"შრომისას დიდ გამოცდილებას იღებ ადამიანი" - 11 წლის ბიჭი, რომელიც სახელოსნოში ველოსიპედების შემკეთებლად მუშაობს
"მარტო დასვენება, გართობა და თამაში დამღლელია. ასე ბევრს ვერაფერს ისწავლიან, შრომისას კი დიდ გამოცდილებას იღებ ადამიანი"
11 წლის წლის ზურა დათუნაშვილი უკვე 2 წელია, ვაგზალზე ერთ-ერთ სახელოსნოში ველოსიპედების შემკეთებლად მუშაობს. ადგილეზე მისულებს ზურა საქმეში გართული დაგვიხვდა, თუმცა თავისი ხელსაწყოები მიატოვა და დიდი სიამოვნებით დაგვთანხმდა ინტერვიუზე.
- ზურა, მოგვიყევი შენზე, სად სწავლობ, რამდენი წლის ხარ?
- 11 წლის ვარ, 75-ე სკოლაში ვსწავლობ. სკოლაში სიარული დიდად არ მიყვარს, თუმცა სხვა გზა არ მაქვს უნდა ვიარო და რაღაც მაინც ვისწავლო. ბავშობიდან მიყვარდა მანქანების დაშლა-აწყობა, ახლა კიდევ დიდ ველოსიპედებს ვშლი და ვაწყობ, გარდა ველოსიპედებისა ვაკეთებ ბავშვის ეტლებსაც და ძალიან მომწონს ეს საქმე.
- რამ გადაგაწყვეტინა ამ ასაკში მოსულიყავი და მუშაობა დაგეწყო ?
- ყველაფრის თავიდათავი ინტერესია. 9 წლის ვიყავი როცა აქ მოვედი. თავიდან მამას ვეხმარებოდი, მერე ნელ-ნელა მეც ვისწავლე. ხანდახან ინტერნეტშიც ვნახულობდი ვიდეოებს როგორ შლიდნენ ველოსიპედებს და მომწონდა ამის ყურება.
- ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ შენს გადაწყვეტილებას?
- ნორმალურად, გაეხარდათ კიდეც. მამაჩემიც აქ მუშაობს და ამიტომაც გამომიშვა ოჯახმა თავისუფლად.
- რომელ საათზე იწყება შენი სამუშაო დღე?
- ზაფხულობით დილას 9 საათზე უკვე საწყობში ვარ. მთელი დღე არ ვმუშაობ, როცა ვისვენებ ველოსიპედით ვსეირნობ. მომწონს როცა დაშლილ ველოსიპედებს ვაწყობ. სასიამოვნო პროცესია, პირვანდელ სახეს რომ უბრუნებ.
- შემოსავალი რამდენი გაქვს?
- კვირაში ხან 600 ლარამდე გამოდის, ხან მეტზეც ავდივართ ხოლმე. გააჩნია კლიენტები თუ გვყავს, გარდა ველოსიპედების შეკეთებისა, ვყიდით კიდევაც.
- რა უნდა გამოხვიდე როცა გაიზრდები?
- ჯერ მაგაზე არ მიფიქრია. იქამდე კიდევ ბევრი დროა, ვნახოთ, თუმცა უნივერსიტეტს აუცილებლად დავამთავრებ. მინდა, რომ ველოსიპედების აწყობის გარდა, ვეტმფრენების აწყობაც ვისწავლო.
- წიგნების კითხვა თუ გიყვარს?
- კითხვა არ მიყვარს, თუმცა ხანდახან როცა ძალიან ვიღლები, ვკითხულობ კიდეც.
- სპორტის რომელიმე სახეობაში ხომ არ ვარჯიშობ?
- არა, მაგრამ ცურვის სწავლა მინდა ძალიან.
- სწავლის პერიოდში როგორ უთავსებ სკოლას და სამუშაოს?
- სკოლის პერიოდში სახელოსნოში ძირითადად შაბათ-კვირას ვარ, თუმცა თავისუფალ დროს როგორც კი გამოვნახავ, მაშინაც მოვიდვარ ხოლმე.
- ამ ზაფხულს დაისვენე?
- კი, ცოტა ხანი, მაგრამ მთელი ზაფხული დასვენება დამღლელია, რაც დავისვენე, ჩემთვის ეგეც საკმარისია.
- რას ეტყოდი შენს თანატოლებს?
- მარტო დასვენება, გართობა და თამაში დამღლელია. ასე ბევრს ვერაფერს ისწავლიან, შრომისას კი დიდ გამოცდილებას იღებ ადამიანი. როცა დიდი ვიქნები, უკვე ბევრი რაღაც მეცოდინება.
ნინო ჩიქოვანი (სპეციალურად საიტისთვის)