"ლადო მამას ხელში ჩააკვდა" - ბიჭი ფილმიდან "კუკარაჩა"
სტატია არქივიდან:
"სხვანაირი ხიბლი აქვს ცხოვრებას, როცა იცი, რომ მისი დასრულების შემდეგაც შენი სული ვიღაცას გამოადგება"
ალბათ ყველას გახსოვთ პატარა ბიჭი - თამაზი ფილმიდან "კუკარაჩა", ამჯერად სწორედ ეს ბიჭი უნდა გაგახსენოთ, უფრო ზუსტად, მისი როლის შემსრულებელი ლადო ტატიშვილი. ლადო დღეს ცოცხალი აღარ არის, შესაბამისად, სტატიაც ისევე სევდიანი გამოვიდა, როგორც რეჟისორების - სიკო და ქეთი დოლიძეების ფილმი - "კუკარაჩა". ეკრანული დედის, დეიდა ანიკოს ერთადერთი ვაჟი ცხოვრებაშიც დედისერთა იყო და თავისი ასევე ერთადერთი ვაჟის, მისივე სეხნია ლადოს დაბადებასაც ვერ მოესწრო - საქართველოს სამოქალაქო ომში დაიღუპა.
ლადოს დედას, ქალბატონ ტომა მამალაძეს რომ ვეწვიე, ინტერვიუსგან თავი შეიკავა, ძალიან მიმძიმს იმ დღის გახსენება, ფიქრს რომ ვიწყებ, მერე ღამეებს ვათენებო. თუმცა ფოტოების შერჩევისას ორი სიტყვით მიამბო ლადოზე:
- საქართველოში სამოქალაქო ომი რომ მიმდინარეობდა, ლადო სწორედ მაშინ ამთავრებდა სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტს. 1992 წელს, თბილისის ბრძოლები რომ დასრულდა და დასავლეთ საქართველოსკენ გადაინაცვლეს, ლადომ თავის მეგობრებთან ერთად სამტრედიაში წასვლა მოინდომა. კინაღამ გავგიჟდი, ვკიოდი, არსად გაგიშვებ-მეთქი, მაგრამ რადგან არ იშლიდა, მეუღლემ დამამშვიდა, ჩემი მანქანით წავიყვან, გვერდით ვეყოლებიო. იქნებ, ამ მანქანით რომ არ ყოფილიყვნენ და სხვა ბიჭებთან ერთად წასულიყო, მათთვის არც ესროლათ.
ჩასვლისთანავე ქართველმა სნაიპერმა დაუცხრილა მანქანა. მერე კი ყვიროდნენ, გაჩერდითო, მაგრამ უკვე გვიანი იყო. მხოლოდ ლადო დაიღუპა, ხელში ჩააკვდა მამას, რომელიც ასევე დაჭრილი იყო.
მეუღლე 5 თვის შემდეგ გარ დაიცვალა. დილით ვიპოვე აქ, მისაღებ ოთახში, წაქცეული. 48 წლის გახლდათ. მას შემდეგ 24 წელიწადი გავიდა. დიდი დროა, არა? უკვე 70 წლის ვარ, ჩემი შვილიშვილი, ლადო-უმცროსი კი - 24-ის. მამას ვერ მოესწრო, იმ პერიოდში ჩემი რძალი - ლადოს მეუღლე ფეხმძიმედ იყო მასზე. ახლა ჩემი შვილიშვილი მოსკოვში ცხოვრობს, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა და ბანკში მუშაობს. ვის ჰგავს? - მამასავით შავთვალაა, ისე კი, ორივეს ჰგავს, ლადოსაც და ქეთისაც, ჩემს რძალს. თბილისში ჩამოდის ხოლმე, შარშანაც იყო. ჯერჯერობით ცოლის შერთვას არ აპირებს, უფრო სამსახურეობრივ წინსვლაზე ფიქრობს.
დაწვრილებით კი ლადოზე "დეიდა ანიკომ" - მსახიობმა მარი ჯანაშიამ გვიამბო:
- ხომ გახსოვთ, როგორც ამთავრებს ნოდარ დუმბაძე "კუკარაჩას": მე უკვე 40-ს გადაცილებული კაცი ვიყავი, სიზმარში ვნახე კუკარაჩა, ის კვლავ 21-22 წლის ბიჭი იყო, კვლავ მარიგებდა და ჭკუას მასწავლიდაო? დაახლოებით იგივე შეგრძნება მაქვს ლადოსთან დაკავშირებით: მე უკვე ამხელა ვარ, შვილიშვილები მყავს და ლადუნა ჩემთვის ისევ ის პატარა, 10-11 წლის ბიჭია!
