ვინ იყო ახალგაზრდა კაცი, რომელიც გომბორზე მომხდარ ავარიას ემსხვერპლა? - კვირის პალიტრა

ვინ იყო ახალგაზრდა კაცი, რომელიც გომბორზე მომხდარ ავარიას ემსხვერპლა?

ტრაგედია დატრიალდა გომბორი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევას, ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა შუამთის ტყესთან მოხდა.

საპირისპიროდ მოძრავ სატვირთოს ჯიპის ტიპის ავტომობილი შეეჯახა. გარდაიცვალა მსუბუქი მანქანის მძღოლი.

როგორც ირკვევა, გარდაცვლილი ახალგაზრდა საქართველოს ბანკის ყოფილი კრეატიული დირექტორი ნიკა გუჯეჯიანია.

ის ნიჭიერი და წარმატებული ახალგაზრდა იყო, რომლსაც უამრავი კარგი საქმის კეთება ხელეწიფებოდა. თავის დროზე, როდესაც უცხოეთში სასწავლებლად წასული, არჩევანის წინაშე დადგა - გერმანიაში გაეგრძელებინა მოღვაწეობა თუ სამშობლოში დაბრუნებულიყო, მან სამშობლოში დაბრუნება არჩია.

"იმის გამო, რომ მშობლებმა ბავშვობიდანვე მიაჩვიეს თავისუფლებას, რაც შეიძლება მეტი რამ ეცადა ცხოვრებაში, საკუთარი თავის ძიების პროცესზე პასუხისმგებლობაც თავად აიღო და დიპლომატი კი არა, გრაფიკული დიზაინერი გახდა, სამხატვრო აკადემია არ დაამთავრა და Miami Ad School-ში გააგრძელა სწავლა, WIDFOR’S-იდან JWT Metro-ში, შემდეგ კი Betterfly-ში გადაბარგდა. სტაჟირება გაიარა Y&R Prague-ში, BBDO Proximity-ში, BETC-ში. თითქმის ყველგან, სადაც სწავლა თუ მუშაობა უწევდა, ასაკით ყველაზე პატარა იყო“, - ვკითხულობთ ნიკაზე "Marketer"-ის მიერ 2017 წელს მომზადებულ სტატიაში.

ნიკა გუჯეჯიანი იყო პროექტ Qvevri.xyz-ის ანუ 3D პრინტერით დაბეჭდილი ქვევრის იდეის თანაავტორი. მან დავით მიზანდართან და გიორგი მამასახლისთან ერთად იპოვა ტექნოლოგია, რომელიც ქვევრს 3D-ში აშენებს. ახალგაზრდებმა ჰოლანდიაში მიაკვლიეს კერამიკოსს, რომელსაც დოქტორანტურა აქვს დაცული 3D პრინტერების შექმნაზე და მასთან თანამშრომლობითა და GITA-ს მხარდაჭერით, 3D ტექნოლოგიით დაბეჭდილი პირველი ქვევრის პროტოტიპიც შექმნეს.

ამ ტექნოლოგიით, 3D პრინტერის საშუალებით ქვევრი რამდენიმე საათში იბეჭდება. 1 კვირიანი გაშრობის შემდეგ, საჭიროა 24 სთ-იანი გამოწვის პროცესი, რომელიც უზრუნველყოფილია ავტომატიზებული ღუმელით - პროცესის მაღალი სიზუსტითა და ტემპერატურის მკაცრი კონტროლით. შედეგად, ამ ტექნოლოგიით დაბეჭდილი ქვევრი უფრო მდგრადია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.