კახი კავსაძე: "უკვე მერამდენედ მომკლეს"
რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მსახიობი კახი კავსაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა... სიმართლის გასარკვევად, კახი კავსაძის ახლო მეგობარს, გივი ბერიკაშვილს დავუკავშირდით...
- კახი საავადმყოფოში არ გახლავთ, ჩემო ბატონო! ახლა პატარა ბიჭები აღარ ვართ და ზოგჯერ რაღაც შეგვაწუხებს, მაგრამ ორი დღის წინ წამოვედი თბილისიდან და კახი კარგად დავტოვე! აუზზე დადის და ვარჯიშობს. ტელეფონით ვესაუბრები. ღმერთმა არ ქნას და ცუდად რომ იყოს, ახლა აგარაკზე კი არა, მის გვერდით ვიქნებოდი! ისე მესამე შემთხვევაა, როდესაც კახის ასეთ ჭორს უვრცელებენ! ახლა მეც "მიმაწვენენ" მის გვერდით... კახის რაღაცას გამოუგონებენ, მერე გაირკვევა, რომ ტყუილია და გივია ბერკაშვილი, აგერ არ არისო?! ველოდები, ახლა ჩემზე როდის გაავრცელებენ - "მარილზე გავიდაო"... არ დაუჯეროთ, ხალხო, მაგ შობელძაღლებს! სამჯერ დამიყარეს ხმა მოკვდაო, მაგრამ კიდევ კარგი, საწინააღმდეგოდ მიხდება ეგ ჭორები! კარგად მაქვს დაცდილი მეც და კახისაც... ამ "ფეისბუკის" მეტი აღარაფერი იციან ამ ქვეყანაზე და იქ რაღაცით ხომ უნდა გაერთონ?! ხან კახის მოკლავენ და ხან მე! მაგრები ვართ სისულელეების მოგონებაში და ყველა სიგლახეში! ვურჩევდი, სხვა გასართობი იპოვონ!
იმერი კავსაძე, კახი კავსაძის ძმა: - მორიგ სისულელეს აქვს ადგილი! ვიღაც არაკეთილსინდისიერმა გაავრცელა ყალბი ინფორმაცია, თითქოს ჩემი ძმა უმძიმესად არის! ერთი კაცის სიგიჟემ გამოიწვია ამხელა ამბავი და არეულობა! უამრავ ადამიანს აქვს ნერვები მოშლილი! ქუჩაში 10 ნაბიჯი ვერ გადმოვდგით, ხალხი გამორბოდა და იყო ერთი აჟიოტაჟი! მინდა ყველას ვუთხრა, რომ კახი ძალიან კარგად არის და ვიღაცამ იმაიმუნა!
კახი კავსაძე: - კარგად ვარ ჩემო ბატონო! მე არც მინახავს, ვიღაცას დაუწერია, კვდებაო... ეს უკვე მერამდენედ მომკლეს... ნურავინ ინერვიულებს, ყველაფერი კარგადაა!
მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)