"აუცილებლად წაიკითხეთ, თქვენ იცინებთ, უბრალოდ მე მახსოვს მტკივნეულად" - დათო ლიკლიკაძის ბავშვობის მოგონება - კვირის პალიტრა

"აუცილებლად წაიკითხეთ, თქვენ იცინებთ, უბრალოდ მე მახსოვს მტკივნეულად" - დათო ლიკლიკაძის ბავშვობის მოგონება

"ფეისბუკის" პირად გვერდზე ცნობილი ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე ბავშვობის მოგონებაზე წერს, რომელიც ბარბარობას ეხება:

"ახლა რასაც გიამბობთ, ეს ამბავი თითქოს სასაცილოა, მაგრამ რაღაცნაირად დრამატულიც არის... აუცილებლად წაიკითხეთ, რადგან თქვენ იცინებთ, უბრალოდ მე მახსოვს მტკივნეულად.

დედაჩემი მკაცრად გვაიძულებდა "ბარბარობა" დღეს სულ გაცინებული ვყოფილიყავით, რადგან ამ დღის ბედობის გვჯეროდა ყველაზე მეტად. დღესაც ასეა. "ბარბარობა" ჩემთვის მუდამ ბედობა იყო. სულ მგონია, რომ დღეს უნდა ვიცინო, რომ მთელი წელი სულ გაცინებული ვიყო (სულ გაცინებული მთლად კარგი ამბავიც არ არის თითქოს, მაგრამ დედაჩემი გვაიძულებდა ამ დღეს სულ

უნდა გვეცინა) აი ასე... დავდიოდით უბანში და ძალად გაკრეჭილი სახით ვესალმებოდით მეზობლებს.

მე-5 კლასში ვარ, იმ წლის 17 დეკემბერი არასოდეს დამავიწყდება. ასე გაცინებულმა "ხრუსტალის ვაზა" გავტეხე და ის იყო დედაჩემს წიხლქვეშ უნდა გავეფინე (ამას სრული სიზუსტით და ენთუზიაზმით აკეთებდა), შევახსენე განწირული ხმით - "დედა ბარბარობაა, უნდა ვიცინოთ დღეს!"

მერე დედამ სიცილი დაიწყო და ისე მცემდა, მე კიდევ ვყვიროდი და ვიცინოდი... ასე სიცილით მიდიოდა ჩემი ანგარიშსწორება. აბა ტირილს ხომ არ დავიბედებდით.

არასოდეს დამავიწყდება გაოცებული მამაჩემი და ჩემი და, როცა ამ სცენას შეესწრნენ. ღმერთო, რა სცენა იყო, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ?

მთელი ცხოვრება ასე ვარ მე საცოდავი.

მუდამ ვიცინოდი და ვაცინებდი. ვიცინოდი და ვაცინებდი..."- წერს ჟურნალისტი.

წყარო