"ლეილასთვის უნდა მეკოცნა და არ გამომდიოდა"
ლეილა აბაშიძე: "როდესაც გადასაღებ მოედანზე გამოჩნდა, ამერიკული კინოს გმირს ჰგავდა. თენგიზი არაჩვეულებრივი პარტნიორი იყო, საოცრად მგრძნობიარე, ტაქტიანი და ჭკვიანი. მან შექმნა ქართულ კინოში მამაკაცის ახალი, ინტელექტუალური გმირის სახე"
ქართველი გრეგორი პეკი - ასე მოიხსენიებდნენ თენგიზ მუშკუდიანს ახალგაზრდობაში. საქართველოს სახალხო არტისტს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვან სოლისტს, ბანს თენგიზ მუშკუდიანს ივნისში 89 წელი შეუსრულდა. მაღალი, სიმპათიური მამაკაცი 1956 წელს თითქმის ყველა გოგონას უყვარდა. ფილმ "აბეზარას" გმირმა გიორგი მუხაძემ სწრაფად გაითქვა სახელი და მისი როლის შემსრულებელს პოპულარობა მოუტანა. "კვირის პალიტრა" თენგიზ მუშკუდიანს ესაუბრა:
- ფილმის რეჟისორმა, ნიკოლოზ სანიშვილმა კონცერტზე მნახა და მითხრა, - მომეწონა შენი ხმაც და ტიპაჟიც, მინდა "აბეზარაში" გადაგიღოო... რომ მივედი, დამხვდნენ ლეილა აბაშიძე, გიორგი გეგეჭკორი, მარინე თბილელი, სესილია თაყაიშვილი... ვიფიქრე, აქ მე რა უნდა გავაკეთო-მეთქი. ძალიან ვღელავდი. ლეილა იყო და არის შესანიშნავი მსახიობი, იმდენად თავისუფლად გრძნობდა თავს კამერის წინ, მეც კი გადმომედო ეს თავისუფლება.
ერთი ამბავი მახსენდება: ფინალურ სცენაში ლეილასთვის უნდა მეკოცნა. გარშემო ხალხი იყო. ცოტა მორცხვი კაცი ვიყავი და არ გამომივიდა კოცნა არც პირველ ცდაზე, არც მეორეზე... ამასობაში ფირი დაიხარჯა. სანიშვილი გაბრაზდა. მეც გავბრაზდი და წამოვედი. შინ დაბრუნებულმა ვიფიქრე, - უფროსი კაცი შენიშვნას გაძლევს, შენ კი იხდი კოსტიუმს, იშორებ გრიმს და მოდიხარ... ეს რა დამემართა-მეთქი და საღამოს დავურეკე, მოვუბოდიშე. მეორე დღეს მივედი და გადავიღეთ ბოლო სცენა. გამომივიდა თუ არა, არ ვიცი...
- 1970 წელს იყო თქვენი მეორე კინოროლი ფილმში "დიდოსტატის მარჯვენა", მიუხედავად საოპერო ცხოვრებისა, დათანხმდით ვახტანგ ტაბლიაშვილს ფილმში მონაწილეობაზე.
- სხვათა შორის, მინდოდა უარის თქმა, მაგრამ ვერ ვთქვი... პატარა როლია, მაგრამ ფსიქოლოგიურად ძალიან დატვირთული. "აბეზარაში" ჩემი თავი ვითამაშე და აქ უნდა მეთამაშა ჭიაბერი. მერე კიდევ იყო შემოთავაზებები, მაგრამ უარი ვთქვი. მე ვარ მომღერალი და ვერ მოვწყდი ჩემს საქმეს.
- არაერთი შთამბეჭდავი საოპერო სახე შექმენით. რომელს გამოყოფდით?
- ყველაზე რთული ბორის გოდუნოვი და მეფისტოფელი იყო. ფაუსტიც რთული როლია და დიდი მომზადება უნდა.
ერთხელ ტაშკენტში ვართ, რუსთაველის იუბილე იყო. დიდი კონცერტია, მთავრობის წევრები ესწრებიან. იმ პერიოდში ხშირად იყო მიწისძვრები. დაიწყო კონცერტი... დადგა ჩემი გამოსვლის ჯერიც. გამოვედი, ვმღერი და ვხედავ, ხალხი გარბის, თურმე მიწისძვრაა. მთავრობის წევრები კი სხედან გაუნძრევლად... მერე ხუმრობდნენ, - ქართველი ბანი ჩამოვიდა და დაგვაზანზარაო. მე სცენაზე ისე ვიყავი როლში შეჭრილი, რომ ვერ ვიგრძენი მიწისძვრა.
- 57 წლისამ დატოვეთ სცენა, შემდეგ დაიწყეთ პედაგოგიური მოღვაწეობა.
- მთელი სიცოცხლე ძალიან სერიოზულად ვეკიდებოდი სიმღერას. მომღერალს ბევრი რამ ეკრძალება. ისე დამღალა ამან, რომ, მინდოდა, ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვყოფილიყავი - სიგარეტი გამებოლებინა, დამელია... ოპერიდან წამოსვლის შემდეგ ეს ყველაფერი ისე ავინაზღაურე, რომ წნევამ დამარტყა... ბევრმა თაობამ გამოიარა ჩემს ხელში. არტისტისთვის აუცილებელია ხმა, გარეგნობა - უნდა იყოს სასიამოვნო მოსასმენიც და საყურებელიც.
"თენგიზი გრიმის ქვეშ წითლდებოდა"
"კვირის პალიტრა" ლეილა აბაშიძესაც დაუკავშირდა: - ნიკოლოზ სანიშვილს ჩემი პარტნიორის პოვნაში დიდი საზრუნავი გაუჩნდა. უნდა ეპოვა არქიტექტორ გიორგი მუხაძის როლის შემსრულებელი.
იმ დროს თენგიზ მუშკუდიანი ოპერის ცნობილი მომღერალი იყო და კინოში გადაღების გამოცდილება არ ჰქონდა, მაგრამ საოცარი გარეგნობის გამო არჩევანი მასზე შეჩერდა.
როდესაც გადასაღებ მოედანზე გამოჩნდა, ამერიკული კინოს გმირს ჰგავდა. ფილმში იყო ზოგიერთი სცენა, სადაც თენგიზი გრიმის ქვეშ წითლდებოდა. ამას რომ დავინახავდი, იმდენად გადამდები იყო, მეც ვწითლდებოდი ხოლმე. რამდენიმე რეპეტიციის შემდეგ ეს სირთულე გადავლახეთ. თენგიზი არაჩვეულებრივი პარტნიორი იყო, საოცრად მგრძნობიარე, ტაქტიანი და ჭკვიანი. მან შექმნა ქართულ კინოში მამაკაცის ახალი, ინტელექტუალური გმირის სახე.
ნინო წიფურია