"პირველად "ბაში-აჩუკის" ღამის გადაღებებზე ვნახე... მისმა სილამაზემ დამაბრმავა" - კვირის პალიტრა

"პირველად "ბაში-აჩუკის" ღამის გადაღებებზე ვნახე... მისმა სილამაზემ დამაბრმავა"

"ყველა სახე, რომელიც ეკრანზე შევქმენი, ძვირფასია ჩემთვის, რადგან თითოეული მათგანი ჩემი ცხოვრების ნაწილაკია"

(ფოტოგალერეა)

ლია ელიავა თბილისში 1934 წლის 28 მაისს დაიბადა. მსახიობის მამა, პროფესიით ეკონომისტი შალვა ელიავა ბერლინის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ჯერ გერმანიაში და შემდეგ იტალიაში მუშაობდა. საქართველოში დაბრუნებულმა ეკატერინე კერესელიძეზე იქორწინა. 1934 წელს შალვა ელიავა ფინანსთა სახალხო კომისრად დანიშნეს. თითქოს, თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ მთავრობის სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით, შალვა ელიავას ლავრენტი ბერიასთან უთანხმოება მოუვიდა. შალვა ელიავა 1937 წელს დახვრიტეს, მისი მეუღლე კი დააპატიმრეს და გადასახლება მიუსაჯეს.

მშობლების გარეშე დარჩენილი გოგონას აღზრდა დედის მშობლებმა ითავეს. "მამა ნაკლებად მახსოვს. მხოლოდ საწოლთან თავდახრილი კაცის სახე ჩამრჩა მეხსიერებაში. მონატრებულ დედას კარადაში შემორჩენილი მისი ორი კაბის სურნელით ვიხსენებდი და გულში ვმალავდი ბავშვურ ტკივილს, რომელიც ყოველდღე მახსენებდა თავს. სკოლიდან შინ მიმავალს სოლოლაკში ჩვენი ყოფილი სახლი უნდა გამევლო, იქით გახედვას სასტიკად მიკრძალავდნენ. თვალს მალულად ვაპარებდი, იქ ყველაფერი ისევე იყო, ოღონდ, ჩვენს მაგივრად, სხვები ცხოვრობდნენ," - ასე იხსენებდა თავის ტკივილიან ბავშვობას ლია ელიავა.

დედა გადასახლებიდან რომ ჩამოვიდა, ლია 17 წლის დახვდა. "მეუბნებოდნენ, დედაშენი ლამაზი, ელეგანტური, სიცოცხლით სავსე ქალიაო და მოუთმენლად ველოდი მასთან შეხვედრას. თან მეშინოდა, არ ვიცოდი, რა მეთქვა - ჩემს ცხოვრებაში შემოდიოდა ყველაზე ახლობელი და ამავე დროს უცხო ქალი, რომელსაც ჩემი ყოფა უნდა შეეცვალა. ვაგონიდან ორი ქალი გადმოვიდა, დაბამბული ქურთუკები ეცვათ. ორივეს სახე შეშუპებული ჰქონდა. გავშეშდი. დედაჩემი ხომ ასეთი არ იყო. პირველად მას დეიდა კატიუშა დავუძახე. ახლაც მახსოვს მისი ელდანაცემი სახე. დღემდე ვერ მიპატიებია ეს ჩემი თავისთვის. დიდი ხანი დამჭირდა, რომ დედას შევჩვეოდი".

1950 წელს, თბილისის მე-2 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო მოსკოვის ა. ლუნაჩარსკის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1955 წელს. ლია ელიავა: "კინო და თეატრი თავიდანვე მიზიდავდა. მე და ჩემი თანატოლები ქუჩაში ჩვენს კინოვარსკვლავებს დავდევდით. ნატო ვაჩნაძეს ან თამარ ციციშვილს თუ დავინახავდით, დიდი მოვლენა იყო. მახსოვს, როგორ გაგვაოგნა მე და ჩემი მეგობარი ქუჩაში ულამაზეს, სრულიად ახალგაზრდა დოდო ჭიჭინაძესთან შეხვედრამ. "დავით გურამიშვილი" მისი მონაწილეობით უკვე ნანახი მქონდა და მსახიობობაზე ოცნება მაშინ დავიწყე".

მოსკოვში სწავლის პერიოდში ლია ელიავა ქართველ ჟურნალისტზე დაქორწინდა, თუმცა ეს ქორწინება ხანმოკლე გამოდგა. ამ პერიოდში ჩავიდა მოსკოვში ფილმ "ბაში-აჩუკის" გადამღები ჯგუფი და რეჟისორმა ლეო ესაკიამ ლია ტყუპი დის - პირიმზესა და პირიმთვარისას როლზე დაამტკიცა.

