რატომ ტოვებენ მსახიობები "ჩემი ცოლის დაქალებს"
"ჩემს მოქალაქეობრივ ვალად ჩავთვალე, ზურგი შემექცია "ნაცმოძრაობისა" და მათი ტელევიზიისთვის"
"იყო შემთხვევები, როცა მსახიობებს ჰქონიათ "რუსთავი 2"-ში მუშაობის პრობლემა"
9 სეზონის განმავლობაში სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" "რუსთავის 2"-ის ეთერში ნამდვილად არ უჩიოდა მაყურებელთა გულგრილობას. ამ ხნის განმავლობაში მრავალი გმირი შევიყვარეთ - მერე დავიწყებასაც მივეცით (სერიალის ფუნქციაც ხომ ეს არის).
სექტემბრის მეორე ნახევრიდან "ჩემი ცოლის დაქალების" მეათე სეზონი აიღებს სტარტს. სანამ ახალი სეზონის ნახვისა და შეფასების საშუალება მოგვეცემა, მანამ იმ რამდენიმე გმირზე ვისაუბროთ, რომელთაც - დროებით ან სამუდამოდ - შეწყვიტეს "ჩემი ცოლის დაქალებში" არსებობა. "კვირის პალიტრამ" რამდენიმე მათგანს ერთი და იმავე კითხვით მიმართა: - რატომ დატოვეთ სერიალი?
ერთ-ერთი პირველთაგანი, ვინც "რუსთავი 2"-დან GDS-ში გადაინაცვლა, მსახიობი რევაზ ნასიძე იყო. სერიალში იგი მინისტრ მაკას ვაჟს - გიოს ასახიერებდა.
"რუსთავი 2"-ის არც ერთ პროექტში არ მივიღებ მონაწილეობას!"
სერიალში ყირმისას როლის შემსრულებელი დათუნა გოცირიძე მცირე კომენტარით შემოიფარგლა: - სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" სამუდამოდ დავტოვე! მიზეზზე საუბრისგან ჯერჯერობით თავს ვიკავებ. იქ კონკრეტული რაღაც მოხდა, რის მოყოლასაც მე არ ვაპირებ. "რუსთავი 2"-ის არც ერთ პროექტში არ მივიღებ მონაწილეობას!
რევაზ ნასიძე: "ჩემი ცოლის დაქალებში" აღარ ვარ. GDS-ის სერიალში - "ქერჩი", ჩემი დიდი ბაბუა უნდა განმესახიერებინა. ამბროსი შენგელია მეორე მსოფლიო ომის დროს ქერჩში იბრძოდა.
რადგან "რუსთავი 2"-სა და GDS-ს შორის გრაფიკს ვერ ვათავსებდი, "ჩემი ცოლის დაქალებიდან" წამოვედი, თან ჩემს მოქალაქეობრივ ვალად ჩავთვალე, რომ ზურგი შემექცია "ნაციონალური მოძრაობისა" და მათივე ტელევიზიისთვის. "ქერჩის" გადაღებების შეწყვეტის შემდეგ სპექტაკლში ვითამაშე - თეატრალურ სარდაფში. მას შემდეგ, უკვე 6 თვეა, სხვა საქმით ვარ დაკავებული, ასე ვთქვათ, პაუზა მაქვს აღებული.
"ცოტა ხნით გოგა ხაინდრავასთან გადავბარგდი..."
ზურაბ ინგოროყვა კატოს ქმარს - კოტე ცირეკიძეს ასახიერებდა:
- "ჩემი ცოლის დაქალებიდან" ცოტა ხნით გადავბარგდი გოგა ხაინდრავასთან, მრავალსერიიან ფილმ "ჰეროკრატიაში". ამ შემოთავაზებაში შემოქმედებითმა და ფინანსურმა მხარემ მომხიბლა, - კერძო დეტექტივი კალე განვასახიერე. შემოთავაზების შესახებ დაველაპარაკე "ჩემი ცოლის დაქალების" პროდიუსერ ირაკლი საღინაძეს, გამიგო და დადებითად შეხვდა ამ ამბავს. სექტემბრიდან ჩემი პერსონაჟი, კოტე ცირეკიძე, კვლავ ბრუნდება "ჩემი ცოლის დაქალებში".
