"იყო დრო, როდესაც ღამეში 300 დოლარიც გადაუხდიათ..."
"ყოფილ ქმარს რომ შევხედე, თავი ბედნიერად ვიგრძენი, მის გვერდით სოფლის დედაკაცად, ფლანელის ხალათში რომ არ მომიხდა ცხოვრების დასრულება"
"კლიენტების რამდენიმე კატეგორია არსებობს: ისინი, ვინც ცოლთან ვერ იკმაყოფილებენ სექსუალურ ფანტაზიებს, ისინი, ვისაც ეტრაბახებათ ჩვენთან სიარული, და ისინი, ვისაც არც აინტერესებთ ქალი, მაგრამ სხვების დასანახავად დადიან ჩვენთან, არადა, შეიძლება მთელი ღამე ფეხბურთს უყურონ ან გამოიძინონ და დილით თანხა "ჩაგახუტონ", მთავარია, გვერდით ოთახში ჩემს კოლეგასთან მყოფმა მისმა მეგობარმა იცოდეს, რომ ღამე ჩემთან გაატარა"
კაცობრიობის არსებობის განმავლობაში, დასაბამიდან დღემდე, ყოველთვის არსებობდნენ უძველესი პროფესიის წარმომადგენელნი - სექსმუშაკები, რომლებიც გასამრჯელოს სანაცვლოდ ემსახურებოდნენ (ზოგან ლეგალურად, მეტწილად კი არალეგალურად) კლიენტებს. მათ ყველა ქვეყანაში სხვადასხვაგვარად მოიხსენიებდნენ ("ბოზი" არაბული წარმოშობის სიტყვაა, "როსკიპი" - სპარსული, "კახპა" და "ჩათლახი" - თურქული... ლათინურად - "პუტანა"). თითოეულს თავისი ისტორია აქვს, რომელმაც ის ზნეობრივი პრინციპების საპირისპირო მხარეს მოაქცია. თავისი ისტორია აქვს ჩემს რესპონდენტ ქეთისაც.
- რაიონში გავიზარდე, ჩემი ცხოვრება არასდროს გამოირჩეოდა სხვებისგან - სკოლა, სახლი, ვენახი... ასე გადიოდა წლები. 14 წლის გავთხოვდი, 19 წლისას ოჯახი დამენგრა. ჩემმა ყოფილმა ქმარმა ჩემ შემდეგ კიდევ 5-ჯერ იქორწინა... ჩამოვედი პატარა შვილით თბილისში, არც ფული, არც სახლი, არც სამსახური... ბედად თანასოფლელი გოგო შემხვდა, თურქეთში ვმუშაობ, ჩემების მოსანახულებლად ჩამოვედი და ისევ მივდივარო. შემპირდა, წაგიყვანო. ბავშვი ნათესავს დავუტოვე, ის გახდა მისი ძიძა გადასახადზე შეთანხმების შემდეგ, მე კი ჩემს მშველელ მეგობართან ერთად თურქეთში, ტრიკოტაჟის ფაბრიკაში სამუშაოდ გავემგზავრე.
პირველი დღე სასტუმროში გამოკეტილებმა გავატარეთ, ასე მოხდა მეორე დღესაც, მესამე დღეს კი გამომიცხადა, რომ ფაბრიკაში სამსახურზე არაფერი ისმოდა და თუ მინდოდა, შიმშილით არ ამომხდომოდა სული, მერჩივნა, ფულიან კლიენტზე უარი არ მეთქვა. პასუხის ნაცვლად კატასავით ვეცი...
არავინ იცის, ვის რას უმზადებს ბედისწერა. ასეა თუ ისე, ყველაფერს ეგუება ადამიანი და მეც შევეგუე. სამაგიეროდ, დანაზოგი გამიჩნდა, ბავშვს ყველა საჭირო ნივთი გავუგზავნე და მეც ამოვისუნთქე, უფრო გავლამაზდი, თავდაჯერებაც მომემატა. მე სულელს მჯეროდა, რომ ჩემი საქმიანობის შესახებ საზღვრის მეორე მხარეს ვერაფერს გაიგებდნენ და საქართველოში კვლავ პატიოსანი ქალის ცხოვრებით ვიცხოვრებდი.
