"გვარამიამ დაიწყო მინიშნებები, რომ შესაძლოა რომელიმე თანამშრომელი გადავიდეს გაუგებარ „მეორე მხარეს" - ყარამანაშვილები გვარამიას წინააღმდეგ?! - კვირის პალიტრა

"გვარამიამ დაიწყო მინიშნებები, რომ შესაძლოა რომელიმე თანამშრომელი გადავიდეს გაუგებარ „მეორე მხარეს" - ყარამანაშვილები გვარამიას წინააღმდეგ?!

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ორშაბათს ისინი დაააფუძნებენ შპს-ს.

"რუსთავი 2"-ის გუნდი იქნება ამ შპს-ს სახელი და ეს შპს იქნება ამ 51% წილის მფლობელი... 19:00 საათზე "რუსთავი 2"-ის გუნდი შეიკრიბება და გადაწყდება, რამდენი ადამიანი დააფუძნებს შპს "რუსთავი 2"-ის გუნდს, თუ ვინ იქნება ამ წილის მფლობელი და მის მართვაზე პასუხისმგებელი... ჩვენ მზად ვართ კონსულტაციები დავიწყოთ, ჩვენ შემოთავაზებას ვიღებთ", - განაცხადა გვარამიამ.

„რუსთავი 2"-ის 91%-იანი წილის მფლობელები, ლევან და გია ყარამანიშვილები შპს-ს შექმნასთან დაკავშირებით, ნიკა გვარამიას დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურნენ და "ფეისბუკში" განცხადება გაავრცელეს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ჩვენი თავდაპირველი ინიციატივა ითვალისწინებდა „რუსთავი 2"-ის წილების გადაცემას ტელეკომპანიის მთელი კოლექტივისთვის. საპასუხოდ, კომპანიის გენერალურმა დირექტორმა დაგვდო ბრალი, რომ ჩვენი შეთავაზება იყო ფიქცია და წამოგვიყენა ერთგვარი ულტიმატუმი.

უსაფუძვლო ეჭვების გასაქარწყლებლად, ჩვენ გამოვხატეთ მზადყოფნა, კოლექტივისთვის გადაგვეცა ტელეკომპანია „საქართველოს" 51%, ხოლო წილების გადაცემის დეტალები შეთანხმებულიყო ყველა თანამშრომლის მონაწილეობით, ღიაობისა და სამართლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით.

დღეს ნიკა გვარამიას მიერ წამოყენებულ იქნა ახალი მოთხოვნა, რომ შეიქმნას გაურკვევლი შუამავალი შპს, რომელიც კოლექტივის ნაცვლად ჩაერთვება მოლაპარაკებებში. ითქვა, რომ ამ შპს-ში შეიძლება იყოს 20-30 ან 50 დამფუძნებელი (ანუ ტელეკომპანიის ამჟამინდელი თანამშრომლების მაქსიმუმ 5%). დაიწყო უცნაური მინიშნებები, რომ შესაძლოა რომელიმე თანამშრომელი გადავიდეს გაუგებარ „მეორე მხარეს". გუნდის მხარეებად დაყოფა იმ უპრეცედენტო გარე წნეხის პირობებში, რომელშიც ვიმყოფებით, არაგონივრული და დამაზიანებელია.

გვინდა ყველას კარგად ესმოდეს - ამგვარი სქემა არის უმოკლესი გზა იმისკენ, რომ „რუსთავი 2"-ის აწმყოსა და მომავლის შესახებ გადაწვეტილება მიიღოს არა სრულმა კოლექტივმა, არამედ პირთა მცირე ჯგუფმა, რაც არასდროს ყოფილა ჩვენი ინიციატივის მიზანი და რაც ეწინააღმდეგება როგორც ტელეკომპანიის, ასევე მისი თანამშრომლების დიდი უმრავლესობის ინტერესებს.

და ბოლოს, გვინდა აღვნიშნოთ, რომ სწორი ფინანსური მენეჯმენტის და ხარჯების მკაცრი კონტროლის პირობებში, სრულიად რეალისტურია კომპანიის გაყვანა მოგებაზე და დივიდენდების დარიგება. ამიტომ, მიუღებელია გენერალური დირექტორის მიერ დღეს გაჟღერებული მინიშნება, რომ ტელეკომპანიაში დივიდენდი არასდროს იქნება", - ნათქვამია ლევან ყარამანიშვილის „ფეისბუქის" გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"