"ხათუნა კალმახელიძე პირადად ესწრებოდა ჩემს წამებას და ის არავის დაუსჯია ..." - კვირის პალიტრა

"ხათუნა კალმახელიძე პირადად ესწრებოდა ჩემს წამებას და ის არავის დაუსჯია ..."

ჯალათისა და ნაწამები პატიმრის შეხვედრა, წლების შემდეგ...

"მკვდარ ადამიანზე ზედ გაბამდნენ მომაკვდავს და ასე გტოვებდნენ"

ალექსანდრე ახალკაცის ცხოვრების უმძიმესი წლებია გადაღებული გოგა ხაინდრავას ტელესერიალ "ჰეროკრატიაში".

ამ ახალგაზრდის გავლილ გზაზე წლების წინ ვწერდით. სწორედ ჩვენს რედაქციაში მოვიდა პირველად ალექსანდრე, ხელში რვეულები ეჭირა და გვითხრა, რომ ამ ფურცლებზე ის ტკივილია აღწერილი, რაც მე ციხეში 5 წლის მანძილზე გადავიტანე. ისიც დაამატა, უფლის სასწაულია, იქიდან ცოცხალი რომ გამოვედიო. გულისყურით მოუსმინა ამ პატარა ბიჭს ჩვენმა რედაქტორმა, ბატონმა ზურაბ აბაშიძემ. მე სტატიის მომზადება მთხოვა და ამ სულისშემძვრელი ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ, ბატონმა ზურაბმა გადაწყვიტა, ჩვენს ჟურნალში გაგრძელებებით გამოგვექვეყნებინა ამ ბიჭის ჩანაწერები, სადაც საინტერესოდ იქნებოდა აღწერილი ის ამბები, რომლებიც თავს გადახდა. შემდეგ სწორედ "პალიტრა L-ის" დახმარებით გამოიცა ალექსანდრე ახალკაცის რომანი - "გამოცდა ხელბორკილით".

18 წლის იყო, სამართალდამცველებმა ტელეფონის ქურდობის ბრალდებით რომ დააკავეს. ამბობს, ბრალი შემითითხნეს და 6 წელი მომისაჯესო. ციხიდან ამნისტიის შემდეგ, 2013 წლის თებერვალში გამოვიდა, სასჯელის მოხდამდე რამდენიმე თვე ჰქონდა დარჩენილი. სწორედ ალექსანდრე ახალკაცის ცხოვრების უმძიმესი წლებია გადაღებული გოგა ხაინდრავას ტელესერიალ "ჰეროკრატიაში", რომელიც წიგნად "პალიტრა L-ის" დახმარებით. ალექსანდრე ახლაკაცთან ინტერვიუს აქვეყნებს ჟურნალი "გზა", რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

- ეს არ არის ტკივილი, რომელიც მოვიდა და წავა, ეს ტკივილი მუდამ ჩემთან დარჩება. ზოგადად, რეჟიმზე მაქვს ლაპარაკი და არა - კონკრეტულად ჩემზე. მე გადავრჩი, დღეს ცოცხალი ვარ, ჩემი საქმეები მაქვს, რეალიზებული ვარ, მაგრამ ჩემ თვალწინ იმდენი ახალგაზრდა განადგურდა სრულიად უმიზეზოდ, შეუძლებელია, ეს ტკივილი განელდეს. მე რომ ვარ ცოცხალი, ეს უფლის საჩუქარია. ლოგიკურად არ უნდა გადავრჩენილიყავი, იმდენი გადავიტანე, მაგრამ დღეს მორალური უფლება არ მაქვს, უფლისგან ნაჩუქარი სიცოცხლე არ გამოვიყენო.

- ის კადრები რეალობას ასახავს?

