ორნელა მუტი: "სიამოვნებით ჩამოვალ საქართველოში" (ექსკლუზივი)
პირველად ქართულ მედიასივრცეში ორნელა მუტი თავის დღის რეჟიმზე, ადრიანო ჩელენტანოსა და საყვარელ მამაკაცზე გიამბობთ
ადრიანოსთან მუშაობა დიდი სიამოვნებაა, ის არაორდინარული პიროვნებაა და არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა აქვს. მე არ ვთვლი, რომ მისი გმირი უხეშია, ალბათ, უფრო რეალისტური და გულწრფელი, გულწრფელობა კი ყოველთვის სიმპათიას აღძრავს
"მე ვარ ქალი და მინდა, კარგად გამოვიყურებოდე ყოველ დილას, დღის განმავლობაში, საღამოს, მაკიაჟით და მის გარეშეც, ყოველთვის. მინდა მომხიბლავი ვიყო ჩემი თავისთვის და იმათთვის, ვინც მე მიყვარს..."
ერთხელ მაინც თუ გინახავთ ფილმი "ჭირვეულის მორჯულება", აუცილებლად გემახსოვრებათ მწვანეთვალება ლამაზმანი, რომელიც წვიმიან ამინდში მარტოხელა ელიას სახლში აღმოჩნდება და მათი სიყვარულის ისტორიაც აქედან იწყება. 80-იანი წლების ვარსკვლავი, იტალიელი მსახიობი ორნელა მუტი დღესაც ძალიან პოპულარულია. მსოფლიო კინოვარსკვლავს ფილმებში სათამაშოდ ისევ იწვევენ, ის ისეთი ლამაზი და ენერგიით სავსეა, როგორიც 30 წლის წინ იყო. ახლახან სახის მოვლის საშუალებების ახალი ხაზი გამოუშვა, მოსკოვში თავის საყვარელ მამაკაცთან ახლოს დასახლდა და ინტერვიუზეც დამთანხმდა. პირველად ქართულ ტელე და მედიასივრცეში ორნელა მუტი თავის დღის რეჟიმზე, ადრიანო ჩელენტანოზე, სილამაზესა და საყვარელ მამაკაცზე გიამბობთ.
- ქალბატონო ორნელა, თქვენ ქართველების საყვარელი მსახიობი ხართ, თითქმის ყოველი მეორე ქალი ყურადღებით ადევნებს თვალს სიახლეებს თქვენ შესახებ. როგორ ცხოვრობს დღეს ორნელა მუტი? როგორია მისი დღის რეჟიმი?
- ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ საქართველოში თვალს ადევნებენ სიახლეებს ჩემი ცხოვრების შესახებ. მინდა მადლობა ვუთხრა ქართველ მკითხველსა და მაყურებელს ამ ყურადღებისა და სითბოსთვის.
უნდა გამოგიტყდეთ, რომ ორნელა მუტის ცხოვრების წესი განსხვავდება ქალების უმრავლესობის ცხოვრების წესისგან. მე დიდი ხანია ვვარჯიშობ. თავისუფალ დროს ვკითხულობ, ვზრუნავ ჩემს ოჯახზე და, რა თქმა უნდა, დიდ დროს ვუთმობ სამსახურს.
ჩემი სხეულისა და სულის გართობა თუ დასვენება არის გიროტონიკა. ეს არის ვარჯიშის სისტემა, სადაც ყველა კუნთი ხერხემლის მეშვეობით მუშაობს. ეს სპეციალური ტრენაჟორების დახმარებით კეთდება. შედეგად ვიღებთ საოცრად გრაციოზულ, შეკრულ და დახვეწილ ფიგურას. მოძრაობები ჰარმონიაში მოდის სუნთქვასთან და ფიქრები მწყობრში დგება - ეს მედიტაციას ჰგავს, ოღონდ მოძრაობებით. სადაც უნდა ვიმყოფებოდე, პირველ რიგში ვიგებ, სად იქნება სავარჯიშო დარბაზი, რომ ვივარჯიშო.
- თქვენ მოსკოვში გადახვედით საცხოვრებლად, რამ განაპირობა ეს გადაწყვეტილება? გსურთ, თქვენს საყვარელ მამაკაცთან ახლოს იყოთ, თუ იქ დაბრუნდეთ, საიდანაც თქვენი წინაპრები მოდიან? როგორც ვიცი, თქვენი ბებია და ბაბუა პეტერბურგში ცხოვრობდნენ და 1917 წელს საცხოვრებლად ესტონეთში გადავიდნენ.
