"მახათას მთაზე მტერი ავიდა, შორია" - ცნობილი ადამიანები ახალ პანთეონს იწუნებენ და დიდუბის პანთეონის გაფართოებას ითხოვენ
"მანამდე გვეუბნებოდა, პატრიარქი უარობსო, მივმართეთ პატრიარქს - არ ვარ წინააღმდეგიო. ვინ მისცა უფლება ამ პატარ-პატარა უწყებებს, ქალაქის საკრებულოსა და თბილისის მერიას, რომ დახურონ 200-წლოვანი დიდუბის პანთეონი. რეზო ჩხეიძე რომ დაგვეკრძალა, თითქმის იძალა ქართულმა ინტელიგენციამ"
დიდუბის პანთეონი დაიხურა. მახათას მთაზე ცნობილ ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა ახალ პანთეონს ჩაეყარა საფუძველი. "კვირის პალიტრისთვის" ცნობილი გახდა, რომ ამ სიახლემ რამდენიმე ადამიანის უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი ხელისუფლებას და თბილისის მერიას წერილით მიმართავენ და მოითხოვენ დიდუბის პანთეონის კვლავ გახსნასა და ეკლესიის ეზოს ხარჯზე გაფართოებას:
"ბატონებო, მოგმართავთ საქართველოს საზოგადო მოღვაწეთა სახელით. რამდენიმე თვის წინათ დაიხურა ორასწლოვანი დიდუბის პანთეონი. ამ ფაქტმა სახელოვან მოღვაწეთა დაკრძალვის მიმართულებით გამოუვალი მდგომარეობა შექმნა. კატეგორიულად გთხოვთ, პანთეონის ტერიტორია გააფართოოთ დიდუბის ეკლესიასა და პანთეონს შორის ღობის მოხსნის ხარჯზე. ამრიგად, იოლად, ფულადი დანახარჯების გარეშე გადაწყდება ეს თავსატეხი. აქვე შევნიშნავთ, რომ ეს პრობლემა უახლოეს ხანებში თუ არ გადაწყდა, მალე უხერხულობაში აღმოვჩნდებით. დავინტერესდით და გაირკვა, რომ ამ საშურ, ეროვნულ საქმეს საპატრიარქო არ ეწინააღმდეგება."
წერილს ხელს აწერენ: ჯანსუღ ჩარკვიანი, მერაბ ბერძენიშვილი, კახი კავსაძე, რევაზ მიშველაძე, გივი ბერიკაშვილი, ომარ მხეიძე, ლეილა აბაშიძე, მაყვალა გონაშვილი, გოგი ქავთარაძე, ვაჟა აზარაშვილი, სოსო სიგუა, ბაღათერ არაბული, თენგიზ ურთმელიძე, კახა ცაბაძე, გივი თოიძე.
რევაზ მიშველაძე: - წერილზე რეაქცია არ ჰქონიათ. მოგვიანებით, ქალაქის მერის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე მე, როგორც საბჭოს თავმჯდომარემ, პასუხი მოვთხოვე ნარმანიას. მითხრა, - ღობის მოხსნას ეწინააღმდეგება დიდუბის ეკლესიის წინამძღვარიო. მანამდე გვეუბნებოდა, პატრიარქი უარობსო, მივმართეთ პატრიარქს - არ ვარ წინააღმდეგიო. ვინ მისცა უფლება ამ პატარ-პატარა უწყებებს, ქალაქის საკრებულოსა და თბილისის მერიას, რომ დახურონ 200-წლოვანი დიდუბის პანთეონი. რეზო ჩხეიძე რომ დაგვეკრძალა, თითქმის იძალა ქართულმა ინტელიგენციამ. კატეგორიულ უარზე იყო საკრებულო, პანთეონი დახურულიაო. რეზო ჭეიშვილი, იძულებული გავხდით, ქუთაისში წაგვესვენებინა. ცნობილი მეცნიერი და მწერალი მაგალი თოდუა თაბორის მთაზე დაკრძალეს, სადაც ზამთარში უმარხილოდ ვერ ახვალ. ნოდარ ტაბიძე, ცნობილი მეცნიერი, დიდუბის პანთეონის ნაცვლად, ნათესავების გვერდით დაასაფლავეს ვაკეში.
ვერ გამიგია, კვირიკაშვილი, გია ალიბეგაშვილი და ნარმანია რატომ არიან დიდუბის პანთეონის გაფართოების წინააღმდეგი, იმიტომ, რომ თვითონ არ დაიკრძალებიან დიდუბეში და სხვისი ბედი არ ადარდებთ?!
