"ჩემი შვილის სახელი ფულზე არ გაყიდულა და არც არასოდეს გაიყიდება. რისთვის უნდა სოფოს დედას სოფოს შემდეგ ფული?!" (ექსკლუზივი)
24 იანვარს, 23 საათსა და 30 წუთზე, თბილისის მთავარი პროსპექტი შემზარავი შემთხვევის მოწმე გახდა - სამი მანქანის შეჯახების დროს 26 წლის სოფო ბერიძე გარდაიცვალა, ოთხი კაცი კი დაშავდა. სოფო ბერიძე "ოპელის" მარკის ტაქსით გადაადგილდებოდა, რომელსაც ჩაჯდომიდან ერთ წუთში ჯიპი შეეჯახა.
სტატია მომხდარზე მომაზადა გაზეთმა "კვირის პალიტრამ", რომლისანაც ამონარიდებს გათავაზობთ:
შემთხვევიდან მეათე დღეს გიორგი ჯაფარიძე ბრალდებულის სახით დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ჯაფარიძეს "მარიხუანას" მოხმარება დაუდგინდა.
"სოფოს მამა დაკრძალვის წინა დღეს გაუჩინარდა"
დათო, სოფო ბერიძის ოჯახის ახლობელი: - სოფოს დაკრძალვის წინადღეს სოფოს მამა გიორგი გაუჩინარდა და დღემდე არავინ იცის მისი ასავალ-დასავალი. კაცი შვილის დაკრძალვას არ დასწრებია. სოფოს ოჯახში ენით აუწერელი უბედურება ტრიალებს. ეს არ კმაროდა, რომ ჭორი გაავრცელეს, ოჯახი ავარიაში დამნაშავეს გაურიგდა და ფული აიღოო. ეს ოჯახი შვილის ხსოვნას ფულზე არ გაყიდის.
"კვირის პალიტრა" დაღუპული სოფო ბერიძის დედას დაუკავშირდა.
შორენა მუშკუდიანი: - როცა საუბარი და მითქმა-მოთქმა დაიწყო იმაზე, ავარიაში დამნაშავის ოჯახი სოფოს მშობლებს გაურიგდაო, ისედაც გაუბედურებული, ამან საერთოდ გამაგიჟა. სამძიმარზე ორჯერ იყვნენ იმ ოჯახის წევრები მოსულები, მათ სამძიმარი ნამდვილად უნდა ეთქვათ ჩემთვის, ჩემს შვილს სიცოცხლე წაართვეს და არ უნდა მოესამძიმრებინათ? ჩემი შვილის სახელი ფულზე არ გაყიდულა და არც არასოდეს გაიყიდება. რისთვის უნდა სოფოს დედას სოფოს შემდეგ ფული?!..
ჩემს ტკივილს აწი არაფერი შეამსუბუქებს. როდესაც გავიგე, რომ თითქოს დამნაშავეს ხელს აფარებენ, ეს ვერ ავიტანე. როგორ, კანონი არ უნდა არსებობდეს და გამწარებული დედა უნდა ფიქრობდეს იმაზე, დაიჭერენ თუ არა შვილის სიკვდილში დამნაშავეს? დამნაშავეს შვილმკვდარ დედაზე მეტად გამოძიების და სასამართლოსი უნდა ეშინოდეს, რომელთა ობიექტურობის იმედი ჯერ კიდევ შემრჩენია. არავინ მძულს, არავის ვწყევლი, არც ერთი ადამიანის გამწარებას არ ვთხოვ უფალს. ღმერთმა ყველას შვილი დაიცვას განსაცდელისგან. დაე, მე ვიყო ბოლო დედა, ვინც შვილი მიწას მიაბარა.
წაიკითხეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია: ""გამწარებული დედა უნდა ფიქრობდეს, შვილის სიკვდილში დამნაშავეს დაიჭერენ თუ არა?!"