"ბაში-აჩუკის" გადასაღებ მოედანზე გაიცნო ლიამ მომავალი მეუღლე ოთარ კობერიძე. "ლია ელიავა პირველად "ბაში-აჩუკის" ღამის გადაღებებზე ვნახე და მისმა სილამაზემ დამაბრმავა," - იხსენებდა მსახიობი.

"პირველი უიღბლო ქორწინების შემდეგ ოჯახის შექმნაზე აღარ ვფიქრობდი, მაგრამ ოთარმა ისე დაჟინებით და ლამაზად მთხოვა ხელი, რომ უარი ვერ ვუთხარი. როცა "მამლუქი" ეკრანებზე გამოვიდა, ჩვენ უკვე საყვარელი ქალიშვილი ნანა შეგვეძინა".

მისი პირველი როლი იყო ნინო" ფილმში "ჩრდილი გზაზე". გადაღებულია ფილმებში: "ჩრდილი გზაზე", "ბაში-აჩუკი", "ქალის ტვირთი", "მამლუქი","შეწყვეტილი სიმღერა", "დათა თუთაშხია" და სხვა. ბევრ ფილმში მას პარტნიორობას უწევდა მეუღლე - ოთარ კობერიძე.

ლია ელიავამ 30-ზე მეტ ფილმში ითამაშა და მაყურებელს თავი სილამაზითა და ნიჭიერებით დაამახსოვრა.

ლია ელიავა: "ყველა სახე, რომელიც ეკრანზე შევქმენი, ძვირფასია ჩემთვის, რადგან თითოეული მათგანი ჩემი ცხოვრების ნაწილაკია. თუმცა, ჩემი ოცნების გმირს დღემდე ვერ მივაგენი. ჩვენი პროფესია ძალზედ რთულია. როლები, რასაც მთავაზობენ, ხშირად არ მაკმაყოფილებს და მაინც ვთანხმდები. ვიცი, ეს კომპრომისია, მაგრამ კინოს გარეშე ცხოვრება არ შემიძლია".

დიდი გულისტკივილით იხსენებდა, თუ როგორ უნდოდათ კინომსახიობებს საკუთარი თეატრის გახსნა, მაგრამ, როცა ამ თეატრის შექმნა რეალური გახდა, ახალგაზრდები მიიყვანეს და მათ უგანეს: "ჩვენთვისაც მოეცათ საშუალება, რომ ქართველ კინომსახიობებსაც შეგვექმნა რამდენიმე სპექტაკლი და განგვეცადა სცენის სიხარული".

რატომღაც მოხდა ისე, რომ ლია ელიავას ბედმაც და ადამიანებმაც გზა გადაუკეტეს სცენისკენ.

ოფელია უნდა ეთამაშა ლილი იოსელიანის "ჰამლეტში", მაგრამ, კონფლიქტის გამო, რეჟისორი თეატრიდან წავიდა. ლია ელიავას ოფელიაც წავიდა, ოღონდ არა მონასტერში, არამედ შეუმდგარ როლთა სიაში.

რანევსკაია უნდა ეთამაშა მიხეილ თუმანიშვილთან, ჩეხოვის "ალუბლის ბაღში", არც ეს სპექტაკლი დაიდგა.

რეჟისორმა თენგიზ აბულაძემ ელიავას შესთავაზა ქეთი ბარათელის როლი ფილმში "მონანიება". ეს როლი ზედმიწევნით ასახავდა მსახიობის მძიმე ბავშვობასა და ცხოვრებას, მაგრამ მოგვიანებით ამ როლზე ზეინაბ ბოცვაძე დაამტკიცეს. გასაგებიცაა, როგორ ენდომებოდა ამ როლის თამაში, მაგრამ, როცა ზეინაბ ბოცვაძის ქეთევანი ნახა, აღტაცება არ დაუმალავს.

1960 წელს მიღებული აქვს საქართველოს დამსახურებული არტისტის, ხოლო 1976 წელს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება.

ლია ელიავას უკანასკნელი ფილმი იყო გიული ჭოხონელიძის "ანთიმოზ ივერიელი", რომელშიც მონაზვნის როლი შეასრულა. ფილმი კინოეკრანებზე მსახიობის გარდაცვალების შემდეგ გამოვიდა.

ლია ელიავა გარდაიცვალა მიკროინფარქტით 1998 წლის 8 ოქტომბერს. დასაფლავებულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

იხილეთ ფოტოგალერეა: ლია ელიავა - ქართული კინოს მშვენება