სირცხვილია, საქართველოს საზოგადო მოღვაწეთა უმეტესობის მიერ დაწერილი განცხადების ფეხებზე დაკიდება. უზარმაზარი ეზო აქვს დიდუბის ეკლესიას. საჭიროა მხოლოდ ღობის მოხსნა. არ ხსნიან იმიტომ, რომ ეკლესიის წინამძღვრებს არ სურთ მყუდროება დაურღვიონ საქართველოსთვის პატივსაცემმა ადამიანებმა?!
- ეზოში რამდენი საფლავის ადგილი გეგულებათ?
- 50-100 საფლავის.
- ისიც რომ შეივსება, მერე?
- დიდუბის პანთეონში 100 საფლავის შევსებას დაახლოებით 200 წელი მაინც დასჭირდება.
- რეზო ჭეიშვილი რომ ქუთაისში დაიკრძალა, ამით რა დაშავდა?
- გინდათ მითხრათ, რომ დიდუბის პანთეონის გაფართოება არ არის საჭირო და წერილზე ხელისმომწერები ცდებიან, პანთეონის გაფართოებას რომ მოითხოვენ?!
ჯანსუღ ჩარკვიანი: - შესაძლოა, სხვა ადგილიც გამოიყოს, მაგრამ დიდუბის პანთეონი სულ სხვაა. ახალსაც რომ დიდუბის პანთეონი დაარქვან, აჯობებს.
- მახათას მთაზე იქნება ახალი პანთეონი...
- მტერი ავიდა მახათას მთაზე. შორია. მე სადაც დავიმარხები, იქ იქნება ჩემი პანთეონი.
კახი კავსაძე: - ხალხი იხოცება და ცაში ხომ არ ჩამოვკიდებთ? არ ვიცი, სად არის შესაძლებელი გაფართოება, მაგრამ პანთეონი რომ უნდა იყოს, ამას ლაპარაკი რად უნდა?..
ნინა ხატისკაცი, თბილისის მერის მოადგილე: - მთაწმინდის და დიდუბის პანთეონები დახურულია, მზადდება ახალი. საპატრიარქოსა და ყველა დაინტერესებულ მხარესთან მოლაპარაკების შემდეგ, მახათას მთაზე, ტაძრის მახლობლად გამოიყო ტერიტორია და მომზადდა პროექტი. მალე გამოცხადდება ტენდერი დაახლოებით მილიონნახევრიან სამუშაოებზე, რომლის მიზანი ახალი პანთეონის კეთილმოწყობაა.
იყო ლაპარაკი, რომ დიდუბის პანთეონი გაფართოებულიყო. დღევანდელი რეგულაციებით, მისი გაფართოება კატეგორიულად მიუღებელია. სასაფლაო არ უნდა იყოს დასახლებული ადგილიდან 300 მეტრით ნაკლებ რადიუსში... ძალიან მტკივნეული თემაა, მაგრამ არა მოუგვარებელი, რადგან ცნობილი პრაქტიკაა, გარკვეული პერიოდის შემდეგ პანთეონში გადასვენება.
დიდუბის პანთეონი ადრეც დახურულა
1893 წლის აპრილში "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას" პირველი ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტი დაუკრძალავს შემდგომში პანთეონად გამოცხადებულ დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიის სასაფლაოზე. პანთეონი ოფიციალურად 1915 წლის 26 მაისს დაუფუძნებიათ. იქ გამოჩენილ მოღვაწეთა და იმ ქველმოქმედთა ნეშტი დაიკრძალებოდა, ვისაც ეროვნული საქმისთვის სულ ცოტა, 10.000 მანეთი ექნებოდა შეწირული... საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, 1928 წლის 9 მაისს, თბილისის საბჭოს აღმასკომის პრეზიდიუმმა რამდენიმე სასაფლაო, მათ შორის მთაწმინდისა და დიდუბისა, დახურა. 1938 წელს დიდუბის პანთეონის საერთოდ დახურვის განკარგულებაც გაუციათ, მაგრამ საზოგადოების აღშფოთების გამო ახალ შესაძლებლობათა გამონახვამდე"თავი შეუკავებიათ.
1946 წლის 18 დეკემბერს, ქალაქის საბჭოს გადაწყვეტილებით, დიდუბის პანთეონს მიემატა 750 კვმ მიწის ფართობი...
ეკა ლომიძე