"არასდროს დამავიწყდება იმ ბიჭის სახე, ვინც ბექას გადარჩენას ცდილობდა..." - რა მოხდა თბილისის ზღვაზე
13 ივლისს თბილისის ზღვაზე დაკარგული 15 წლის ბიჭის ცხედარი მაშველებმა მეორე დღეს იპოვეს. თვიმხილველების თქმით, მოზარდი მეგობრებთან ერთად ე.წ. ჩანჩქერთან ბანაობდა...
"ბავშვები წყალში მილიდან ხტებოდნენ, როგორც ჩანს, ბექა წყალმა გაიტაცა... ცუდად ცურავდა. ერთი ბიჭი მისახმარებლად გადახტა, მაგრამ შეშინებულმა ბექამ მისი ჩათრევა სცადა და მეგობარმა მისი დახმარება ვერ შეძლო" - განაცხადა თვითმხილველმა.
მარი, თვითმხვილველი: - ყვირილის ხმაზე იქეთ გავიქეცით... 15 წლის ბიჭს უკვე სამაშველო სამსახური ეძებდა. არასდროს დამავიწყდება იმ ბიჭის სახე, ვინც ბექას გადარჩენას ცდილობდა - არეული სახე და თვალები ჰქონდა... გარშემო ბევრი მისი თანატოლი ირეოდა. ალბათ, მეგობრები იყვნენ. ბიჭებს გოგონებიც ახლდათ და ხომ იცით, როგორი ასაკი აქვთ, ამ დროს საფრთხეებს ადეკვატურად ვერ აფასებენ.
გიო, დაღუპულის მეგობარი: - ბიჭები იქ პირველად არ ყოფილან. მეც ბევრჯერ გადავმხტარვარ იმ მილიდან. არ ვიცი, იმ დღეს რა მოხდა... არასდროს გამიგია, რომ იქ ვინმე დამხრჩვალიყო ან სახიფათო ვითარებაში აღმოჩენილიყო. უბრალოდ, დანარჩენ ადგილებთან შედარებით, იქ ჩანჩქერივით არის და თითქოს დინება უფრო ძლიერია... ის მილი, საიდანაც ვხტებით, წყლიდან ნახევარი მეტრის სიმაღლეზეა. იმ დღეს მეც მათთან ერთად უნდა ვყოფილიყავი, ბიჭებმა დამირეკეს, მაგრამ ცოტა შემაგვიანდა და რომ მივედი, ეს უბედურება უკვე მომხდარი იყო.
- თვითმხილველებმა თქვეს, რომ ბიჭმა ცურვა კარგად არ იცოდა.
- ეს მართალი არ არის. როგორც უკვე გითხარით, იქ პირველად არ ყოფილა, ხშირად დავდიოდით... როგორც კი სეზონი დადგებოდა, სკოლის შემდეგ ხშირად ავდიოდით ბიჭები და ბექამაც თბილისის ზღვა კარგად იცოდა... ამ უბედურების შემდეგ კი იქ აღარასდროს წავალთ...
როდესაც ჩვენი მეგობარი მის დასახმარებლად გადახტა, ალბათ, შეეშინდა და იმიტომ ებღაუჭებოდა. ასე შეიძლება გამოცდილ მოცურავესაც დამართნოდა... ის მშიშარა ბიჭი არ იყო. პირიქით, ძალიან გაბედული იყო, თორემ იქ არ შეცურავდა...
ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)