"გამთენიისას ზღვაზე შტორმი დაიწყო და ხომალდი შუაზე გადატეხა" - ქერჩის ახალი ტრაგედია
19 აპრილს გამთენიისას შავ ზღვაში პანამის დროშის ქვეშ თურქული კომპანიის Gunes Denizcilik Nakliyat ve Dis Ticaret Limited Sirketi (Gunes Shipping & Trading Company Limited) ) საკუთრებაში არსებული მცურავი სატვირთო გემი Geroi Arsenala (IMO 8727604) ) ჩაიძირა, რომლის ბორტზეც ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა. მთგან ერთ-ერთი ეკიპაჟის წევრი საქართველოს მოქალაქე, ბოცმანი ლაშა ქაჯაია ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.
ძებნა-გადარჩენის ოპერაციების შედეგად გადარჩენილია ეკიპაჟის ერთი წევრი (უკრაინის მოქალაქე) და ამოყვანილია სამი გარდაცვლილი მეზღვაური, აქედან ორი უკრაინის მოქალაქეა და ერთი - რუსეთის.
25 წლის ლაშა ქაჯაიას ძებნას ლაშას უფროსი ძმა, გია ქაჯაია ისევ აგრძელებს. ქაჯაიებს ჯერ კიდევ იმედი აქვთ, რომ ლაშა შეიძლება ცოცხალი იპოვონ. გემის ეკიპაჟის ერთადერთი გადარჩენილი წევრის თქმით, ლაშა ქაჯაიამ ეკიპაჟის სხვა გაუჩინარებულ წევრებთან ერთად მაშველ კაფსულაში ჩაჯდომა მოასწრო. დღეს ხელვაჩაურის სოფელ ფერიაში, ქაჯაიების ოჯახში ენითაუწერელი ტრაგედია ტრიალებს. გაუჩინარებულ მეზღვაურზე მისი ბიცოლა, ნინო დუმბაძე გვესაუბრება:
- ლაშა ისეთი ბიჭია, არა მხოლოდ ჩვენი ოჯახის, ამ ქვეყნის იმედიც იყო, მაგრამ ჩვენმა ხელისუფლებამ მის მოსაძებნად გროშიც ვერ გაიმეტა. თითქოს გულმა რაღაც ცუდი მიგრძნო, გამომშვიდობებისთვის ჩემთან რომ შემოიარა, უთხარი, - რა იყო, ბიჭო, საასპარეზოდ, მიწა რატომ გეპატარავება, ახლა ზღვისკენ მიდიხარ-მეთქი?! სკოლის დამთავრების შემდეგ ეს დევივით ბიჭი არ გაჩერებულა, სულ შრომობდა. საზღვაო სკოლაც დაამთავრა და პარალელურად, ნებისმიერ სამუშაოზე, მათ შორის მშენებლობაზეც მუშაობდა, ოჯახზე ზრუნავდა. ამბობდა, ამ რეისიდან რომ ჩამოვალ, მერე სხვა საქმეებსაც მივხედავო, ვინ იცის, იქნებ ოჯახის შექმნაც უნდოდა. ახლა კი აღარ ვიცით, რა ვიფიქროთ...
- ოჯახმა როგორ შეიტყო გემის ჩაძირვის ამბავი?
- ტელევიზიით. მერე ნაცნობებში ვრეკავდით, ზუსტად რომელი გემი ჩაიძირა ეს რომ გაგვეგო. 19 მარტს ლაშა და მისი უფროსი ძმა თურქეთიდან ზღვაში ერთად გავიდნენ, ოღონდ სხვადასხვა გემით. ლაშას გემი ხორბლით იყო დატვირთული. 4 აპრილს ეს გემი ფოთის ნავსადგურში შემოვიდა, მერე კი ქერჩისაკენ გაცურა და ნაპირიდან 13 მილზე დადგა. თურმე გემის კაპიტანი გაფრთხილებული ყოფილა, შტორმი იქნებაო, მაგრამ მან რატომღაც იქ გააჩერა გემი, სადაც საფრთხის ზონა იყო.
გამთენიისას ზღვაზე 3,5-ბალიანი შტორმი დაიწყო და ხომალდი შუაზე გადატეხა. შუაზე გადატეხილმა გემმა კი იმ წამსვე ჩაძირვა დაიწყო. 13-კაციანი ეკიპაჟიდან მაშველებმა მხოლოდ 3 იპოვეს. მათ შორის, 2 უკვე დამხრჩვალი იყო, ერთს, უკრაინელ მეზღვაურს ცოცხლად მიუსწრეს და გადაარჩინეს.
- როგორ გადარჩა?
- თავადაც არ იცის. როგორც ჩანს, გემმა სიგნალის გაგზავნა მოასწრო და მაშველი მალევე მივიდა. სწორედ ამ ერთადერთმა გადარჩენილმა კაცმა უთხრა, ლაშას ძმას გიას, - დავინახე, რომ ლაშა ბიჭებთან ერთად კაფსულაში იჯდა და მიყვიროდა, ჩქარა, ჩვენკენ გამოცურეო, მაგრამ ამ დროს მე ტალღამ დამარტყა და არაფერი მახსოვსო.
- როგორც ცნობილია, კაფსულა სამაშველო ნავია, რომელიც საზღვაო კატასტროფისას გადარჩენის გარანტად გვევლინება.
- სწორედ ასეა. კაფსულა ნებისმიერ გემზეა გამობმული და მასთნ ერთად დაცურავს. კატასტროფისას კი ავტომატურად იბერება და წყლის ზედაპირზე ამოცურდება. თუ მეზღვაურმა მოასწრო და მასში აღმოჩნდა, შეიძლება ჩაითვალოს, რომ გადარჩა. ამიტომ დაეძებს თავის ძმა ლაშას. მაგრამ რამდენს შეძლებს ერთი კაცი? ის ახლა ქერჩის და ახლომდებარე ტერიტორიების სანაპიროებზე დადის იმ იმედით, რომ ძმის ამბავი შეიტყოს... სხვას ვერაფერს აკეთებს. ამ დროს სრულიად შესაძლებელია, რომ ბიჭები ამ კაფსულით ტალღებმა ზღვაში გაიტაცეს და სადღაც უპატრონოდ ტივტივებენ, - მათ ხომ არც ტელეფონი და არც სხვა რაიმე საკომუნიკაციო საშუალება აქვთ თან, რომ ვინმეს საშველად მოუხმონ.
საქართველოს ხელისუფლება კი გროშსაც ვერ იმეტებს, რომ ლაშა მოძებნოს. ეს იმ დროს, როცა უცხოეთიდან ჩამოყვანილ უნიჭო მომღერლებსა და მოცეკვავეებს მილონობით ფულს ახარჯავენ.
ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)