ბალზაკის ასაკის პლუს-მინუსები
რას გულისხმობს ბალზაკის ასაკი? მოწიფულობაში შესულ ქალს, რომელსაც ჩამოყალიბებული გემოვნება და შეხედულებები აქვს; ქალს, რომელმაც იცის, რა სურს ცხოვრებისგან. ბალზაკის ასაკის ქალად მოიაზრება 30 წელს გადაცილებული ქალი. ტერმინი 1831 წლიდან დამკვიდრდა, როდესაც ფრანგი მწერლის, ონორე დე ბალზაკის რომანი "30 წლის ქალი" გამოვიდა.
გასული საუკუნისგან განსხვავებით, ბალზაკის ასაკმა ტრანსფორმაცია განიცადა, თანამედროვე ესთეტიკური მედიცინისა და განსხვავებული შეხედულების წყალობით, ერთი ათეული წლით გადაიწია. ქალს ასაკს არ ეკითხებიან და მასთან დაკავშირებულ დისკომფორტზე საუბარს გაურბიან, მაგრამ ჩემმა რესპონდენტებმა გაბედეს და თავიანთი ასაკის დადებით და უარყოფით მხარეებზე თამამად ისაუბრეს.
"არ არსებობს ასაკობრივი ცენზი, ასაკი სულის მდგომარეობაა"
ლალი მოროშკინა ბალზაკის ასაკს მშვიდად და გააზრებულად შეხვდა. თავისი ასაკიც გაამხილა და ისიც მიამბო, რა შეცვალა ასაკის მატებასთან ერთად.
- დღეს ბალზაკის ასაკის ქალებად ითვლებიან 40-45 წელს გადაცილებული ქალები. იმის გამო, რომ ასაკი გაახალგაზრდავდა, ხშირად ვხვდებით ქალებს, რომლებიც თამამად მშობიარობენ 40 წლის ასაკში და ბედნიერად გრძნობენ თავს. სამაგალითოა ის ოჯახებიც, რომლებიც 40 წლის შემდეგ იქმნება. შეხედულებები შეიცვალა, ადამიანი თვლის, რომ ჯერ რაღაც უნდა შექმნას, მიიღოს განათლება, სტატუსი და მერე იპოვოს მეგობარი, რომელთანაც გააგრძელებს ცხოვრებას.
სიმართლეს უნდა შევხედოთ თვალებში - მე 40 წელსაც გადავაბიჯე და 50-საც მივუკაკუნებ მალე - არ არსებობს ასაკობრივი ცენზი, ასაკი სულის მდგომარეობაა. უნდა შევძლოთ და ჩვენი ასაკის დადებითი მხარეც დავინახოთ - გავზარდე შვილები, ველოდები შვილიშვილს, შემიძლია დამოუკიდებლად მივიღო ნებისმიერი გადაწყვეტილება და არ ვთვლი, რომ ვინმეს ანგარიში უნდა გავუწიო. არაჩვეულებრივად ვგრძნობ თავს.
"თავს თინეიჯერად ვგრძნობ"
ნათია ფანჯიკიძეს მიაჩნია, რომ კრიზისული ასაკი ქალის ცხოვრებაში, შესაძლოა, ძალიან ადრე, 30 წლის ასაკშიც დადგეს. როგორ ვებრძოლოთ შფოთვას და პრობლემებს, ამისთვის რეცეპტი არ არსებობს, მაგრამ საკითხისადმი მიდგომა ასეთია:
- ბალზაკის ასაკის ქალები ახლა თინეიჯერები არიან - გაახალგაზრდავდა ასაკი. კრიზისული პერიოდი კულტუროლოგიასთან არის კავშირში. 30 წლის ქალმა, შესაძლოა, უცებ გამოხატოს შიში პირველი ნაოჭის მიმართ, იმ ნაოჭის, რომელიც ჯერ არც კი გაჩენილა, ასევე უპერსპექტივობის მიმართ და საკუთარი თავი დააჯეროს, რომ უკვე ყველაფერი დაგვიანებულია - ეს არის ერთგვარი შფოთვა. მე ეს არ დამწყებია და თავს თინეიჯერად ვგრძნობ. ნებისმიერ ადამიანს აქვს საკმარისი რესურსი, რომ იყოს უკეთ, ვიდრე არის დღეს, მაგრამ საამისო ძალის გამონახვა ინდივიდუალური პროცესია, ამიტომ არ არსებობს პირდაპირი რეცეპტი, რომელიც მისი ცხოვრების ნაბიჯებს განსაზღვრავს. მხოლოდ მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე უნდა მოხდეს თვითშეფასების განმტკიცება. ჩვენ ვეხმარებით, გაერკვეს საკუთარ რესურსში, ანუ შეიარაღებაში - რა შეუძლია.
"თუ გამოჩნდება სასურველი მამაკაცი, დიდი სიამოვნებით შევქმნი ოჯახს"
ნანა ნებიერიძისთვის ბალზაკის ასაკის ქალი ძლიერ ქალთან ასოცირდება.
- დიდად არ განვიცდი ასაკის მატებას. ახლა უფრო მყარად ვდგავარ ფეხზე, არ დავფრინავ, როგორც ახალგაზრდობაში დავფრინავდი და ყველაფერი ვარდისფერ ფერებში მეჩვენებოდა. სულ სხვანაირად ვფიქრობ და ვაზროვნებ, უფრო მონდომებული ვარ, მეტი მინდა... ვცეკვავ, შვილიშვილი მყავს, რადიოში დავიწყე მუშაობა, მეტი ენერგია მაქვს და წინ მივდივარ. ყველაფერი მაინტერესებს, არა იმიტომ, რომ დრო არ ითმენს, ენერგიის პიკზე ვარ...
ბებიობა მაძლევს სტიმულს, სულ ფორმაში ვიყო. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, თუ გამოჩნდება სასურველი მამაკაცი, დიდი სიამოვნებით შევქმნი ოჯახს, მაგრამ მოთხოვნები და შეხედულებები უფრო ჩამოყალიბებული მაქვს...
"ბოტოქსი არა მაქვს და ასე ბუნებრივად ვეგებები ასაკს"
მისთვის ბალზაკის ასაკი მხოლოდ ფრაზაა. როგორ ცხოვრობს მსახიობი ეკა ნიჟარაძე თავად მოგიყვებათ.
- კრიზისული ასაკი ქალისთვის იწყება მაშინ, როდესაც ამას დაუშვებს. ვერ ვიტყვი, რომ ასაკს ვგრძნობ ან განვიცდი, ან რამე შეიცვალა ჩემში... ვცხოვრობ ისე, როგორც აქამდე. რაღაცებში უფრო დავჭკვიანდი და რაღაცებში, პირიქით... ასაკმა მოიტანა ის, რომ აღარ მინდა და აღარც შემიძლია, მაგალითად, ხშირად ბევრ ხალხში ყოფნა, მირჩევნია, შინ ვიყო, თუნდაც ახალ წელს. ადრე როგორც დავდიოდი რესტორნებში და იყო ერთი ამბავი, ეს აღარ შემიძლია. აღარ მხიბლავს ბევრ ხალხში ტრიალი, პრეზენტაციები, ბანკეტები და ა.შ. თუ ამის აუცილებლობა არ არის, თავს ვარიდებ. რაც შეეხება გარეგნულ ცვლილებებს, თმას არ ვიღებავ, ჭაღარა არა მაქვს და ამით ძალიან ვამაყობ. ბოტოქსიც არა მაქვს, ტუჩებიც არ მაქვს გადიდებული და ასე ბუნებრივად ვეგებები ბალზაკის ასაკს.