როდამდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში? - კვირის პალიტრა

როდამდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

საქართველოში უამინდობა გრძელდება, როგორც სინოპტიკოსები აცხადებენ ცვალებადი ამინდი - ბარში წვიმა და მთაში - თოვლი რამდენიმე დღეს კიდევ გასტანს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნულისააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა - ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების და ინტენსიური თოვის გამო აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

"მლეთა-გუდაურის (სოფ. ქვემო მლეთადან ს/გზის კმ85 მონაკვეთამდე) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის დოდო გვაზავას თქმით, საქართველოს უმეტეს რაიონებში 24 მარტს მოსალოდნელია წვიმა, მთიან და მაღალმთაიან რაიონებში - თოვლი, ზოგან შესაძლებელია იყოს ქარბუქიც. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 5-10გრადუსი იქნება, მთიან რაიონებში - 0;-5; მაღალმთაში კი -5;0. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი, 7-12 გრადუსი.

24-25 მარტს თბილისშიც ასევე ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი და დროგამოშვებით იწვიმებს. დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 8-10 გრადუსი იქნება.

27-28 მარტს საქართველოში გამოიდარებს და დათბება. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 20 გრადუსამდე აიწევს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში - 17 გრადუსამდე.

თბილისშიც ასევე გამოიდარებს და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით კი 15-17 გრადუსი.