"ბავშვს მანამდე ვცემდი, სანამ გონებას არ დაკარგავდა"
"მეზობელი შესწრებია, როგორ დაუნდობლად სცემა ქალმა მშიერ შაკოს, რომელმაც ალბათ იმ იმედით, რომ დედა მეზობლის თანდასწრებით ვერ სცემდა, პურის ყუა მოიტეხა"
ვინ არის დამნაშავე - მხოლოდ დედა თუ მთელი საზოგადოება?
"შაკოს გვამი ნახევრად შიშველი, თოთო და-ძმის გვერდით იყო მიგდებული"
მცხეთის რაიონის სოფელ მისაქციელში ტრაგედია დატრიალდა. სამი შვილის დედამ, მაია გელდიაშვილმა უფროსი ვაჟი - ხუთი წლის შალვა (შაკო) წიკლაური მოკლა. დედამ დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ პატარას შეშის ნაჭრით გაუპო თავი: "ბავშვს მანამდე ვცემდი ხოლმე, სანამ გონებას არ დაკარგავდა. ამჯერადაც ასე იყო, შეშის ნაპობი გათიშვამდე ვურტყი, მერე იატაკზე მთელი ძალით დავახეთქე. როცა დავეჭვდი, რომ გონზე ვეღარ მოვიდოდა, ვცადე, ენა ამომეწია. კბილები ხელს მიშლიდა, ამიტომ კოვზით ჩავუმტვრიე." - გამომძიებელი შეძრწუნებული იყო ქალის ჩვენებითო, - ამბობენ წიკლაურების ახლობლები. მიუხედავად ქალის სადისტური საქციელისა, მათ მიაჩნიათ, რომ მაია გელდიაშვილი ფსიქიკურად დაავადებული არ არის. მწვალებლურ დამოკიდებულებას დანარჩენი შვილების მიმართ არ გამოხატავდა. მეზობლებთანაც ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა.
მისაქციელში ტრაგედიის დეტალების გასარკვევად დაკრძალვის წინადღეს ჩავედი. გზად შაკოს მეგობარი, ლევან თანდილიშვილი შემხვდა. ბიჭს პურები ჩაეხუტებინა გულში და მაღაზიიდან შინ ბრუნდებოდა. გამოველაპარაკე, იქნებ შაკოს სახლი მიმასწავლო-მეთქი. ლევანს თვალები აუწყლიანდა, შაკოს კარგად ვიცნობდიო.
ლევან თანდილიშვილი - შაკო თითქმის სულ ნაცემი დადიოდა, დედას გაფრთხილებული ჰყავდა, არავის უთხრაო და ისიც გვიმალავდა. ერთხელ თვალი ჰქონდა ჩალურჯებული და რომ ვკითხე, რა მოგივიდა-მეთქი, წავიქეციო. უბანში ერთად ვთამაშობდით. მაგასთან სახლში არასდროს შევსულვარ, ეზოში ვხვდებოდით ერთმანეთს. დედამისის გვეშინოდა, რაღაცნაირი ქალი იყო. არა, კი არ გვიყვიროდა, მაგრამ შაკო რომ ნაცემი იყო, ჩვენც გვეშინოდა. შაკოს კიდევ და და ძმა ჰყავს. ძმა პატარაა, თოთო და არასდროს მინახავს, სულ სახლში ჰყავდათ.
ერთხელ გული გავუწვრილე, არ მეტყვი, რა გჭირს-მეთქი; დედამ ჩამარტყა თავშიო.
დედა ძალიან უყვარდა, მაგრამ ამბობდა, დედას არ ვუყვარვარ, დედას და მამას ჩემი და-ძმა უფრო უყვართ, იმათ ეფერებიან, მე - არაო.