ასე მგონია, არ შეიძლებოდა, ლადო ამ ფილმში არ მოხვედრილიყო, რადგან თითქოს მართლა თამაზი იყო - ფილმის გმირი, არაჩვეულებრივად ცოცხალი, სიკეთით სავსე, ძალიან ზრდილობიანი და ცოტათი ცელქი ბავშვი. რასაკვირველია, ქეთი დოლიძის დამსახურებაა მისი შერჩევა. ლადოს დედა, ქალბატონი ტომა მამალაძე კინოსტუდიაში კოსტიუმების მხატვარი იყო და ალბათ ქეთიც იცნობდა ლადოს.
იცით, როგორ შევხვდით მე და ლადო? ქეთიმ გაგვაცნო ერთმანეთს და გვითხრა: ეს არის შენი შვილი - ლადო, ეს კი არის დედაშენი - ქალბატონი მარინა. იმ წამსვე ვიგრძენი, რომ ჩვენს შორის გაჩნდა წარმოუდგენელი სიახლოვე, რომელიც სწორედ დედაშვილს აკავშირებს და სახელს ვერ უწოდებ. ისეთი ახლობელი და მართლა შვილივით გახდა ლადო ჩემთვის, რომ მერე, გადაღებებზე თითქმის მისი თანატოლი ჩემი შვილიც მიმყავდა ხოლმე და ეს ორი პატარა ადამიანი ძალიან შეეთვისა ერთმანეთს. ასე რომ, ლადო მართლა ჩემი ნაწილი იყო. აქედან გამომდინარე, "კუკარაჩა" ჩემთვის ერთდროულად უსაყვარლესი და ძალიან დიდი ტკივილის მატარებელი ფილმია. ლადოს დაღუპვის ამბავიც უცნაურად გავიგე. იმდენად დაკავებული ვარ, ტელევიზორს რადიოსავით უფრო ვუსმენ, ვიდრე - ვუყურებ. სამოქალაქო ომი იყო. წამდაუწუმ ვიღაც იღუპებოდა, იმ დღესაც გავდი-გამოვდიოდი, ვსაქმიანობდი, ტელევიზორი ჩართული მქონდა და უცებ ჩამესმა ტრაგიკული ტექსტი, რომ მამის თვალწინ დაიღუპა ახალგაზრდა ბიჭი. ჩემთვის ჩავილაპარაკე კიდეც, ღმერთო, რა საშინელებაა, როდის უნდა მოეღოს ბოლო ამ სულელურ, უაზრო ომს, როდის უნდა დასრულდეს ეს უბედურება-მეთქი. ახსენეს ლადო ტატიშვილი, მაგრამ არ მივაქციე ყურადღება - ჩანს, ტვინის რომელიღაც მონაკვეთი აპროტესტებდა და არ იღებდა ამ ინფორმაციას. დიქტორი განაგრძობდა: ახლა მისი ხსოვნის პატივსაცემად გიჩვენებთ ფილმ "კუკარაჩასო". მე ვამბობ, ვა, "კუკარაჩა" უნდა აჩვენონ! კვლავ ჩავიარე ტელევიზორთან, შევხედე, ფილმი დაიწყო, პირველი კადრია: მე ყვავილებს ვრწყავ და შემოდის თამაზი (ლადო)... უცებ ისეთი ქვითინი ამივარდა... უკვე, ეტყობა, სხვა გზა არ იყო, ტვინმა ეს ამბავი გააცნობიერა... ამიტომაც დარჩა "კუკარაჩა" ჩემთვის საოცრად ტრაგიკულ ფილმად, ლადო - კვლავ 10 წლის ბიჭად, ჩვენი ურთიერთობა კი - იმ ფაზაში, როდესაც ერთმანეთს დავშორდით. ლადო ნამდვილად სასუფეველშია, მარადისობაში. თუ მე ჩემი ცხოვრებით დავიმსახურებ იქ მოხვედრას, სადაც ახლა ლადოა, ალბათ, ჩვენი ურთიერთობა იმ ფაზიდან გაგრძელდება, სადაც დამთავრდა.
- ფილმის გადაღების შემდეგ არ ხვდებოდით ერთმანეთს?
- მხოლოდ რამდენჯერმე შევხვდით. მე ძალიან დაკავებული ვიყავი. მერე ყველაფერი აირ-დაირია საქართველოში და შორიდან ვიგებდი მის ამბებს. დღეს ერთი მხრივ ძალიან მწყდება გული, რომ ჩემ გარეშე განაგრძობდა ცხოვრებას, მეორე მხრივ კი... ძალიან მიხარია. ეს ალბათ ეგოიზმია, ალბათ შვებას მგვრის ის, რომ უფრო მეტად არ მივეჯაჭვე ამ ადამიანს. ეს პატარა ბიჭი 10 წლის ასაკში უკვე კაცი იყო და თანაც - ძალიან სამართლიანი. საოცრად დინჯი იყო, თვალებში კი ისეთი სიბრძნე ჰქონდა...
- ნუთუ სულ სერიოზული და დინჯი იყო, არასდროს ცელქობდა?
