გამოცხადება - მამა გაბრიელმა ფრანგი გი საქართველოში "ჩამოიყვანა" და გაბრიელად მონათლა
"კვირის პალიტრის" არქივი
"რაღაც ძალამ წამიყვანა ხატისკენ და გავოცდი, ახლოდან დავინახე ის სახე და თვალები, რომელმაც ჩემი ცხოვრების უმძიმეს პერიოდში საოცარი ძალა მომცა. ლალიმ მითხრა, ეს ბერი გაბრიელიაო. ბედნიერებისგან ვტიროდი. ეს ყველაფერი ნათლობის წინ მოხდა და ამიტომაც დამარქვეს გაბრიელი. მაშინ პირველად ვუამბე ჩემს მეუღლეს გამოცხადების შესახებ"
გიგაბრიელ მენუჩი იტალიელი ფრანგია, თუმცა, ამბობს, ჩემი ნამდვილი სამშობლო საქართველოაო. აპირებს, საქართველოს მოქალაქეობა ითხოვოს... მეუღლეც ქართველი ჰყავს - პიანისტი ლალი ბაიაძე. მართლმადიდებელი ქრისტიანია, მაგრამ მხოლოდ იმიტომ არ მონათლულა, რომ ქართველ ქალთან ჯვარი დაეწერა. ამბობს, რომ მის ცხოვრებაში სასწაული მოხდა: დიდი ხნის წინ, როდესაც არც კი იცოდა, სად იყო საქართველო და რა აღმსარებლობა ჰქონდა აქაურთა უმრავლესობას, ბერი გაბრიელი გამოეცხადა. მაშინ ბერი არც წმინდანად იყო შერაცხილი და არათუ ფრანგებმა, ქართველებმაც თითქმის არაფერი იცოდნენ მის შესახებ.
"ზოგჯერ ერთბაშად დაგატყდება თავს სადარდელი და სასო წარგეკვეთება. ასე დამემართა სიყმაწვილეში - ერთმანეთს მიეწყო პრობლემები სამსახურში, პირად ცხოვრებაში... თითქოს გზა არსაით იყო. ვიჯექი შინ, თვალმოუშორებლად გავყურებდი ფანჯრიდან ბაღს და ვგავდი ადამიანს, რომელიც ოკეანის ფსკერიდან გადასარჩენად ზედაპირისკენ ილტვის და შუქს ვერ ხედავს. ერთ დღესაც, უცებ, ფანჯრის მიღმა გამოისახა თეთრსამოსიანი ბერი, გრძელი წვერი და საოცარი თვალები ჰქონდა. არ მახსოვს, რამდენ ხანს მიყურებდა. ვგრძნობდი მხოლოდ უცნაურ სითბოს. ვიფიქრე, ღმერთი გამომეცხადა-მეთქი, რადგან საოცარი ძალა მომეცა...
გავიდა დრო, სხვა ქალაქში გადავბარგდი, შევიცვალე სამსახური. ყველაფერი ძალიან კარგად აეწყო და ცხოვრება გაიოლდა, მაგრამ მატერიალურმა ფასეულობებმა თითქოს ღირებულება დაკარგა...
გზა საქართველოსკენ
ვფიქრობ, გამოცხადება იყო ნიშანი, რომ ჩემი გზა საქართველოსკენ მოდიოდა. თუმცა ამას დიდხანს ვერ მივხვდი, მაშინაც კი, როდესაც ჩემი მშვენიერი ლალი და საქართველო გავიცანი. ის სასწაული გამოცხადება გულში საიდუმლოდ მქონდა დამარხული. მე და ლალიმ 2004 წელს ხელი მოვაწერეთ. საფრანგეთ-შვეიცარიის საზღვარზე ვცხოვრობთ. ერთხელ მეუღლემ რუსულ ეკლესიაში წამიყვანა. რომ მივედით, "შენ ხარ ვენახის" გალობდნენ ეკლესიაში მლოცველი ქართველები. აღვფრთოვანდი. ეკლესია ჩემი საყვარელი ადგილი გახდა და ერთ დღეს ვთქვი, მინდა მოვინათლო-მეთქი. ლალიმ შემომთავაზა, თბილისში მოვნათლულიყავი. აქ შევარჩიე ნათლიაც - მარიამ დავითაშვილი და შესანიშნავი პიროვნებები, ახლა უკვე ჩემი მეგობრები - მამა დავით ციცქიშვილი და მამა მიქაელ კაპანაძე. კლდისუბნის წმინდა გიორგის ეკლესიაში მომნათლეს და ვიდრე ბჭობდნენ, რა დაერქმიათ ნათლობის სახელად, კიდევ ერთხელ მოხდა სასწაული - ტაძრის იმ ნაწილში, სადაც საგანგებოდ თუ არ მიხვედი, ვერ დაინახავ, ბერი გაბრიელის ხატია. რაღაც ძალამ წამიყვანა ხატისკენ და გავოცდი, ახლოდან დავინახე ის სახე და თვალები, რომელმაც ჩემი ცხოვრების უმძიმეს პერიოდში საოცარი ძალა მომცა. ლალიმ მითხრა, ეს ბერი გაბრიელიაო. ბედნიერებისგან ვტიროდი. ეს ყველაფერი ნათლობის წინ მოხდა და ამიტომაც დამარქვეს გაბრიელი. მაშინ პირველად ვუამბე ჩემს მეუღლეს გამოცხადების შესახებ.