გამოხდა ხანი და საქართველოში დავბრუნდი. დროთა განმავლობაში აქაც გავიჩინე კლიენტურა. ახლა 20 წლის აღარ ვარ, მაგრამ ჩემდა საბედნიეროდ, საქართველოში გამოცდილი, ასაკოვანი ქალები უფრო მოსწონთ ახალგაზრდებს პარტნიორად. ახალგაზრდებით და ცხვირმოუხოცავებით უცხოელი კლიენტები უფრო ინტერესდებიან და ისინი ჩინურ მასაჟების ცენტრებსა და საუნებში არიან დასაქმებული. ჩემმა კლიენტმა კი იცის, რომ ის, რაც ჩვენ შორის მოხდება, ჩემი საძინებლის კედლებს არ გასცდება.
- თქვენმა ახლობლებმა ან შვილმა არ იციან თქვენი საქმიანობის შესახებ?
- გულდასმით ვუმალავდი, შვილს განსაკუთრებით, მაგრამ გაიზარდა და ყველაფერს მიხვდა. თავიდან გააპროტესტა, მერე, არ ვიცი, თავი მოიკატუნა თუ მართლა დაიჯერა, რომ სანიტრად დავიწყე მუშაობა ერთ-ერთ საავადმყოფოში. მისთვის არ მომიკლია არც ჩაცმა-დახურვა და არც რეპეტიტორები, უმაღლეს სასწავლებელშიც ჩააბარა. თუმცა მის მოტყუებაში გაწაფული ერთ დღეს აქეთ აღმოვჩნდი მოტყუებული. ამდენის მნახველს შვილის გზიდან გადახვევის ამბავი გამომეპარა. მადლობა ღმერთს, ახლა გათხოვდა (მართალია, თურქეთში, მაგრამ პატრონს ხომ ჩაჰბარდა) და 2 შვილი ჰყავს. მე პატიოსანი ბებიის სტატუსით ხშირად ვსტუმრობ მის ოჯახს.
- სად ხვდებით კლიენტებს?
- მთავარია, ერთი ნორმალური შეგხვდეს, მერე ის თავისიანებს მიცემს შენს ნომერს, გარდა ამისა, არსებობს სოციალური ქსელი და სპეციალური საიტები, სადაც შეიძლება ინფორმაციის გაცვლა. საშუალო ფასი 80 ლარია, იყო დრო, როდესაც ღამეში 300 დოლარიც გადაუხდიათ... მყავს ისეთი კლიენტებიც, რომელთაც უთქვამთ, მეტი არ მაქვსო და რაც აქვთ, იმას მიტოვებენ. ჩემმა საქმიანობამ ადამიანების გარჩევაც მასწავლა, რომ შევხედავ, უკვე ვიცი, ვინ რა სულის პატრონია, როდის იტყუება და როდის - არა.
ჩემი გამოცდილების მიხედვით, კლიენტების რამდენიმე კატეგორია არსებობს: ისინი, ვინც ცოლთან ვერ იკმაყოფილებენ სექსუალურ ფანტაზიებს, ისინი, ვისაც ეტრაბახებათ ჩვენთან სიარული, და ისინი, ვისაც არც აინტერესებთ ქალი, მაგრამ სხვების დასანახავად დადიან ჩვენთან, არადა, შეიძლება მთელი ღამე ფეხბურთს უყურონ ან გამოიძინონ და დილით შეპირებული თანხა "ჩაგახუტონ", მთავარია, გვერდით ოთახში ჩემს კოლეგასთან მყოფმა მისმა მეგობარმა იცოდეს, რომ ღამე ჩემთან გაატარა. დღევანდელი ქალები იმდენად არიან ჩართული პრობლემებში, შვილების წინ და უკან დევნაში, ხშირად ავიწყდებათ, რომ ყველაზე დიდი ბავშვი ქმარია და მას მოსმენა სჭირდება, შექება, გაოცება მისი მოქმედებით თუ სწორი გადაწყვეტილებებით.