- ნამდვილად ასეა, მე რუსული წარმოშობა მაქვს. დედაჩემს, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია, რუსეთი ძალიან უყვარდა და როდესაც მოსკოვში ჩამოვდივარ, პირველი, ვინც მახსენდება, დედაა. მოსკოვში მეგობრებიც მყავს, ჩემთვის ძალიან ძვირფასი ხალხი.
მოსკოვში დაფუძნების შესახებ გადაწყვეტილება მარტივად მივიღე, დიდი გავლენა იმ ფაქტმაც მოახდინა, რომ ჩემი საყვარელი მამაკაცი მოსკოვში გადმოვიდა საცხოვრებლად და მეც გამოვყევი.
- ქართული ტელეარხები ხშირად აჩვენებენ ფილმებს თქვენი მონაწილეობით. "ჭირვეულის მორჯულება" და "უზომოდ შეყვარებული" თქვენი და ადრიანო ჩელენტანოს მონაწილეობით ჩვენი საახალწლო ეთერის ტრადიციაა. რამდენად კომფორტული პარტნიორია ჩელენტანო? კამერების მიღმა ისეთივე უხეშია, როგორიც მისი გმირი ელია?
- ძალიან ხშირად მისვამენ ამ შეკითხვას. ადრიანოსთან მუშაობა დიდი სიამოვნებაა, ის არაორდინარული პიროვნებაა და არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა აქვს. მე არ ვთვლი, რომ მისი გმირი უხეშია, ალბათ, უფრო რეალისტური და გულწრფელი, გულწრფელობა კი ყოველთვის სიმპათიას აღძრავს ადამიანებში.
ფილმ "ჭირვეულის მორჯულების" გადაღება კომფორტულ გარემოში მიმდინარეობდა, შემოქმედებითი ჯგუფი ვმხიარულობდით და ის დღეები სასიამოვნო მოგონებად დამრჩა.
- რა იცით საქართველოსა და ქართულ კულტურაზე?
- არ მინდა, იმედი გაგიცრუოთ, მაგრამ ქართულ კულტურაზე ცოტა რამ ვიცი, უფრო სწორად, ძალიან ცოტა. იმედია, მომავალში უფრო ახლოს გავიცნობ ამ მშვენიერ ქვეყანას, თავისი დიდებული ბუნებით, ძლიერი კულტურული და ოჯახური ტრადიციებით და რაც მთავარია, ძლიერი სულის ადამიანებით. თავი მხოლოდ ერთი რამით შემიძლია ვიმართლო - არა მხოლოდ მსმენია, არამედ განსაკუთრებით მიყვარს მსოფლიოში ცნობილი ქართული სამზარეულო, აქ, მოსკოვში, ჩემი საყვარელი ქართული რესტორნებიც კი ვიცი სად არის და როცა შესაძლებლობა მაქვს, ვსტუმრობ.
- ჩინებულად გამოიყურებით და ბევრი ქალისთვის მისაბაძი ხართ. დიეტას იცავთ? როგორ ახერხებთ, იყოთ იდეალურ ფორმაში?
- ჩვენთვის, ქალებისთვის, ცნობილია რომ სილამაზეზე ზრუნვა რთული და კომპლექსური პროცესია, ძალიან დიდ დროს მოითხოვს, მაგრამ ეს პროცესი არა მხოლოდ გარეგნობის მოვლას, არამედ სულზე ზრუნვასაც გულისხმობს. მაგალითად, ჯანსაღი კვება, ფიზიკური დატვირთვა. ვცდილობ, მოზომილად ვიკვებო და არ ვჭამო ცხიმით გაჯერებული საკვები, მავნე პროდუქტი სასარგებლოთი ჩავანაცვლო, მაგრამ ზოგჯერ თავს უფლებას ვაძლევ, რაც მინდა, ის შევჭამო, მაგალითად, ქართული კერძები.
მინდა ყველას ვუთხრა, რომ გარეგნული სილამაზე შინაგანი სილამაზის ანარეკლია, ეს კი შეგვიძლია შევინარჩუნოთ ვარჯიშით, მედიტაციით, მხიარული და პოზიტიური ფიქრებით. ამის წყალობით ტუჩის კუთხეებიც ქვემოთ არ ჩამოგვეწევა (ეღიმება) - ეს ჩემი სილამაზის ერთ-ერთი საიდუმლოა. მთელი გულით მჯერა, რომ საჩუქრის მირთმევა, კომპლიმენტის თქმა თუ სილამაზის საიდუმლოს გამხელა არის იმპულსი, ემოცია, რომელიც გულიდან უნდა მოდიოდეს.