- 20 პროცენტით ასახავს რეალურ სცენას. იქ გაცილებით მძიმე მდგომარეობა იყო. თუნდაც მორგის სცენა ავიღოთ: იქ მკვდარ ადამიანზე ზედ გაბამდნენ მომაკვდავ, ნაცემ-ნაბეგვ ადამიანს და ასე გტოვებდნენ რამდენიმე დღე, მიცვალებულზე დაბმულს. ეს იყო მწარე რეალობა. კარცერშიც ბევრად უარესი ვითარება იყო, ვიდრე ეს ფილმშია. ჩემს წიგნში გადმოცემულია ჩემი ციხეში ყოფნის 4 წელიწად-ნახევარი, აქ ალბათ ერთი წელია ასახული. ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც ის დეტალი, ციხიდან რომ ჩავაბარე გამოცდა ხელბორკილდადებულმა. თან ეს ყველაფერი მოხდა მას შემდეგ, რაც მე ტუბზონაში გამიშვეს. საშინელება იყო ტუბზონაში ჩემი გადაყვანა, იქ დაავადებულებთან ვიყავი და ჩემი გადარჩენა წარმოუდგენელი იყო, ყველა კვდებოდა, მე კი სასწაულებრივად გადავრჩი.

...

ამ ფილმში რამდენიმე ადამიანის ამბავია ასახული და მათგან მხოლოდ მე და ვახო მაისაია ვართ ცოცხლები, დანარჩენი სამი გარდაცვლილია. ციხის უფროსიდან დაწყებული, ბადრაგით დამთავრებული, ყველა ჯალათი იყო. ამ ჯოჯოხეთში ხუთწელიწად-ნახევარი გავატარე.

- მორგში რატომ შეგაგდეს?

- მორგში ფაქტობრივად, მკვდარი შემიყვანეს. იქ შესული ადამიანები ჭკუიდან იშლებოდნენ, ბევრს ფსიქიკური პრობლემა გაუჩნდა. ბევრი ხონის ფსიქიატრიულში წაიყვანეს, რადგან ვერ უძლებდნენ ამ სადიზმს.

...

- ვინც გაწამებდათ, ისინი დღეს დასჯილები არიან?

- დასჯილი არავინ არის. ხათუნა კალმახელიძე პირადად ესწრებოდა ჩემს წამებას და ის არავის დაუსჯია. ციხის დირექტორი, გაგა მკურნალიძე პირადად ხედავდა ჩემს წამებას, თვითონაც მცემდა. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ცივსისხლიანი ლევან პაჭკორია, რომელიც ყველაზე სადისტი იყო იმ მწამებლებს შორის. ვინ იცის, რამდენჯერ ვყავარ გალახული, ხერხემალი მან დამიზიანა, მალები დაშორებული მაქვს, მათგან კი არც ერთი დასჯილა. საქმის პროკურორი დღემდე მუშაობს. იცით, უკვე აღარც ვკითხულობ მათ. რომ გამოვედი ციხიდან, პირველივე დღეს მივუტევე. მქონდა მოლოდინი, რომ ეს რეჟიმი გასამართლდებოდა... ვხვდები კიდეც ამ ადამიანებს, რადგან როგორც უფლებადამცველს, მიწევს ციხეში შესვლა და მისალმება. უკვირთ. თუ ადამიანობის ნატამალი აქვთ დარჩენილი, ალბათ ძალიან ცუდად იქნებიან. ლევან პაჭკორია იმდენად ამაზრზენი და მკვლელი იყო, მისი დავიწყება არ შემიძლია. ის ცემით კლავდა ადამიანს. პირიდან სისხლს ანთხევდი, ის კი არ ჩერდებოდა, მაინც გირტყამდა. ჩვენ თვალწინ იღუპებოდნენ ბიჭები. ისეთი დღეები მაქვს გადატანილი, მაშინ მეც გაბოროტებული უნდა ვიყო და ქუჩა-ქუჩა ვხოცავდე ადამიანებს.

- აღნიშნეთ, ციხეში ვხვდები იმ ადამიანებს, ვინც მცემდაო. თუ ნანობენ ისინი ამას?

- ერთხელ, ღამით რუსთაველზე შევხდით მე და ჩემი მეგობარი ლევან პაჭკორიას. დავუძახე - ვა, ლევან, ეს შენ ხარ? აგრესია არ გამომიხატავს, მინდოდა, მეკითხა - არ გრცხვენია, შენი ჩადენილის გამო-მეთქი? მაგრამ როგორც კი დამინახა, ამხელა კაცი თავქუდმოგლეჯილი გაიქცა. ალბათ იფიქრა, შური არ იძიოსო. ჩვეულებრივი კრიმინალები იყვნენ ასევე ციხის ექიმები. ისინიც ჩვეულებრივ ურტყამდნენ პატიმრებს.

იხილეთ სტატია სრულად