"ყველაფრის შეკეთება შემიძლია, სანტექნიკისაც კი" - რას ფიქრობენ თანამედროვე ქალზე ცნობილი ქალბატონები?
როგორია თანამედროვე ქალი? ქალის როლი დროთა განმავლობაში ტრანსფორმირდა და ოჯახური მოვალეობები მის კარიერასა და სამსახურს შეერწყა. სტერეოტიპი - "ქალი ვიცი "კუხნაში" - დაინგრა და მისი ადგილი წარმატებულმა ქალმა დაიკავა. როგორ ახერხებენ დღეს ქალები, მოუარონ ოჯახს, გაზარდონ შვილები და აკეთონ საყვარელი საქმე, ამასთან, იყვნენ ყოველთვის მომხიბვლელები? - თვითონ გაგვიმხელენ.
"ყველაფრის შეკეთება შემიძლია, სანტექნიკისაც კი"
მოდელი და ტელეწამყვანი რუსა ჩაჩუა სამი შვილის დედაა. ამჟამად რამდენიმე კომპანიის სახეა და ხშირად უწევს გადაღებებზე სიარული. მიუხედავად ამისა, ძირითად დროს ბავშვებთან ატარებს და სულაც არ მიაჩნია, რომ შვილები მისი კარიერისთვის დამაბრკოლებელი ფაქტორია.
რუსა ჩაჩუა: - ძალიან მინდა მეოთხე შვილის გაჩენაც. რამდენიმე კომპანიის სახე ვარ, რაც ძალიან მსიამოვნებს. იმ საქმეს ვაკეთებ, რაც მიყვარს, მაგრამ ყველაფერს ვასწრებ. მართალია, ძიძაც მყავს, რომელიც ძალიან მეხმარება და ჩვენთან ცხოვრობს, მაგრამ საჭმლის მომზადება, ჩემი შვილებისა და მეუღლის მოწესრიგება მე მეხება. საყვარელ ადამიანებზე ზრუნვა სიამოვნებას მანიჭებს.
ერთ დღეს ჩვენს მძღოლს არ ეცალა და მე წავედი ბაზარში. მოვზიდე პროდუქტი, მერე მოვწესრიგდი და გადაღებაზე წავედი. მანამდე საჭმელიც მოვათუხთუხე. ზოგჯერ ასეც ხდება... ყველაფრის შეკეთება შემიძლია, სანტექნიკისაც კი. როდესაც ბავშვები დედაჩემს მიჰყავს, მგონია, რომ ყველაფერი ხელიდან მეცლება.
დედა რომ გავხდი, 17 წლის ვიყავი, მაგრამ პირველივე დღიდან გავაცნობიერე დედობრივი მოვალეობა. დასასვენებლადაც ვერ მივდიოდი, თაზოს ვერავის ვუტოვებდი. ძიძაც მყავდა, ბებიაც, მაგრამ ვერ ვტოვებდი. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და ხანდახან მეც მინდოდა მეგობრებთან გართობა, მაგრამ... ახლა გავიზარდე და სახლში ყოფნა მინდა. შაბათ-კვირას მე და ჩემი მეუღლე მთელ დღეს ბავშვებთან ვატარებთ.
"დედაჩემის თაობა ჩვენზე მაგარი იყო"
თიკა ფაცაცია მიიჩნევს, რომ დედამისის თაობის ქალბატონები უფრო ყოჩაღები და მოხერხებულები იყვნენ საოჯახო საქმეებსა თუ სამსახურში. მიაჩნია, რომ ძნელია, ოჯახური მოვალეობები და სამსახური ერთმანეთს შეუთავსო, თუმცა ყველაფერი სურვილზეა დამოკიდებული.
თიკა ფაცაცია: - არსებობენ ქალები, რომლებიც ჩემზე დაკავებული არიან და ბევრი შვილიც ჰყავთ, მაგრამ ყველა საქმეს უკეთესადაც ართმევენ თავს. რთულია, წარმატებული იყო სამსახურშიც და სახლშიც. ვფიქრობ, მთავარია ხელშეწყობა...