მიმაჩნია, რომ ადამიანი ყველა ასაკში წინ უნდა მიიწევდეს. მთავარია, დავრჩეთ გულღია, გახსნილი და არ შევუშინდეთ ახალ გამოწვევებს. უნდა ვიცოდეთ, რომ მომავალში რაღაც უკეთესი გველოდება და ამიტომ უნდა ვიმოქმედოთ. ცხოვრებაში მუდმივი მხოლოდ ცვალებადობაა. არც მე ვარ გამონაკლისი, ერთგული ვარ ჩემი პრინციპების, მაგრამ მიყვარს სიახლე და ჩემთვის უცნობის აღმოჩენა.
- ახლახან გამოვიდა სახის კანის გამამკვრივებელი საცხი Skinstar-ი ორნელა მუტისგან, იქნებ გვიამბოთ მის შესახებ?
- ამის შესახებ შემიძლია ძალიან დიდხანს ვისაუბრო. ჩემი სახის მოვლის პროდუქცია პირველი შვილივითაა, რომლითაც ძალიან ვამაყობ, რადგან მასში მთლიანად გადმოცემულია ჩემი შეხედულება სილამაზეზე. როდესაც კოსმეტიკური ხაზის Skinstar-ის შექმნაზე ვფიქრობდი, პირველ რიგში მინდოდა, ჩემი სილამაზის საიდუმლო გამეზიარებინა ყველა მსურველისთვის. ამ ნიღბის გამოყენება ძალიან მარტივია, რამდენიმე წუთში სახის კანს შესამჩნევად ამკვრივებს, აახლებს და აძლევს შესამჩნევ ელფერს, ასევე ხელს უწყობს მაკიაჟის დიდხანს ფიქსაციას... მე ვარ ქალი და მინდა, კარგად გამოვიყურებოდე ყოველ დილას, დღის განმავლობაში, საღამოს, მაკიაჟით და მის გარეშეც, ყოველთვის. მინდა მომხიბლავი ვიყო ჩემი თავისთვის და იმათთვის, ვინც მე მიყვარს. მე არა ვარ სრულყოფილება და როგორც ყველას, მეც მაქვს უარყოფითი მხარე. ჩემი საცხი მეხმარება არასრულყოფილების სრულყოფაში, იმაში, რომ ლამაზად გამოვიყურებოდე.
რაც უფრო მარტივად გამოსაყენებელია პროდუქცია, მით კომფორტულია იმ ქალებისთვის, ვისი დღის გრაფიკიც ზოგჯერ ჭკუიდან შემშლელია. მაგრამ ჩემს სიტყვებს ნუ დაეყრდნობით და სცადეთ ეს ნიღაბი. Skinstar-ი უკვე იყიდება ჩემს ოფიციალურ ვებგვერდზე www.ornellamuti.eu და ევროპის ნებისმიერ ადგილას შეძლებთ მის მიღებას.
- როგორ გაიცანით ფაბრის კერერვე? როგორია თქვენი სიყვარულის ისტორია?
- ფაბრისი ათი წლის წინ საფრანგეთში გავიცანი, ერთად ვმუშაობდით, ფაბრისის კოსმეტიკური ბრენდის სახე ვიყავი, შემდეგ შევქმენი საიუველირო ნაკეთობების ხაზი ორნელასგან. რისთვის მიყვარს ფაბრისი? მიყვარს იმიტომ, რომ ის "ის" არის, მიყვარს თავისი ღირსებებითა და ნაკლოვანებებით და ეს ქმნის მას უნიკალურს. განუმეორებელი პიროვნებაა, მიყვარს მისი დიდი გულის გამო, არასრულყოფილებისა და სრულყოფილებისთვისაც.
სიყვარული ან არის, ან არა. მე ნამდვილ სიყვარულზე გესაუბრებით, რომელსაც არ გააჩნია საზღვრები... როდესაც გიყვარს, ენთუზიაზმი გიპყრობს, მთლიანად ავსებს შენს სულს და უბრალოდ აღარ გაქვს ძალა, მხოლოდ შენში იყოს ეს, გინდა, მთელმა ქვეყანამ იცოდეს. ცხოვრების სიყვარული, სიხარული, სიამოვნება, ვნება ალამაზებს ჩვენს შინაგან სამყაროს და აირეკლება გარეგნობაზე.
- გვინდა საქართველოში მოგიწვიოთ. თქვენი ინტერვიუ "კვირის პალიტრის" მკითხველისთვის დიდი სიურპრიზი იქნება. წარმატებებს გისურვებთ! გმადლობთ ინტერვიუსთვის.
- სიამოვნებით ჩამოვალ საქართველოში.
ნინო წიფურია