"მთელ მსოფლიოში შეინიშნება "გოიმიზაცია", საქართველოში განსაკუთრებით" - ჩვენში ფალოსად შერაცხული ქვის უცხოური წარმატება
"გვარამია ნულია ჩემს თვალში! ეს არის მიხეილ სააკაშვილის რუპორი და ყოფილი პროკურორი, რომელმაც რატომღაც გადაწყვიტა, რომ მუსიკაში ერკვევა..."
"უნიჭიერესი სტუდენტების გამოფენა მოვაწყვე და ერთი ადამიანიც არ მოვიდა კულტურის სამინისტროდან, რაც ძალიან სამარცხვინოა"!
"საზღვარგარეთ ვასწავლიდი, მაგრამ ჩემ სამშობლოში არავის აინტერესებს ჩემი გამოცდილება"!
წელს, თებერვალში ოპერის განახლებული თეატრის გახსნამდე ორი დღით ადრე "აბესალომ და ეთერის" ახალი დადგმის დეკორაციის ერთ-ერთი ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ, ისეთი ხმაური ატყდა, რომ იძულებულები გახდნენ დეკორაცია შეეცვალათ. ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილი აღაშფოთა დეკორაციის ერთ-ერთმა დეტალმა, რომელიც ფალოსს მიამსგავსეს.
"წერონ. ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ. მოვიდნენ პრემიერაზე და შეგვაფასონ. ამორალური საქციელია და არაპროფესიონალიზმი პრემიერამდე დეკორაციის დეტალზე ასეთი ამბის ატეხა", - განაცხადა იმჟამად გაზეთ "კვირის პალიტრასთან" დეკორაციის ავტორმა, საქვეყნოდ აღიარებულმა ხელოვანმა გოგი ალექსი-მესხიშვილმა.
"გოგი ალექსი-მესხიშვილის ცნობილმა ქვამ ქვეყანას სახელი პარიზის Grand Palais გამართულ გამოფენაზე გაუთქვა… (ნუ დაუვიწყებთ "კეთილისმსურველებს", რომ აღნიშნულმა ქვამ პოპულარობა თავდაპირველად სამშობლოში მოიპოვა და თანაც როგორი!)... პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე, "ქვა" მაინც პრიმას როლში მოგვევლინა, მის გვერდით აღარც რეჟისურა იყო აქტუალური თავისი სოლისტებით და აღარც პოლიტიკური კონიუქტურა, რომელიც ახლად გარემონტებული თეატრის გახსნას უკავშირდებოდა. სწორედ ამ "ქვის" ბედი მოვიკითხე და აღმოჩნდა, რომ მას მერე მოგზაურობს და საერთაშორისო გამოფენებში იღებს მონაწილეობას. ცოტა ხნის წინ, პარიზის Grand Palais გამართულ გამოფენაზე გამოფინეს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ART FAIR-ია მსოფლიოში. მისი შეძენის სურვილიც გამოუთქვამთ, მაგრამ ის ქართველი ხალხისა და თბილისის ოპერის თეატრის კუთვნილებაა", - დაწერა "ფეისბუკის" გვერდზე სცენარისტმა და პროდიუსერმა თეო ჯორბენაძემ.
"გულდასაწყვეტია ის ფაქტი, რომ ჩვენში არ არსებობს არგუმენტირებული, ჯანსაღი კრიტიკა და სპექტაკლის უნახავად შეგვიძლია გავიმეტოთ სალანძღავად მისი ავტორები, ისე, რომ არც დავფიქრდეთ, თუ რა მავნებლობას ჩავდივართ. ეს დაუშვებელია"! - გვითხრა ქალბატონმა თეომ.
გოგი ხოშტარია, ხელოვნებათმცოდნე:
- დღეს მთელ მსოფლიოში შეინიშნება "გოიმიზაცია", მაგრამ საქართველოში განსაკუთრებულად... სპექტაკლში სულ მართლაც ფალოსის დეკორაცია რომ ყოფილიყო, რა იყო ამაში დაუშვებელი? - ვითომ წესიერები და ვითომ მართლმადიდებლები ვართო და გაუგონარი აჟიოტაჟი ატეხეს! მეც ქრისტიანი ვარ და უნდა ვიცოდეთ, რომ ქრისტიანობა ყველაზე შემწყნარებლური, მომთმენი და ტოლერანტული რელიგიაა. ასეთი ყალბად გაგებული ქართველობა გვჭირს ზოგჯერ, რაც ბოლოსდაბოლოს უნდა მოვიშალოთ! თუ ვინმეს ქართულზე გული შესტკივა, ერთ-ერთი მათგანი მეც ვარ და ეს ქმედებითაც დამიდასტურებია. რაღაც საკითხების გამო მიხეილ სააკაშვილს პირდაპირ დავეტაკე! არ მსურს "სვეცკი" პოზიციიდან სნობურად ვილაპარაკო, მაგრამ ვიმეორებ, რომ შარშან დიდი გოიმობა იყო, რაც ქვასთან დაკავშირებით ხდებოდა! გოგი ალექსი-მესხიშვილი ძალიან მაღალი დონის პროფესიონალია და მას რაც არ უნდა გაეკეთებინა, ის აუცილებლად მაღალი დონის მხატვრული გადაწყვეტა იქნებოდა...
