"საქართველოს სიყვარულით გავიზარდეთ, აქ დაბრუნება ოცნება იყო. უკვე ვიცი, რომ ამ ქვეყანას ვეკუთვნი და ირანში აღარაფერი მინდა" - კვირის პალიტრა

"საქართველოს სიყვარულით გავიზარდეთ, აქ დაბრუნება ოცნება იყო. უკვე ვიცი, რომ ამ ქვეყანას ვეკუთვნი და ირანში აღარაფერი მინდა"

"ეს ქვეყანა ჩემთვის სამოთხეა და, სხვათა შორის, იმაზე მშვენიერი აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. ჩამოსვლამდე მის სილამაზეს უფრო გულით ვხედავდი, ვიდრე თვალით"

29 წლის ნიკა რამიშვილი ფერეიდნელი ქართველია. ჩამოსვლამდე მისი ყოველი დღე სამშობლოზე ფიქრით იწყებოდა და მთავრდებოდა. უკვე სამი წელია, რაც საქართველოს მოქალაქე გახდა.

- საქართველოში 2016 წელს ჩამოვედი. მანამდეც რამდენჯერმე ვიყავი ნამყოფი, მერე კი საბოლოოდ დავმკვიდრდი.

- შენი ოჯახიც საქართველოში ცხოვრობს? - ოჯახში სამი დედმამიშვილი ვართ. ჩემი და 13 წლისაა, ძმა - 23-ის. ისინი ირანში ცხოვრობენ. მამაჩემი და ჩემი ძმაც საქართველოს მოქალაქეები არიან და ხანდახან რამდენიმე დღით ჩამოდიან ხოლმე.

- როგორი იყო სხვების გადმოცემით შენს გონებაში წარმოსახული საქართველო? - ჩვენ საქართველოს სიყვარულით გავიზარდეთ და აქ დაბრუნება ოცნება იყო, რომელიც დროთა განმავლობაში მთავარ მიზნად მექცა. დღე და ღამე მაგაზე ვფიქრობდი და ყველა ნაბიჯს ამის მიხედვით ვგეგმავდი. ახლა უკვე ვიცი, რომ საქართველოს ვეკუთვნი და ირანში აღარაფერი მინდა. ეს ქვეყანა ჩემთვის სამოთხეა და, სხვათა შორის, იმაზე მშვენიერი აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. ჩამოსვლამდე მის სილამაზეს უფრო გულით ვხედავდი, ვიდრე თვალით.

- ქართული ენა აქ ჩამოსულმა ისწავლე თუ მანამდე? - ფერეიდანში ყველამ იცის და ლაპარაკობენ ქართულად. არა მარტო სახლში, არამედ ქუჩაშიც კი მარტო ქართული ისმის. რა თქმა უნდა, 400 წლის განმავლობაში ბევრი უცხო სიტყვა დამკვიდრდა, ამიტომ ცოტა მაინც განსხვავდება აქაური და იქაური ქართული. სანამ ჩამოვიდოდი, ვლაპარაკობდი, საქართველოში რომ ჩამოვედი, უკეთესად ვისწავლე და სწავლას ახლაც განვაგრძობ.

- საქართველოს მოქალაქე როგორ გახდი? - 2015 წელს თანამემამულეობაზე განაცხადი შევიტანე და ერთწლიანი ბინადრობის უფლება მომცეს, 2016 წელს კი მოქალაქეობის ჯერიც დადგა. გასაუბრების შედეგად, 2017 წლის დასაწყისში, დადებითი პასუხი მივიღე და საქართველოს მოქალაქე გავხდი.

- ახლა როგორია შენი ცხოვრება? - თბილისში ვცხოვრობ და საკუთარი თარჯიმანთა ბიურო მაქვს. სამი წელია, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებს ვემსახურები, როგორც ოფიციალური თარჯიმანი. საქართველოში ჩამოსვლით თითქოს თავიდან დავიბადე. ვიცი და ვხედავ, რომ აქაც სერიოზული პრობლემებია, მაგრამ ჩემთვის ცხოვრება არ ასოცირდება მაინცდამაინც კომფორტულობასთან, პირიქით, შესაძლოა უფრო რთულ პირობებშიც ვიყო, მაგრამ მთავარია, ვიცოდე, რისთვის ვცხოვრობ და საით მივდივარ.

- ქართული ხალხური სიმღერები ძალიან გიყვარს და მღერი კიდეც... - ირანში გიტარასა და სხვადასხვა ირანულ ინსტრუმენტზე ვუკრავდი. ძალიან მაინტერესებდა ფანდურის სწავლა. საქართველოში პირველად რომ ჩამოვედი, ვიყიდე და ირანში წავიღე. მერე აქაურმა მეგობარმა "სკაიპით" მასწავლა რაღაცები და იქიდან დაიწყო ყველაფერი. დღემდე სულ თან დამაქვს ფანდური.

- შენს სამეგობრო წრეზეც მოგვიყევი.. - ჩემამდე და მერეც ბევრი ფერეიდნელი ჩამოვიდა და დარჩა. კარგი ურთიერთობა გვაქვს და ვნახულობთ ერთმანეთს. სამწუხაროდ, იმდენი თავისუფალი დრო არ მაქვს, რომ ხშირად შევხვდეთ და ერთად ვიმღეროთ. როგორც კი მოვიცლი ხოლმე, ქართულს ვსწავლობ და წიგნებს ვკითხულობ.

- დაბოლოს, რა ემოციებს აღძრავს შენში სიტყვა "საქართველო"? - საქართველო ჩემთვის არის გული.

ნათია სიბაშვილი