- ჩემი და ლადოს ეპიზოდებს ერთ დიდ ოთახში იღებდნენ, თუმცა ლევან უჩანეიშვილის წყალობით, იმ ოთახშიც გამუდმებით სიცილ-ხარხარი იყო. როგორც კი გაიგებდა ლადო ლევანის მოსვლას, იმ წუთას შემოვარდებოდა ოთახში, დაჯდებოდა მაგიდასთან და ახალ-ახალი ხუმრობების მოლოდინში თითქმის პირდაღებული შესცქეროდა ლევანს. ლევანი, ცხადია, ამით სარგებლობდა და ხან მოქოჩრავდა ხოლმე ლადოს, ხან - რას დაგიღია, ბიჭო, პირიო და, - პირზე ხელს მიაფარებდა. ლადოც, გაცისკროვნებული სახით, უყურებდა ლევანს, მისი ერთი სიტყვაც რომ არ გამორჩენოდა. ხომ გახსოვთ ეპიზოდი, როცა მე ვიგებ, რომ ლადომ ანუ თამაზმა ამონალით თევზი გაანადგურა? ლევანი - კუკარაჩა მოდის ზუსტად იმ მომენტში, როდესაც ამ თევზს მივირთმევთ. ამბის გაგების შემდეგ სცენარით მე უნდა გავარტყა სახეში ლადოს. რა მექნა? ხელი არ მიბრუნდებოდა გასარტყმელად. ლადო მეხვეწებოდა, მარინა დეიდა, აი, ნახეთ როგორ უნდა ქნათო, - და თვითონ იტკიცავდა ხოლმე სილას. - არ მტკივა, აი, ნახეთ? გამარტყით, რაო? იმდენს ირტყამდა სახეში, სულ დაებრაწებოდა ხოლმე ლოყები. მერე მე ვეხვეწებოდი, კარგი, კარგი, ლადო, გაგარტყამ, ოღონდ შენ ნუღარ დაირტყამ ხელს-მეთქი... ის ეპიზოდი გამახსენდა, ლადო ოთახში რომ შემოდის და კუკარაჩას სიკვდილის ამბავს მატყობინებს. საერთოდ, უცნაური თვალები ჰქონდა, გეგონა, რომ გიღიმოდა. შემოვიდოდა ოთახში, მეუბნებოდა ამ ამბავს და თავს კალთაში მიდებდა. ამ დროს ქეთი დოლიძე ეჩხუბებოდა, ბიჭო, ნუ იცინი, ტრაგიკულ ამბავს ატყობინებ, სევდიანი სახით თქვიო. აწევდა თავს ლადო, თვალებს მოიფშვნეტდა და, - აი, შეხედეთ, არ ვიცინი, არ ვიცინიო. მართლა არ იცინოდა, მაგრამ თვალები ჰქონდა ნაპერწკლიანი და გეგონებოდა, იღიმოდა.
უმცროსი ლადო ტატიშვილი
- ქალბატონო მარინა, ცხოვრების დიდი ნაწილი გავიდა, ალბათ ბევრი ადამიანი აღარ გყავთ გვერდით, თუნდაც - ლადო, რომელიც თქვენივე სიტყვებით ცათა სასუფეველშია. როგორც კუკარაჩა ეკითხება დეიდა ანიკოს, მეც გკითხავთ: რა არის სული, ახლა რას ფიქრობთ?
- ახლაც იმავეს გეტყვით, რაც მაშინ კუკარაჩას ვუთხარი: სული ბოთლიდან გათავისუფლებულ ჯინს ჰგავს, რომელიც სასწაულებს სჩადის... ცხოვრება მართლაც ისე უნდა განვვლოთ, რომ მარადისობაში აღმოვჩნდეთ. სხვანაირი ხიბლი აქვს ცხოვრებას, როცა იცი, რომ მისი დასრულების შემდეგაც შენი სული ვიღაცას გამოადგება.
ირმა ხარშილაძე
პ. ს.
"სული მე მაინც ზღაპრული ჯინივით ბოთლში გამომწყვდეული ადამიანის ფიქრი და ოცნება მგონია, რომელიც თავისი გაჩენის დღიდან თავისუფლებას ელოდება, თავისუფლებისაკენ მარადიული ლტოლვა და სწრაფვა ახასიათებს. მერე ჩვენ, ზოგჯერ ნებით, ზოგჯერ უნებლიეთ, ვათავისუფლებთ მას ამ ბოთლიდან, უფრო ხშირად, იგი თვითონ ითავისუფლებს თავს და უკვე თავისუფალი სასწაულებს ჩადის მეცნიერებაში, ხელოვნებაში და ლიტერატურაში... თუ რამ საგანძური და ჯილდო მიუცია ღმერთს ადამიანისათვის, სიყვარულის ნიჭია. ცოდვაა ის კაცი, ვინც ამ დიდი ნიჭის, განცდის გარეშე წავა ამ ქვეყნიდან..."
ნოდარ დუმბაძე, "კუკარაჩა"