გოგი ალექსი-მესხიშვილი:
- ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნის წინ ის საშინელი აჟიოტაჟი იმ ხალხისგან წამოვიდა, განათლებულებად რომ მოაქვთ თავი! ყველაზე მეტს "რუსთავი 2" და ნიკა გვარამია ქილიკობდნენ, თუმცა მაგათ პასუხი და კრიტიკა სჭირდება! გვარამია ნულია ჩემს თვალში! ეს არის მიხეილ სააკაშვილის რუპორი და ყოფილი პროკურორი, რომელმაც რატომღაც გადაწყვიტა, რომ მუსიკაში ერკვევა... კი ძალიან ვისწრაფით ევროპისკენ, მაგრამ სინამდვილეში ძალიან პროვინციული ქვეყანა ვართ! უბრალო ხალხი არ აპროტესტებდა დეკორაციას, აგრესია მათგან მოდიოდა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ინტელექტუალები არიან და ეს არის ზუსტად პროვინციალიზმი!... ნინია კაკაბაძე და მისი თანამოაზრეები ოპერის წინ მიტინგებს მართავდნენ ოპერის გახსნის დღეს, იმის ნაცვლად, რომ ყველას ეზეიმა ეს ღირსშესანიშნავი დღე! თავის პოლიტიკური მიზნებისთვის იყნენებდნენ ყველაფერს! ეს ხდებოდა ოპერაში შიგნით და გარეთაც!
- როგორც გავარკვიეთ უცხოურ გამოფენებში და კონკურსებზე აქტიურად მონაწილეობს თქვენი ნაწარმოები და წარმატებასაც მოიპოვებს...
- ასეა, მაგრამ მერე რა?! უტიფარ ხალხს არაფრის რცხვენია და სინანულს არ განიცდიან იმის გამო, რაც უკვე ჩაიდინეს, ეს არის ზუსტად ველურობის ნიშანი! ამიხსენით გვარამიაზე რამ უნდა იმოქმედოს? - მშვენივრად არის მოწყობილი, ცოლ-შვილი ამერიკაში ჰყავს, დიდ ჯამაგირს იღებს და ლანძღავს მთელ ქვეყანას! ერთი პოზიტიური სიტყვა არ გამიგია მაგათგან.
- ხელოვანისთვის როგორი გარემოა დღეს საქართველოში სამოღვაწეოდ?
- საერთოდ გაუქმდა კულტურის განყოფილება მერიაში, ქვეყანაში კულტურისთვის არ გამოიყოფა საკმარისი ფინანსები, არ ვიცი ხელისუფლების წარმომადგენლები რას ფიქრობენ! მხოლოდ კულტურა გვაქვს, რითაც შეგვიძლია ვიამაყოთ! უსაქმურებით არის გატენილი სახელმწიფო დაწესებულებები! მათი ერთადერთი საფიქრალი სკამის შენარჩუნებაა! უნიჭიერესი სტუდენტების გამოფენა მოვაწყვე და ერთი ადამიანიც არ მოვიდა კულტურის სამინისტროდან, რაც ძალიან სამარცხვინოა! მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სკოლა მაქვს, საერთაშორისო სტანდარტებით, მაგრამ არავის აინტერესებს! მკაფიოდ მოვითხოვ მთავრობისგან, - კულტურას მიხედონ! კულტურის გარეშე ბრბოდ გადავიქცევით! აჯობებს განათლების მინისტრმაც კომბლეზე ლაპარაკის ნაცვლად, ის გაგვაცნოს თუ რა რეფორმებს აპირებს განათლების სფეროში! საზღვარგარეთ ვასწავლიდი, მაგრამ ჩემ სამშობლოში არავის აინტერესებს ჩემი გამოცდილება!
მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)