადღაც 9 წლის. კიდევ უფრო დიდი საშინებელაა, რომ ბავშვები შეიძლება ითქვას კანალიზაციაში სხედან. ესაა ადგილი "რედისონის" დაბლა, სადაც საშინელი ანტისანიტარიაა, სხვათა შორის, ვისაც მოვუყევი ყველამ თქვა, - აა, ვიცი, ნაგავი რომ ყრია და ბავშვები დადიანო, მაგრამ ეს არაა ის ადგილი. ამათი თავშეყრის ადგილი ძალიან დაბლაა, რომ მივდიოდი ქვევით და ქვევით, მეგონა, აღარ დასრულდებოდა. სწორედ იქ ხდება ცხოველების წამება, ხელების დასერვა და სხვა. ძალიან დიდი შანსია, რომ ინფექცია შეეჭრათ და სერიოზულად დაავადდნენ. ამ ქვესკნელში იმიტომ იკრიბებიან, რომ უნდათ უცხო თვალისაგან დაცული იყვნენ. ამ ადგილს მორგს ეძახიან. იმ ბინაში კი, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ რიტუალებს აწყობენ და როგორც ამბობენ, სწავლობენ ბიბლიის მეორე მხარეს.
- როგორ ხვდებიან იქ ბავშვები?
- ძალით ნამდვილად არავინ მიჰყავთ, მაგრამ 12-13 წლის ბავშვები, რომ ასეთ საქმეებში იღებენ მონაწილეობას ეს კატასტროფაა. როგორც გავიგე, სექტის წევრი გოგონები იცნობენ ბიჭებს, რომლებსაც შემდეგ პატიჟებენ ვითომდა მუსიკის მოსასმენად და მიყავთ ამ სექტაში. ანალოგიურს აკეთებენ ბიჭებიც. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ლიდერები მართლაც არაჩვეულებრივი გარეგნობის ახალგაზრდები არიან. შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ იქ უპატრონო და შეჭირვებული ოჯახის ბავშვები ხვდებიან, მაგრამ არა. უმეტესობა შეძლებული ოჯახიდანაა. ერთ-ერთმა მითხრა, რომ მისი ურთიერთობა დედ-მამასთან შემოიფარგლება მხოლოდ იმით, რომ კვირის დასაწყისში მშობლები აძლევენ 300-400 ლარს და ეკითხებიან ეყოფა თუ არა მთელ კვირას. უმეტესობა ასეთი ოჯახიდანაა, მათ მატერიალურად არაფერი უჭირთ, სამაგიეროდ, როგორც ჩანს, აკლიათ მშობლების ყურადღება, რაც მათ პროტესტს იწევს, ამ სექტაში კი ამ პროტესტის გამოხატვის საშუალებას ეძებენ, თუმცა საბოლოდ მსხვერპლნი ხდებიან. მოვისმინე, რომ ბავშვების ნაწილი ორგანოებით ვაჭრობის დანაშაულებრივ ქსელში ხვდება. ეს თუ მართალია, წარმოდგენაც კი მიჭირს, მათ რა სერიოზული მფარველი ჰყავთ.
- პოლიციას თუ მიმართეთ?
- პოლიციამ იცის და იმედია, გამოიძიებენ ამ საქმეს.
თემაზე კომენტარისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მივმართეთ.
შორენა ჯახუა, პრესსამსახურის წარმომადგენელი:
- ამ საკითხზე რამდენიმე შეტყობინება ნამდვილად შემოვიდა და პატრულ-ინპექტორებმა გადაამოწმეს კიდეც, თუმცა დანაშაულის ნიშნების (ძაღლების და კატების წამება და სხვა) არ უნახავთ, შესაბამისად, არცერთ ფაქტზე საქმე არ აღძრულა. თუ მსგავს ფაქტებზე, ვინმეს უფრო დეტალური ინფორმაცია აქვს, მივმართავთ თხოვნით, რომ შესაბამის ორგანოებთან ითანამშრომლონ და ყველა დეტალის შესახებ მიაწოდონ ინფორმაცია. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, იმ ადგილებს, რომელზეც თქვენი რესპონდენტი ლაპარაკობს ("რედისონის" დაბლა) სისტემატურად ამოწმებს პოლიციაც და სოციალური სამსახურის წარმომადგენლებიც.
მამა პეტრე (კვარაცხელია), სამების საკათედრო ტაძრის დეკანოზი:
- მსგავსი დაჯგუფებების შესახებ აქ თუ უცხოეთში, არაერთხელ თქმულა. არსებობს ე. წ. სატანისტური, უფრო მუსიკალური ჯგუფები, რომლებიც დიდი პოპულარობით ძირითადად თინეიჯერებში სარგებლობს. ყველა შემთხვევიდან გამომდინარე, ჩვენ უნდა გამოვიძიოთ, რისი უკმარისობის გამო ჩნდება მსგავსი მოთხოვნილებები. თუ ასაკობრივია, ადვილად მოგვარდება, თუ ამაში უფროსებიც არიან ჩართული, ეს უკვე ბოროტებაშია გადაზრდილი.
როგორც წესი, მოზარდებზე მეტი პასუხისმგებლობა უფროს თაობას მოეკითხება. მათ თვალში სიმკაცრით ავტორიტეტს ვერ მოვიპოვებთ, ვერც დაშინებით. პირიქით, შეიძლება სასოწარკვეთამდე მივიდნენ და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულონ. ჯერ საერთო ენა უნდა გამოინახოს და მშობლების, სულიერი მოძღვრის უმტკივნეულო ჩარევით მოხდეს ყველაზე რთული ასაკიდან გამოსვლა. კატეგორიული აკრძალვით შედეგს ვერ მივაღწევთ, ვერც მუქარითა და აგრესიით.
იხილეთ ასევე: გარდაცვლილია ქალ-ვაჟი! სატანისტური მსხვერპლშეწირვა - მითი თუ რეალობა?!
ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)