- ნაყიდი სიყვარულის შემდეგ არასდროს გასჩენიათ თქვენ მიმართ ნამდვილი გრძნობა და არ შემოუთავაზებიათ ოჯახის შექმნა?
- როგორ არა, მაგრამ ვიცი, რომ ასეთი ოჯახი შექმნის დღიდანვე დანგრევისთვისაა განწირული. მხოლოდ ფილმებშია ბედნიერი დასასრული.
- კლიენტის აგრესიის მსხვერპლი თუ გამხდარხართ.
- პირდაპირ მკითხეთ, კლიენტს თუ უცემიხარო. ასეთი შემთხვევები ადრე უფრო ხდებოდა.
- ყოფილ ქმარს აღარ შეხვედრიხართ?
- ერთხელ შევხვდი, გამელოტებულს, დაბეჩავებულს, დაკოჟრილი ხელები ჰქონდა, ცერა და საჩვენებელი თითები კი "პრიმის" მოწევით გაყვითლებული. შევხედე და თავი ბედნიერად ვიგრძენი, მის გვერდით სოფლის დედაკაცად, ფლანელის ხალათში რომ არ მომიხდა ცხოვრების დასრულება.
- სხვანაირ ცხოვრებაზე არ გიოცნებიათ?
- მე რომ სხვანაირი მშობლები მყოლოდა, ასეთი პატარა რომ არ გავეთხოვებინე, პროფესია მაინც რომ მოეცათ, ალბათ, დღეს სხვანაირი ცხოვრება მექნებოდა. თუმცა, ვინ იცის, აგერ ჩემს შვილს ხომ არ აკლდა არც განათლება და არც არაფერი, მაგრამ მცირე ხნით მაინც გაიზიარა ჩემი ხვედრი. კიდევ კარგი, მცირე ხნით.
ალბათ, სხვა ქვეყანაში სხვანაირი მომავალი მექნებოდა, იქნებ სამსახური მეშოვა და არც თურქეთისკენ გამეხედა, საიდანაც ჩემი "ახალი" ცხოვრება დაიწყო. თუმცა მარტო ქვეყნის ბრალი არ არის ის, რაც დამემართა. რამდენი უქმრო და უსამსახურო ქალია, ხომ უმკლავდებიან პრობლემებს, მე კი ასე გავუმკლავდი...
ფარაჯანოვების ელიტური საროსკიპო
როგორც ისტორიული წყარო იუწყება, XIX საუკუნიდან XX საუკუნის დამდეგამდე თბილისში რამდენიმე საროსკიპო იყო. საროსკიპო სახლები მდებარეობდა ვორონცოვიდან ხეთაგუროვის ქუჩისკენ მიმავალ გზაზეც, დაბალი კლასის საროსკიპო ადგილი იყო სოფელ გლდანის დუქანი. თბილისის ძველ საროსკიპოებზე ჟურნალისტი ირმა სინაურიძე-მაყაშვილი გვესაუბრება.
- კონკრეტულად სად იყო საროსკიპოების უმეტესობა?...
