"ნახეთ, ეს გოგო მონიკა ბელუჩის როგორ ჰგავს!" - ვარსკვლავთა ქართველი ორეულები - კვირის პალიტრა

"ნახეთ, ეს გოგო მონიკა ბელუჩის როგორ ჰგავს!" - ვარსკვლავთა ქართველი ორეულები

ყველა ადამიანი უნიკალურია თავისი გარეგნული მახასიათებლებით, თუმცა არსებობენ ისეთებიც, რომლებიც ყოველგვარი ნათესაური კავშირის გარეშე ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. ჩემი სტატიის გმირები ცნობილი ვარსკვლავების ორეულები არიან. სასიამოვნოა თუ არა, როდესაც სხვა ადამიანს გაჭრილი ვაშლივით ჰგავხარ, ამაზე თავად ქართველი ორეულები მოგვიყვებიან:

(ფოტოგალერეა)

"ზურგს უკან მესმის ხოლმე, - ნახეთ, ეს გოგო მონიკა ბელუჩის როგორ ჰგავს!"

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობის, 25 წლის მარიამ ჭუხრუკიძის მსგავსება მსოფლიოში ულამაზეს ქალად აღიარებულ მონიკა ბელუჩისთან ნამდვილად გაგაოცებთ. ფოტოზე ერთი შეხედვით ვერც მიხვდებით, რომელია მარიამი და რომელი - მონიკა ბელუჩი.

- პროექტში "ახალი ხმა" ვიღებდი მონაწილეობას და პირველად იქ მითხრეს, მონიკას ძალიან ჰგავხარო, მას შემდეგ ხშირად მეუბნებიან და ძალიან მსიამოვნებს. ქუჩაში ჩავლისას ხშირად მომიკრავს ყური, - დედა, როგორ ჰგავდა მონიკა ბელუჩისო. ან სადმე ბარსა თუ კაფეში, ზურგს უკან მესმის ხოლმე, - "ნახეთ, ეს გოგო მონიკა ბელუჩის როგორ ჰგავსო... მეც დამიჭერია ჩემს გარეგნობაში მონიკასთვის დამახასიათებელი შტრიხი - შავი, ხვეული თმა... მონიკას არ ვბაძავ, თუმცა მიფიქრია, აი, მას თუ ეს კაბა აცვია, შეიძლება მეც მომიხდეს... მე სხვა სტილი მაქვს, ის კი უფრო კლასიკურ სტილში იცვამს და ვარცხნილობაც უფრო დახვეწილი აქვს...

დედაჩემი ვერ მამსგავსებდა, სანამ ერთი ფოტო არ ნახა. ეს ფოტო "ფეისბუკის" პირად გვერდზე დამიდეს, დედამ დახედა და გაოცდა, - ამ ფოტოში ძალიან ჰგავხარო.

"ქუჩაში ხალხს პენელოპე ვგონებივარ და ავტოგრაფიც უთხოვიათ"

პენელოპე კრუსის ცნობილ ორეულს, მოდელ კრისტი ყიფშიძეს ყოველთვის უნდოდა თავად პენელოპესაც სცოდნოდა, რომ საქართველოში მას ორეული ჰყავს, ასეც მოხდა.

- ჩემი მეგობარი ჟურნალისტია ბაქოში და პენელოპე კრუსთან იყო სტუმრად, ინტერვიუს წერდა, როცა უთხრა, ჩემი მეგობარი ძალიან გგავსო და ფოტოებიც აჩვენა. პენელოპეს ჩემი ფოტოსთვის დაუხედავს და აღფრთოვანებით უთქვამს: oh, she has so beautiful eyes… სულ მინდოდა პენელოპეს სცოდნოდა ჩემზე და ასეც მოხდა, გაიგო...

ზოგადად, ვარ ძალიან ინდივიდუალისტი და არ მომწონს თავად ფაქტი, რომ ვიღაცას ვგავდე. თუმცა, საოცრად ლამაზი ქალია და ნიჭიერი მსახიობია პენელოპე და რა თქმა უნდა, სასიამოვნოა მასთან მსგავსება. ძალიან ხშირად საქართველოსა და ევროპაშიც, ქუჩაში ხალხს ვგონებივარ პენელოპე და ავტოგრაფიც უთხოვიათ...

"სოციალურ ქსელში კიმ ბესინჯერის ფოტო დავდე და ძალიან ბევრს მე ვეგონე"

რუსა ჩაჩუა: - ფოტოებში ვხედავ მსგავსებას. თუ მართლაც ვგავარ, ეს ძალიან მახარებს. თმა მეც გრძელი და ხვეული მაქვს. მიბაძვით კი არასოდეს მიმიბაძავს. კიმ ბესინჯერი მსოფლიოში დღემდე ერთ-ერთ ძალიან ლამაზ ქალად მიიჩნევა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობა დიდია, ფოტო დავდე მისი და ბევრმა მომწერა - ეს შენ ხარ, რა მაგრად ჰგავხარო... ბავშვობიდან მეუბნებოდნენ ახლობლები, რომ მართლაც ვგავდი. მარი ნაკანი ფოტოსესიის დროს მეხუმრებოდა, ნუ მიყურებ კიმ ბესინჯერივითო.

"პირველად რომ მიმამსგავსეს, არც ვიცოდი, ვინ იყო ჯუდ ლო"

ქუჩაში თუ ჯუდ ლომ ჩაგიარათ, არ იფიქროთ, რომ თბილისშია, ის ქართველი ტელეწამყვანი მიკა ჯეჯელავა იქნება.

- თეატრალურ უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე, არ ვიცოდი, რომელი იყო ჯუდ ლო. ერთხელ ვესწრები ჯგუფის გამოცდას და მოპირდაპირე მხარეს ზის ელენე კოლელიშვილი. გამომხედა, მიყურებს, მაკვირდება და ცოტა ხანში მანიშნა, ჯუდ ლოს ჰგავხარო. მაშინ ვერ მივხვდი, რას მეუბნებოდა, კიდევ ერთხელ გამიმეორა, ჯუდ ლოს ჰგავხარ, მსახიობსო. საღამოს შინ რომ მივედი, დავგუგლე, რომ გამეგო, ვინ იყო ჯუდ ლო და მსგავსება მეც აღმოვაჩინე. ძალიან სასიამოვნო ემოცია დამეუფლა, როცა მივხვდი, რომ მართლაც ვგავარ. შემდეგ მისი მონაწილეობით არაერთი ფილმი ვნახე. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მეტი ყურადღებით ვადევნებ თვალს მის ფილმებს. ძალიან მაგარი არტისტია - მისი თაობის მსახიობებში გამორჩეული. მიხარია, რომ ასეთ კარგ მსახიობს მამსგავსებენ. ვიღაცას მოვეწონო იმიტომ, რომ ჯუდ ლოს ვგავარ? შეიძლება ასეც მოხდეს, მაგრამ ამ ფაქტით არ მისარგებლია...

მიმი შელია და ირინა შეიკი

იპოვეთ ათი განსხვავება მიმი შელიასა და ირინა შეიკს შორის. "ინსტაგრამის" ქართველი ვარსკვლავი და რუსი სუპერმოდელი ერთმანეთს მოსკოვში შეხვდნენ, ფოტოც მაშინ არის გადაღებული.

იხილეთ ფოტოგალერეა

ნინო წიფურია