დედაჩემის თაობას რომ ვიხსენებ, ვხვდები, რომ ჩვენზე მაგრები იყვნენ - სამსახურშიც დადიოდნენ, ზამთრისთვის მურაბებსა და კომპოტებსაც აკეთებდნენ, 40-კაციანი მოულოდნელი სტუმრიანობაც ჰქონდათ და ბავშვებსაც თვითონ უვლიდნენ, დამხმარეების გარეშე, ამასთან ერთად კი დისერტაციებსაც იცავდნენ.
ალბათ, ყველაფერი სურვილზეა დამოკიდებული. როცა მონდომებული ხარ, ყველაფერი გამოგივა.
"მოუვლელი და დაქანცული ქალი არავის სჭირდება"
4 შვილის დედა ცისანა სეფიაშვილი მიიჩნევს, რომ ქალი სულ ფორმაში უნდა იყოს, ჰქონდეს საყვარელი საქმე და ხალისიანი განწყობა, თუმცა, დახმარების გარეშე ამის მიღწევა ძნელია.
ცისანა სეფიაშვილი: - არ ვიცი, როგორ ვახერხებ. მე თვითონ მიკვირს, მაგრამ ყველაფერს ვასწრებ. დილიდან გვიანობამდე სამსახურში ვარ, მაგრამ არ გავა საათი, ბავშვები არ მოვიკითხო - როგორ არიან, რა ჭამეს, როგორ იმეცადინეს და ა.შ.
ძალიან რთულია, რჩევა მისცე სხვას, როცა არ ჰყავს დამხმარე, არ ჰყავს დედა ან დედამთილი, ან იმის საშუალება არა აქვს, ძიძა აიყვანოს... მაგრამ ყველა ქალს ვურჩევ, პირადი სივრცე არ დაკარგოს, რადგან პირველ რიგში, ის ქალია და ყოველთვის ფორმაში უნდა იყოს! მოუვლელი, დაქანცული და ცუდ ხასიათზე მყოფი არც შვილებს სჭირდები და არც არავის. არავინ თქვას, რომ ვერ ახერხებს, იყოს მოწესრიგებული, რადგან ბევრი შვილი ჰყავს და ამისთვის დრო აღარ რჩება. ასეთ ქალს არ უნდა, კარგად გამოიყურებოდეს - ეს არის და ეს. არ ვგულისხმობ ძვირად ღირებულ კოსმეტიკასა თუ მოვლის პროცედურებს. ქალი მაშინაც ფორმაშია, როცა სუფთად და გემოვნებით აცვია.
"ბავშვს მშობლები უნდა ზრდიდნენ"
წელიწადში ორჯერ თბილისის მოდის კვირეულს უძღვება. თაკო ჩხეიძე ამ დროს ძალიან დაკავებულია და შინ გვიან ბრუნდება. დამხმარე ჰყავს, თუმცა მიიჩნევს, რომ მისი სამი შვილისთვის დედა შეუცვლელია, ამიტომაც თავისუფალ დროს ოჯახთან ატარებს.
თაკო ჩხეიძე: - დედა მაინც დედაა, მას ვერავინ შეცვლის. ბავშვს მშობლები უნდა ზრდიდნენ, თუმცა, ოჯახის ხელშეწყობა რომ არ მქონოდა, ამდენს ვერ მივაღწევდი. დღის განმავლობაში ყველა შინიდან გავდივართ - ზოგს სკოლა აქვს, ზოგს - ბაღი... ვხუმრობთ ხოლმე, ყველა თავის სამსახურში მიდისო.
საღამოს ვცდილობ, ბავშვებთან ვიყო, დასვენების დღეებსაც ერთად ვატარებთ. როცა უფრო დატვირთული პერიოდი მაქვს და 24-საათიანი გრაფიკით ვმუშაობ, მაშინ ძალიან მიწყობს ხელს ჩემი ოჯახი. თუმცა, მაინც სულ ბავშვებთან ყოფნა მინდა. პირველი შვილი უკვე დიდი ბიჭია - 16 წლის არის და სხვანაირი ყურადღება სჭირდება, პატარები კი ჩემ თვალწინ ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ და არ მინდა, რამე გამომრჩეს...
ნინო წიფურია