"ვიღაც ამ მიწის ყიდვას აპირებს და ალბათ, არ იცის, რომ საფლავებს ყიდულობს"
"ყოფილი სასაფლაოს გათხრისას ერთ საფლავში ორი კაცის ჩონჩხი აღმოჩნდა. ეს ომის შემდგომი წლების ტიპური სურათია: გაჭირვება, ანტისანიტარია... მშენებლობაზე მომუშავე ტყვეები მასობრივად იხოცებოდნენ. ვის ეცალა მიცვალებულებისთვის ხეირიანი საფლავის გასათხრელად - მიწას მიაყრიდნენ, მარხავდნენ უკუბოოდ, ხშირად ორს ერთადო..."
გერმანელ ტყვეებზე გამოქვეყნებულ ჩვენს სტატიებს ბევრი გამოეხმაურა, რაც ადასტურებს, რომ ერის გენეტიკურ ცნობიერებაზე - პატივი მიაგოს მიცვალებულებს, თუნდაც მტრისას, დრო-ჟამი ვერ მოქმედებს. რუსთავის გზასაც ამის გამო დავადექი - აქ, ჭყონდიდელის დასახლებაში, გერმანელ ტყვეთა ყოფილ სასაფლაოზე, გეოლოგებმა 80 სმ სიღრმეზე ადამიანის ჩონჩხი იპოვეს. რუსთავის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა დეკანოზმა სერგი კასრაძემ ჩონჩხი თავის ადგილზევე დააკრძალვინა - მიცვალებულის შეწუხება საგანგებო საეკლესიო ნებართვის გარეშე დიდი ცოდვააო. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აქ, ნახევრად უდაბნოში, ქალაქსა და 700 ჰა-ზე გადაჭიმულ მეტალურგიულ ქარხანას ასეულობით გერმანელი ტყვე 11 წელი აშენებდა.
უჭირისუფლო მიცვალებულების სასაფლაო რამდენიმე ჰექტარზე იყო, ახლა 3 ჰექტარიღაა დარჩენილი - საბჭოთა ხელისუფლებამ რუსთავში მეტალურგიული მრეწველობის განვითარება განიზრახა და ტყვეთა ძვლებზე მცირე საწარმოები ააშენა.
- 1985 წელს აქ საწარმოში ვმუშაობდი. ახლოს ახალი ქარხნის აშენება დაიწყეს, - მითხრა ზეინკალმა, - მუშები ჰყვებოდნენ, - ექსკავატორს მიწიდან ძვლები ამოაქვსო. ამ ამბავმა ისე შემზარა, იქით არ ვიხედებოდი. ერთ დღეს ჩვენმა მუშამ თავის ქალა დაზგაზე დამიდო, - ნახე, რა ვიპოვეო!..
ახლაც მეცოდება ის უპატრონო მკვდრები, რომელთა გულზე ქარხნები აშენდა; ეგენიც ჩვენნაირი უბრალო ადამიანები იყვნენ, ვიღაცამ თოფი მისცა ხელში და ომში გააგდო.
უცხო მიწაში ჩაწვნენ და იქაც სამარე მოუშალეს...
ბატონ ნოდარს როცა ვუთხარი, - ერთი ტყვის ჩონჩხი ახლაც გამოჩნდა გათხრებისას-მეთქი, თავი გადააქნია: - ძვლებზე შენებამ კარგი არაფერი მოგვიტანა, ჩვენი ადათ-წესი რასაც მოითხოვს, ის უნდა გავაკეთოთ - თუკი ჩვენს ქალაქში გერმანელების სასაფლაოდან დარჩა რაიმე მონაკვეთი, უნდა აღდგეს, ამით იქნებ გამოვისყიდოთ ჩვენი საბჭოთა წინაპრების ცოდვაო...
მოგვიანებით საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარმა ირაკლი ხვადაგიანმა მითხრა: - ყოფილი სასაფლაოს გათხრისას ერთ საფლავში ორი კაცის ჩონჩხი აღმოჩნდა. ეს ომის შემდგომი წლების ტიპური სურათია: გაჭირვება, ანტისანიტარია... მშენებლობაზე მომუშავე ტყვეები მასობრივად იხოცებოდნენ. ვის ეცალა მიცვალებულებისთვის ხეირიანი საფლავის გასათხრელად - მიწას მიაყრიდნენ, მარხავდნენ უკუბოოდ, ხშირად ორს ერთადო...
რუსთავის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი სერგი კასრაძე გამყვა ტყვეთა სასაფლაოზე და მაჩვენა ორიოდე კვირის წინ არქეოლოგების მიერ ნაპოვნი უჭირისუფლო მიცვალებულთა ჩონჩხები. სულისშემძვრელი სურათი იყო - მოძღვარი პაპანაქება მზეში 70 წლის უპატრონო საფლავს დასცქეროდა და სიკვდილ-სიცოცხლეზე ლაპარაკობდა:
- მიცვალებული და ცოცხალი ღვთის წინაშე ერთია - უფალთან ცოცხალი დგანან. ჩვენი ეკლესიაც იმიტომ იხსენიებს გარდაცვლილებს, როგორც ცოცხლებს.
აქ დაკრძალულებს არც ამქვეყნად ეღირსათ სიმშვიდე და იმ ქვეყნადაც დაუტირებელნი წავიდნენ, ბოლოს, მათი საფლავებიც გადათხარეს, იქ სახლები თუ საწარმოები ააშენეს და ცოდვა შთამომავალს ტვირთად დაადეს.
ეს არ უნდა განმეორდეს; ამიტომაც დავიწყე ბრძოლა, რომ სასაფლაო არ გაიყიდოს - გავიგე, რომ ეს მიწა ახლახან საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა, ესე იგი, ვიღაც მის ყიდვას აპირებს და იმ ვიღაცამ ალბათ, არ იცის, რომ საფლავებს ყიდულობს, სადაც არაფრის აშენება არ შეიძლება, ეს არავის ხეირს არ მოუტანს...
ერთ ამბავს გავიხსენებ: გარდაბანშიც მოვიკითხე გერმანელ ტყვეთა სასაფლაოს ამბავი. მის ტერიტორიაზე აშენებული აზერბაიჯანელი ძმების ულამაზესი სასახლე მაჩვენეს. მითხრეს, ეს ძმები რუსეთში წავიდნენ. ერთი პროკურორი გახდა, მეორემაც დიდი ქონება იშოვა და მერე ეს სასახლე აიშენესო. ახლა სად არიან-მეთქი. ორივე რუსეთში გაქრა. მაგ სახლში არავინ ცხოვრობს, იქაურობას შიშით ნათესავებიც ვერ ეკარებიანო.
უპატრონო საფლავების მოვლა სულის გადარჩენაა, სინათლეა, - მითხრა მოძღვარმა...
ეთერ ერაძე