"არავითარი მისტიკური და ეზოთერული ძალები იქ არაა... კარავიდან გასვლისას, გიორგი უკვე საფრთხეში აღმოჩნდებოდა"
"ტობავარჩხილი საშუალო სირთულის სამთო მარშრუტია, უბრალოდ, როდესაც იქ სალაქროდ მიდიან, უშვებენ რამდენიმე შეცდომას"
"თეატრი ძალიან უყვარს, ჯაზი. არავის ახსოვს, ვინმესთან კონფლიქტი მოსვლოდეს. ფსიქოლოგებსაც ველაპარაკე. ერთმა მითხრა, მთა და ბუნება ისეთი რამ არის, თუ ძლიერი ფსიქიკა არა გაქვს, შეიძლება შიშის ფონზე ამნეზია განვითარდესო. ბუნებაში როცა მარტო რჩები, რას მოიმოქმედებ, არავინ იცისო. ახლა ამას ვებღაუჭები, იქნებ ამნეზია დაემართა? მწყემსების კარვები მოვიარე, არც მათ უნახავთ", - მოუყვა ამ ერთი თვის წინ "კვირის პალიტრას" ტობავარჩხილის ხეობაში 8 თვის წინ დაკარგული გიორგი მუჩიაშვილის დედა ინგა ვეკუა, რომელიც ერთადერთი შვილის მოძებნაში დახმარებას ითხოვდა. (იხილეთ: "ჩემი შვილი უკვალოდ გაქრა. თითქოს ცამ ჩაყლაპა" - რა მოხდა ეშმაკის უღლეტეხილთან?!) ბოლო ხანს ტობავარჩხილის ხეობის მისტიკურობაზე ლეგენდებს მართლაც ბევრს ჰყვებიან, თუმცა მოგზაურთა თქმით, მისტიკა არაფერ შუაშია და ლაშქრობის წესების ზედმიწევნით დაცვის შემთხვევაში უბედური შემთხვევები მაქსიმალურად გამორიცხულია.
რომან თოლორდავა საქართველოს სპელეოკავშირის წევრია და ტობოვარჩხლის მიდამოებში არაერთ სამძებრო ღონისძიებაში აქვს მონაწილეობა მიღებული. რა შეიძლება გამხდარიყო გიორგის დაკარგვის მიზეზი და რამდენად რეალურია დაკარგვის მიზეზად მისტიკური მოვლნები მივიჩნიოთ? - ამ და სხვა კითხვებზე პასუხისათვის ბატონ რომანს დავუკავშირდით:
- ტობავარჩხილი საშუალო სირთულის სამთო მარშრუტია, უბრალოდ, როდესაც იქ სალაქროდ მიდიან, უშვებენ რამდენიმე შეცდომას. რატომღაც მას ჩვეულებრივ მარშრუტად აღიქვამენ და არა - სამთოდ. სპონტანურად იქმნება ჯგუფები (არც თუ იშვიათად "ფეისბუკზე" ანონსდება და ისე იკრიბებიან) და სალაშქროდ მიდან ისეთი ადამიანები, რომლებსაც მთაში ლაშქრობის არანაირი გამოცდილება არ აქვთ და არღვევენ უსაფრთხოების წესებს, რაც იწვევს სავალალო შედეგებს.
- რა შეცდომებზე საუბრობთ, რას უნდა მოერიდონ მოლაშქრეები?
- როგორც გითხარით, ეს არის საშუალო სირთულის სამთო მარშრუტი და პირველ რიგში ადამიანმა, რომელიც ემზადება სალაშქროდ, ზედმიწევნით უნდა იცოდეს ის წესები, რომელიც აუცილებელია სამთო მარშრუტის გასავლელად. ბუნებრივია, უნდა ჰქონდეს შესაბამისი აღჭურვილობა და საკვები, ამის გარდა კიდევ არის სხვა ნიუანსები და როცა ეს ყველაფერი მოწესრიგებულია, ბუნებრივია ლაშქრობაც მშვიდობიანად სრულდება.
- რამდენად რეალურია, რომ გიორგი მუჩიაშვილის დაკარგვა მისტიკურ მოვლენებს უკავშირდებოდეს...
- არავითარი მისტიკური მოვლენები და ეზოთერული ძალები იქ არაა. ესა ერთი ულამაზესი ადგილია, რომელიც მარტო შარშან ათასობით ადამიანმა დალაშქრა
- როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება გამხდარიყო გიორგი მუჩიაშვილის დაკარგვის მიზეზი?
- უშუალოდ სამძებრო ოპერაციაში გვიან ჩავერთე, თუმცა გიორგის დაკარგვის მეორე დღესვე დამირეკეს მისმა მეგობრებმა და მაშინვე ვუთხარი რომ მაშველები გამოეძახათ. როგორც გიორგის მეგობრები ყვებიან, მას არ სურდა ან ფიზიკურად აღარ შეეძლო მარშრუტის გაგრძელება, ამიტომ ის დარჩა ქვედა ბანაკში. ამის მერე, თუ გიორგიმ გადაწყვიტა, რომ უკვე წასულ მეგობრებს დასწეოდა მას ამის არანაირი რესური არ გააჩნდა. არ ჰქონდა GPS, შესაბამისი ეკიპირება, საკვები და პლუს ამას, როგორც მეგობრები ამბობენ მას ფიზიკურადაც არ შეეძლო გადაადგილება, ამიტომ ადვილად შესაძლებელია მას გზა აბნეოდა და წასულიყო იმ კლდეებისკენ, რომელზეც სამარშრუტო გზა არ გადის. გარდა ამისა იქ არის ალპური ზონა, როგორც გიორგის მეგობრებმა თქვეს გიორგის არ ჰქონდა შესაბამისი ტანსაცმელი, რომ თბილად ყოფილიყო, ანუ კარავიდან გასვლისას, ის უკვე საფრთხეში აღმოჩნდებოდა. სამწუხაროა, მაგრამ როგორც ჩანს, ამ მარშრუტისთვის გიორგი არ იყო მზად...
- ამჟამად ისევ გრძელდება სამაშველო-სამძებრო სამუშაოები და რა პროგნოზის გაკეთებაა შესაძლებელი?
- სამაშველო-სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობდა და ახლაც გრძელდება, იმედს ვიტოვებთ, რომ გიორგის ნახვა მოხერხდება
ლადო გოგოლაძე (სპეცილაურად საიტისთვის)