ვინ თამაშობს სააკაშვილის პროტოტიპს პოლიტიკურ სერიალში "9+1"?! - ექსკლუზიური კადრები გადასაღები მოედნიდან
"ჩვენ ვაჩვენებთ მაყურებელს კულუარებს, ბნელ მხარეს, ჯოჯოხეთს, სადაც ეს ავადმყოფური იდეები იბადებოდა და მერე ხორცს ისხავდა"
"თქვენ ნახავთ გახმაურებული საქმეების სამზარეულოს, იმას, თუ როგორ იკრიბებოდა სააკაშვილის ე.წ. ღამის მთავრობა და კონკრეტული ადამიანების შესახებ როგორ გამოჰქონდათ უსასტიკესი გადაწყვეტილებები, შემდეგ კი ამას როგორ ახორციელებდნენ... ეს არის ფილმი-ეპოპეა, რომელმაც უპირველესად საზოგადოება უნდა დააფიქროს იმაზე, ამდენი საშინელება როგორ დავუშვითო", - გვითხრა რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ კინოპროექტზე "9+1", რომლის გადაღებები, ფაქტობრივად, დასრულდა. პირველი კინოჩვენებაც უკვე დაგეგმილია. 27-28 აგვისტოს მედიისა და კინემატოგრაფის წარმომადგენლებს შეეძლებათ იხილონ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის 9-წლიან პერიოდზე რამდენიმე სერიად გადაღებული ფილმი, თუმცა, როგორც რეჟისორმა ექსკლუზიურად გაგვიმხილა, ფილმში პირდაპირი იდენტიფიცირება არავისი მოხდება: "მთელი ფილმი სასამართლო პროცესია, რომელიც გარკვეულ ქვეყანაში მიმდინარეობს და განსასჯელის სკამზეც "გარკვეული ადამიანები" სხედან, თუმცა მაყურებელი ამ ქვეყანაში, სამწუხაროდ, ადვილად ამოიცნობს საქართველოს, ისევე როგორც დამნაშავეებს".
სატელევიზიო პრემიერა 6 სექტემბერს ტელეკომპანია "იმედისა" და GDS-ის ეთერში გაიმართება, პრემიერამდე კი რეჟისორი გოგა ხაინდრავამ გაზეთ "კვირის პალიტარს" ექსკლუზიურად გაუმხილა ფილმის საინტერესო დეტალები:
- დავპირდი საზოგადოებას, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას ნიურნბერგის პროცესს მოვუწყობდი და მოვუწყვე კიდეც იმ ხერხითა და საშუალებით, რაც ხელმეწიფებოდა. მე არა ვარ იურისტი, ეს კინოპროცესია, სადაც განიხილება ის დანაშაულები, რომლებიც ჩადენილი აქვს გარკვეულ ხელისუფლებას გარკვეულ ქვეყანაში. ცნობილ გვარ-სახელებს აქ ვერ გა-იგონებთ, თუმცა გასაგები იქნება, ვინ ვინ არის.
- და მაინც, ვინ სხედან განსასჯელის სკამზე?
- ყველა დამნაშავე - პრეზიდენტით დაწყებული და ციხის ადმინისტრაციით დასრულებული. განსასჯელის სკამზე 20-ზე მეტი კაცი ზის.
- რომელი გახმაურებული საქმეები მოხვდა ფილმში?
- თეთრაძისა და შავაძის, გირგვლიანის მკვლელობა, ირემაძის საქმე... ფილმში მაქსიმალურად ზედმიწევნით აღვადგინეთ გლდანის ციხე, რომელიც პატიმრებისთვის ყველაზე დიდი განსაცდელი იყო. იქნება ისეთი საქმეებიც, რომლის შესახებაც ცოტა რამ გვსმენია. არჩევანის გაკეთება ძალიან რთული იყო, რადგან საშინელი ტრაგიზმის და უბედურების არაერთი საქმე გვქონდა. ფილმში მოხვდა ის დანაშაულები, როდესაც ერთ კონკრეტულ ადამიანს დაუპირისპირდა მთელი სახელმწიფო მანქანა - დაწყებული პრეზიდენტით და დასრულებული რიგითი ბადრაგით.
ჩვენ ვაჩვენებთ მაყურებელს იმ სამზარეულოს, თუ როგორ წყდებოდა ე.წ. ღამის მთავრობაში ადამიანების ბედი, ვაჩვენებთ კულუარებს, ბნელ მხარეს, ჯოჯოხეთს, სადაც ეს ავადმყოფური იდეები იბადებოდა და მერე ხორცს ისხამდა.
- საზოგადოებას ყველაზე მეტად აინტერესებს, ვინ განასახიერებს იმ პერსონაჟს, რომელიც სააკაშვილის პროტოტიპი იქნება?
- მომეცით უფლება, ეს ფილმის ინტრიგად დარჩეს. ერთს გეტყვით - ის უნიჭიერესი ახალგაზრდა მსახიობია, თუმცა ჩვენში დიდად არ არის ცნობილი. წარმოადგენს ერთ მეტად პროფესიონალურ პატარა თეატრს. გამაოცა, ისეთი საოცარი სახე შექმნა. თეთრაძის როლს ასრულებს სოხუმის თეატრის მსახიობი მერაბ ბრეკაშვილი, ერთ-ერთი მოსამართლე მარინა ჯანაშიამ გააცოცხლა, სანდრო გირგვლიანის დედას ირინა ენუქიძეს მაია ზედგენიძე განასახიერებს. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ბექა გოდერძიშვილი ასევე მოსამართლეს თამაშობს, მიმაჩნია, რომ ბექამ ძალიან ძლიერი პერსონაჟი შექმნა. ფილმში მთავარ როლშია ზურა ინგოროყვა, ძველ გვარდიას წარმოადგენს ამირან ბუაძე... ასევე მონაწილოებს დარეჯან ხარშილაძე.