დაემთხვა ისიც, რომ იმ წელს მოვინათლე, როდესაც ბერი წმინდანად შერაცხეს და მისი ნეშტი ამოასვენეს. ერთ წელიწადში კიდევ ერთი საინტერესო ამბავი მოხდა. ფრანგმა მართლმადიდებელმა თეოლოგმა ჟან-კლოდ ლარშემ გამოსცა წიგნი ბერი გაბრიელის შესახებ, რომელიც 15 ენაზე ითარგმნა და თვალის დახამხამებაში გაიყიდა.
"მჯერა, რომ ის გოგონა გადარჩა"
ვფიქრობ, ადამიანმა არ უნდა იცხოვროს ღვთისგან შორს. სწორედ უფლის რწმენა გახდა ჩემთვის საყრდენი, რომელიც ცხოვრებაში დამეხმარა. მას უამრავი ადამიანის ცხოვრების შეცვლა შეუძლია. მთავარია, გულის კარი გაუღო...
ძალიან მიყვარს ფეხით სიარული. დიდუბე-დიღმის ხიდზე მივდიოდი. დავინახე, ხიდის მოაჯირს გოგონა უცნაურად დაჰყრდნობოდა და კანკალებდა. სახე არ უჩანდა. გავუარე, მაგრამ ვერ მოვითმინე და უკან მოვიხედე, ტიროდა. მეუცნაურა, რომ ყურადღებას არავინ აქცევდა. მე ქართული ენა არ ვიცი, მაგრამ მაინც მივუახლოვდი და მეც დავეყრდენი მოაჯირს. გამომხედა. ფრანგულად, თან ჟესტიკულაციით, რაღაცნაირად, არტისტულად ვუთხარი, - ნახეთ, რა ლამაზი ცაა, თქვენ საოცრება ხართ და მხოლოდ უნდა იღიმებოდეთ-მეთქი. ჯერ გაკვირვებული მისმენდა, შემდეგ გამიცინა. გავთამამდი, ხელი მოვკიდე და ეკლესიისკენ ვანიშნე, წამოდი-მეთქი. მორჩილად, ღიმილით წამომყვა. დავაყენე ხატებთან და ვუთხარი, რომ მათ შეეძლოთ დახმარებოდნენ. გოგონას ჩემი არც ერთი სიტყვა არ ესმოდა, მაგრამ ხვდებოდა ჩემს განზრახვას. მეც დავდექი სალოცავად და ბერ გაბრიელს შევავედრე მისი თავი. მჯერა, რომ იმ გოგონას ცუდი არაფერი დაემართება.
"სამშობლო ვიპოვე"
შემეძლო, მსოფლიოს ნებისმიერ ადგილზე მეცხოვრა, მაგრამ საქართველოს ნახვის შემდეგ ყველაფერი გაუფერულდა, რადგან აქ ვნახე უზომოდ დიდი სიმშვიდე, სიყვარული და ჰარმონია. რაც მთავარია, აქ ძალიან ახლოს ვარ ღმერთთან. ქართველებში ძალიან ბევრი სითბოა. ასე მგონია, საქართველო მისტიკურია თავისი ისტორიით, ცხოვრების წესით. აქ ჩამოსვლისას ორჯერ ვტირი, სიხარულით, რომ ამ მიწას დავადგი ფეხი და წასვლისას ტკივილის გამო, მაგრამ ყოველთვის ვიცი, რომ საქართველო მელოდება და დავბრუნდები. ყოველ დილით ვდგები ხატებთან და ვლოცულობ საქართველოსთვის თბილისშიც და საფრანგეთშიც. ამიტომ, როგორც კი პენსიონერი გავხდები, საბოლოოდ გავქართველდები. არ მითხრათ, ვარდისფერი სათვალით ხედავ ამ ქვეყანასო. თბილისი ფეხით მაქვს მოვლილი, მისი ყველა კუთხე-კუნჭული ვიცი. ვიცნობ ხალხს გულით, თვალებით, ინტონაციებით. ნაკლოვანებასაც კარგად ვამჩნევ, მაგრამ უნაკლო ხომ არავინაა.
ეკა ლომიძე