- ერთ-ერთ დოკუმენტში, რომელიც 1865 წლით თარიღდება, აღნიშნულია, რომ თბილისში 18 საროსკიპო იყო. დოკუმენტში ისიც არის მითითებული, ტფილისში სულ 100 მეძავიაო. 1902 წლის პრესაში საინტერესო სტატიას წააწყდებით, რომლის ავტორი წერს, ქალაქის მოსახლეობა წუხილს გამოთქვამს მეძავების მომრავლების გამო და ამ პრობლემის გადაწყვეტის საუკეთესო გზად მეძავთა სარეაბილიტაციო სახლის გახსნა და მარიამ მაგდალინელის სახელობის საზოგადოების ჩამოყალიბება მიაჩნიაო. იყო ასეთი ტფილისელი თვითნასწავლი მხატვარი, კარაპეტ გრიგორიანცი, ფიროსმანის თანამედროვე, რომელიც ხატვას შესანიშნავად უთავსებდა წერასაც. მისი ერთადერთი წიგნი შემორჩა, სადაც წერია: "ფქვილის მოედნიდან დაწყობილი, ვიდრე აბანოებავდისინ, ქუჩების ორივე მხარეს მრავალი საროსკიპო სახლები იყო. ამ ქალებში მეტი წილი მაჰმადიანები იყო... ყოველ საღამოთი საღებავებით გაგლესილი ქუჩის აქეთ-იქით გამწკრივებული ისხდნენ ხოლმე და გამვლელ კაცებს სახლში ეპატიჟებოდნენ, ხშირად კაცების ქუდებს იტაცებდნენ და სახლში გარბოდნენ. უკეთუ ვისმეს შენიშნავდნენ, რომ ფული აქვს, მოკვლა და მტკვარში გადაგდებაც იმათი ხელობა იყო. აბა, ვინ მოიკითხავდა, ანუ თავს ვინ გაიცხელებდა გარეცხილ-გარყვნილ ბოზებთან ლაპარაკსა და გამოძიებას"...
საროსკიპო სახლები იყო ვორონცოვიდან ხეთაგუროვის ქუჩისკენ მიმავალ გზაზეც. ე.წ. უფრო დაბალი კლასის საროსკიპო ადგილი იყო სოფელ გლდანის დუქანი. საროსკიპოებზე აკრძალული იყო აბრების გაკეთება, ეკლესიიდან და სკოლიდან განსაზღვრული მანძილითაც უნდა ყოფილიყო დაშორებული. საროსკიპოებში ნებადართული იყო ფორტეპიანოს ქონა და დაკვრა. აკრძალული იყო სხვა გართობა. სასტიკად იკრძალებოდა სამეფო ოჯახის წევრთა ფოტოების გამოფენა. საროსკიპოები სამ კატეგორიად იყოფოდა: უმაღლესი კატეგორიის - 12 მანეთი (არა უმეტეს 7 კაცისა დღე-ღამეში). საშუალო - 7 მანეთი (12 კაცი) და დაბალი კატეგორიის. რამდენადაც პროსტიტუცია ოფიციალური პროფესია იყო, საროსკიპოები იბეგრებოდა.
- რა ეროვნების იყვნენ იქ მომუშავე ქალები?
- თბილისი უძველესი დროიდან ეთნიკური სიჭრელით გამოირჩეოდა. ამიტომ იქ მომუშავე ქალების ეროვნებაც ასევე ჭრელი გახლდათ...
- ერთ-ერთი საროსკიპო სერგო ფარაჯანოვის მშობლებს ჰქონიათ გახსნილი...
- ფარაჯანოვი ანტიკვარებით მოვაჭრის ოჯახში დაიბადა. ანტიკვარიატით ვაჭრობა მის გვარზე მემკვიდრეობით გადადიოდა და ოჯახისთავი, იოსებ ფარაჯანოვი, რევოლუციამდელი ტფილისის ერთ-ერთი უმდიდრესი კაცი გახლდათ. ოჯახი რამდენიმე დაწესებულებასაც ფლობდა, მათ შორის, საჯარო სახლს, ანუ საროსკიპოს. შემოსავლიან ბიზნესში იოსების მეუღლე, სირანაც მონაწილეობდა. იგი პირადად არჩევდა გოგონებს, რომლებიც, სიტყვამ მოიტანა და, საფრანგეთიდან ჩამოჰყავდა. ფარაჯანოვების საროსკიპოს უცნაური სახელი - "ოჯახური კუთხე" ერქვა და რუსთაველზე მდებარეობდა. 1927 წელს იოსებ ფარაჯანოვს დაწესებულება დაუხურეს და დააპატიმრეს, თუმცა გათავისუფლება მოახერხა.
მანანა გაბრიჭიძე
ეკა სალაღაია