- გოგა ხაინდრავას პროექტი და "რუსთავი 2"-ის პოლიტიკური ორიენტაცია რადიკალურად განსხვავდება... ეს უხერხულობას ხომ არ გიქმნიდათ მუშაობაში?
- არა. მე მსახიობი ვარ, ჩემთვის მთავარია როლი, ღირებული უნდა იყოს შემოქმედებითი მხარე და მერე ფინანსურიც.
"კვირის პალიტრა" "ჩემი ცოლის დაქალების" პროდიუსერსაც დაუკავშირდა.
ირაკლი საღინაძე: - მიზეზები, თუ რატომ დატოვეს მსახიობებმა სერიალი, შიდასამზარეულო ინფორმაციაა, რომელიც მუშა-პროცესის ნაწილია და საჯარო განხილვისთვის არ მეჩვენება საინტერესოდ. მთავარი ამოსავალი წერტილი - რატომ შეიძლება მუშაობდეს ვიღაცა ან არ მუშაობდეს - დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ემსახურება ეს ყველაფერი საერთო მიზანს. თუ საერთო საქმის წინსვლისთვის ხელის შემშლელ ფაქტორს ვხედავ კონკრეტულ ადამიანთან ურთიერთობაში, მირჩევნია ეს ფაქტორი გავანეიტრალო, რაც მასთან დამშვიდობებით გამოიხატება. ზოგ შემთხვევაში ამას დრამატურგიული ხაზი მოითხოვს, რაღაც სიტუაციამ თავი ამოწურა და დროებით აპაუზებ, ან სულაც ამთავრებ. ანუ რამდენიმე ფაქტორი არსებობს: ტექნიკური, მორალური, დრამატურგიული...
- პოლიტიკურიც?
- პოლიტიკურ ფაქტორს ჩვენთვის არასდროს მნიშვნელობა არ ჰქონია. იყო შემთხვევები, როცა მსახიობებს ჰქონიათ "რუსთავი 2"-ში მუშაობის პრობლემა, მათი ნებაა და მათი გემოვნების საკითხია, მე შეიძლება ვეთანხმებოდე ან არა, მაგრამ საკუთარი პოლიტიკური პრეფერენციების მიხედვით არასდროს ჩაგვიტარებია ქასთინგი, ყოველთვის ნიჭიერებისა და საჭიროების მიხედვით ვაფასებთ მსახიობს.
ვიღაცას ურჩევნია, სხვა ალტერნატივას დაუთმოს დრო და ყურადღება და ჩვენთან შეწყვიტოს ურთიერთობა. რომ გითხრათ, ოდესმე ამას კონფლიქტის ან პრობლემის ფორმა ჰქონდა-მეთქი, ასე არ ყოფილა. ყოველთვის ორმხრივი შეთანხმების შედეგად ვიღებთ გადაწყვეტილებებს.
ნასიძეც, გოცირიძეც და ინგოროყვაც შესანიშნავად ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას, ჩვენ კმაყოფილი ვიყავით მათთან თანამშრომლობით, ნასიძისა და გოცირიძის შემთხვევაში იყო სხვა ალტერნატივები და ჩათვალეს, რომ ისინი უფრო მისაღები იყო, შესაბამისად, იქ გადავიდნენ სამუშაოდ. რაც შეეხება ინგოროყვას, ის ჩვენთან დარჩა, ოღონდ შედარებით მცირე მასშტაბით, დრო ცოტა აქვს, რადგან სხვადასხვა პროექტში მონაწილეობს.
- ლელა მებურიშვილმა რატომ დატოვა პროექტი?
- "იმედმა" შესთავაზა თანამშრომლობა. ლელას მისი ეკრანული და - ეკა ამირეჯიბიც შეუერთდა. ამის გამო ხდებოდა პერსონაჟების ნეგატიური ცვეთა, რაც ჩვენთვის მიუღებელი იყო. შევთანხმდით, რომ ორივე მათგანი დატოვებდა სერიალს.
ეკა სალაღაია