"ნუ გეშინია, დედა, გავუძლებთო" - უძიმესი დიაგნოზი და დედა, რომელიც 23 წლის ვაჟის გადარჩენისთვის იბრძვის - კვირის პალიტრა

"ნუ გეშინია, დედა, გავუძლებთო" - უძიმესი დიაგნოზი და დედა, რომელიც 23 წლის ვაჟის გადარჩენისთვის იბრძვის

"13 წლის ნანატრ, ერთადერთ შვილს ღმერთი არ წამართმევს" - ჩვენ შეგვიძლია გიორგის გადარჩენა!

არაფერია მძიმედ ავადმყოფი შვილის დედასთან შეხვედრაზე მძიმე, ცრემლით ამოშავებული თვალების დანახვაზე საკუთარი უძლურება გახრჩობს - როცა ნუგეშის გარდა არაფერი შეგიძლია... თუმცა რა ნუგეშმა უნდა გაჭრას 23 წლის გიორგი წიკლაურის დედასთან, რომელსაც ერთი კვირის წინ ყველა შენატროდა, - რა კარგი შვილი გყავსო; ახლა თავად შენატრის ყველას, რადგან მათ ჯანმრთელად ჰყავთ შვილები; მის ერთადერთ გიორგის კი საწოლიდან წამოდგომა უჭირს, - ექიმებმა მწვავე ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს.

მობუზული ველოდებოდი საავადმყოფოს მისაღებში გიორგის დედას, ნათელა წიქარიშვილს… თავად გიორგისთან პალატაში არ ამიშვეს და დედამისი უნდა ჩამოსულიყო ჩემთან... მალევე გამოჩნდა, დარდით განახევრებული, შრომით დაღლილი ხელები კალთაზე დაიწყო და ტკივილიანი თვალებით მომაჩერდა...

- გიორგი როგორ არის, იცის დიაგნოზი?

- იცის, თავად უნდოდა რომ სცოდნოდა. ყოველთვის ასეთი იყო, - ყოველთვის ყველაფრის ცოდნა უნდა.

- მერე?

- რომ მოისმინა, ჩემკენ გამოიხედა: ნუ გეშინია, დედა, გავუძლებთო! ვიდრე მას ეტყოდნენ, მე დამიძახა ექიმმა: - შენი შვილის სისხლის ანალიზის შედეგები მივიღეთ, არ არის კარგი ამბავი, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, უნდა გითხრა, მწვავე ლეიკემია აქვსო. უცებ დამებინდა გონება, არ მახსოვს ექიმი რას მელაპარაკებოდა, ბოლოს რასაც მოვკარი ყური ეს სიტყვები იყო: შენი შვილი მეც არ მემეტება ამისთვის, მაგრამ რადგან ასეა, ახლა ტირილის დრო არ არის, გიორგის სიცოცხლე დღეებზე კი არა, შეიძლება საათებზე და წუთებზეც არის დამოკიდებული, მაგრამ შველა შეიძლება, სასწარფოდ უნდა მოვაძლიეროთ და ქიმიის პროცედურები დავიწყოთო. სიტყვა "ქიმიამ" სულ მომკლა... ეს როგორ უნდა მომხდარიყო, რა მოუვიდა ჩემს შვილს, - 13 წლის განმავლობაში ვნატრობდი, 13 წელი ვეხვეწებოდი უფალს, - შვილი მაჩუქე-მეთქი და როცა მაჩუქა, ისე გამოვზარდეთ მე და მამამისმა, რომ მისი ჯანმრთელობისთვის მისხალი არაფერი დაგვიკლია.

ან როგორ უნდა დაგვეკლო, - თიანეთში ვცხოვრობთ, სოფელ დევენაანთხევში, იქ ყველეფერი ისედაც ჯანმრთელია, - ჰაერიც და საკვებიც. თავად სულ ვარჯიშობდა. უნივერსიტეტის მეორე კურსზე იყო, როდესაც გვითხრა, - თქვენ პენსიონრები ხართ და მრცხვენია, პენსიონერი დედ-მამის პენსიის იმედად როგორ უნდა ვიყოო და სამუშაო იპოვა, ამიტომ სოფელში დიდი ხნით ვერ მოდიოდა; მაგრამ როცა ამოდიოდა, ჩვენს ალვის ხეების ხეივანში რომ არ ერბინა, თბილისში არ დაბრუნდებოდა - არადა, ამ ხეივანში 10 კილომეტრია სარბენი ზემოთ და ქვემოთ. თუ ასე მძიმე ავადმყოფობა ჰქონდა სხეულში, წინასწარ არაფერი შეეტყობოდა? ეს ხომ შეუძლებელია?! როგორ დაგვეცა ასეთი მეხი?!

მე კიდევ გავმაგრდი, - სხვა გზა რომ არ მაქვს იმიტომ, მაგრამ გიორგის მამა ადამიანს აღარ ჰგავს, - საავადმყოფომდეც ვერ მოდის, სანახევროდ უსინათლოა, გიორგის ამბავმა სულ წააქცია. მირეკავს, იმის კითხვა უნდა, გიორგი როგორააო, მაგრამ სიტყვებს ძლივს მაგებინებს, ნერვიულობისგან ხმა დაკარგა.

- რა სიმპტომებით დაიწყო ავადმყოფობა?

- გაციება ეგონა. ჩემი შვილი ჩემს ძმასთან ცხოვრობს თბილისში, სამსახურიდან შინ მისულმა დამირეკა, - მგონი ვცივდები, სიცხე მაქვს და მაჟრიალებსო.…ცაცხვის ჩაი დალიე-მეთქი. თურმე რა ცაცხვის ჩაი! მეორე დღეს სამსახურში მაინც წასულა; მაგრამ თავი მაგიდაზე ჩამოუდია და თანამშრომლებისთვის უთქვამს - ძალიან ცუდად ვარ, ხელ-ფეხს ვეღარ ვანძრევ; სახლში უნდა წავიდეო; თიანეთში წამოვიდა.

- დედისკენ გამოუწია გულმა...

- რომ ჩავიხუტე, ისეთი ცხელი იყო, კინაღამ ჩავიკეცე. თავიდან მეც გაციება მეგონა, მაგრამ ყველანაირი სიცხის დამწევი რომ მივეცი და ტემპერატურა 40 გრადუსს ქვემოთ არ ჩამოუვიდა, სასწრაფო გამოვიძახე. თავიდან მათაც გაციება ეგონათ; სიცხემ რომ არ დაიკლო, უკვე თბილისში წამოვედით და... ცა ჩამომექცა...

უკვე სამჯერ გაუხვრიტეს მკერდის ძვალი, რომ ანალიზები აეღოთ… ამის ცქერა როგორია დედისთვის! აუცილებლად თურქეთში უნდა წავიყვანო, სხვა გზა აღარ მაქვს. მეც უნდა წავყვე. თავად ვატყობ, რომ ჩემი წაყოლა უნდა და თან არ უნდა - მკერდზე სიმსივნე მქონდა და მომკვეთეს, ამიტომ მეუბნება, - დედა შენ ავად ხარ, ცოდვა ხარო, თან, ვიცი, თუ დარჩები, მაინც ვერ დაიძინებ, ვერ მოისვენებო... უნდა წავყვე. ვიდრე გიორგის არ მოვარჩენ, გავმაგრდები. მერე სულ ერთია, რაც იქნება.

- ნუ გეშინიათ, მოარჩენთ... თუმცა მკურნალობა, ვიცი, რომ ძალიან ძვირი ჯდება, თითქმის 150 000 დოლარი...

- ამდენი ფული ჩვენ საიდან გვექნება, მაგრამ კეთილი ადამიანების დახმარების იმედი მაქვს... ჩემი შვილი უნივერსიტეტის მეოთხე კურსიდან ერთმა დიდმა კომპანიამ თავად წაიყვანა სამუშაოდ. ამ კომპანიაში გიორგისთვის ყველაფერი გააკეთეს და გამოკვლევების ფული შეგვიგროვეს; მერე, არ ვიცი, რა იქნება. მარტო ის ვიცი, რომ 13 წლის ნანატრ, ერთადერთ შვილს ღმერთი არ წამართმევს, არ უნდა წამართვას...

მითხრა გიორგის დედამ და საავადმყოფოს კიბეზე ავიდა, - შვილთან მიდიოდა პალატაში. თვალი გავაყოლე და მხრები უთრთოდა, მაგრამ მივხვდი, რომ ვერაფერი წააქცევდა, შვილის ფეხზე დასაყენებლად მთებსაც გადადგავდა...

უმორჩილესად გთხოვთ, დავეხმაროთ ამ დედას, ერთადერთი და კარგი შვილის გადასარჩენად, - არავინ იცის, განსაცდელი ვის კარზე მოვა, მაგრამ ის მაინც უნდა ვიცოდეთ, რომ სიკეთე ამ განსაცდელში მარტო არ დაგვტოვებს. განა ამისთვის არ ღირს საერთოდ ცხოვრება?

"თი-ბი-სი" ბანკი

GE37TB7622845061100020

მიმღები: მკერვალი მარიამი

ტელეფონი: 598451900

ასევე  " ბილაინის" და "მაგთის" აბონენტებს შეუძლიათ, ერთჯერადი გადარიცხვისთვის, დარეკონ ნომერზე:  0901701116, ზარის ღურებულება 1 ლარი. )

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)