ის ქალი ყველაფერს შაკოს აკეთებინებდა. დილით უთენია ნახირში გაადენინებდა საქონელს. ისეთ ადგილზე მიდიოდა, სადაც დიდებიც კი არ გადიოდნენ. სულ ნამტირალევი დადიოდა. სოფელში ამბობდნენ, ეს საწყალი ბავშვი მონასავით ჰყავსო. ყოველთვის დახეული შარვალი და მკლავებზე, აი აქ (იდაყვებს მაჩვენებს) გამოგლეჯილი ჯემპრი ეცვა. შაკოს სიკვდილი რომ გავიგე, მისი სახლისკენ წავედი. ჭიშკარი ღია იყო, მაგრამ შესვლა ვერ გავბედე... ახლა ორღობეს გაჰყევი, სალოცავი შეგხვდება და იმის მოპირდაპირე მხარეს დგას შაკოს სახლი,” - დამემშვიდობა ლევანი.
ტალახიან ორღობეში კარგა ხანს ვიარე ფეხით. წიკლაურების სახლამდე არავინ შემხვედრია.
ეზოში დაღუპული ბავშვის მამა და ნათესავები იდგნენ. კაცი დამუნჯებული და თვალგაშტერებული იყო. მას ახლა ორი - სამი წლის და 11 თვის შვილი დარჩა, თუმცა რამდენიმე თვეში ისევ სამი ეყოლება: როგორც გაირკვა, მისი პატიმარი ცოლი ფეხმძიმედ ყოფილა. არავინ იცის, რა ბედი ელით პატარებს; სამომავლო გეგმებზე ვერ ფიქრობენ - ჯერ შაკო უნდა დაკრძალონ.
ამბობენ, რომ პაწია ბიჭი გამთენიისას გამოასალმეს სიცოცხლეს. დედას პატარისთვის ღამის ქოთნის გარეთ გატანა დაუვალებია; შემოსვლა დააგვიანაო და ამიტომაც უცემია(!!!).
"რა ეშმაკი შეუჩნდა, რომ ბავშვი ცემით მოკლა? ჩემს თავს ვეკითხები, რამ გააბოროტა და გააცოფა ეს ქალი და პასუხი ვერ მიპოვია," - მოთქვამს შაკოს მამიდა ციცინო წიკლაური.
მეზობლებისა და ნათესავების მონათხრობით ირკვევა, რომ ბევრმა იცოდა, დედა რა სადისტურად ექცეოდა ბავშვს. სამწუხაროდ, მხოლოდ ახლა გამოხატავენ წუხილს, რომ ეს ამბავი სამართალდამცავ ან ბავშვების უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს არ აცნობეს. მეზობლებსა და ნათესავებს არაერთხელ უცდიათ მაია გელდიაშვილის დარიგება, ის კი ან ჩუმად ისმენდა შეგონებებს, ან ჯიუტად გაიძახოდა, შვილი ჩემია და როგორც მინდა, ისე მოვექცევიო, მერე კი ბავშვს ყველას თვალწინ ორ ხუთლიტრიან ბიდონს აჰკიდებდა და წყაროზე გზავნიდა წყლის მოსატანად; არადა, პაწია თვითონ ათი კილო ძლივს იქნებოდა, ისეთი გამხდარი და სიფრიფანა იყოო.
ციცინო წიკლაური: - ასე რომ ექცეოდა, ისიც მიფიქრია, რომ შაკო ჩემი ძმისგან არ ჰყავდა. მაგრამ თუნდაც ასე ყოფილიყო, მისი გაჩენილი ხომ იყო, როგორ იმეტებდა!.. გული მეწვოდა, რომ ძალიან გამხდარი, მოუვლელი და საწყალი იყო, ამიტომ ხშირად მიმყავდა ჩემთან სოფელში, ცოტას მოვაფერიანებ-მეთქი, მაგრამ დამადგებოდა ის ალქაჯი თავზე, შაკო უნდა წავიყვანოო. არ მიჩერებდა. თურმე მოახლედ ჰყავდა და ვერ ელეოდა. რა მექნა? შვილი მისი იყო და ვერაფერს ვხდებოდი.
წიკლაურები ამბობენ, რომ მაია გელდიაშვილის ნათესავებს არ იცნობენ. ორჯონიკიძეში ჰყოლია ძმა, თუმცა, ზუსტად ეგეც არ იცოდაო. ქმარი ცხვარში გაიცნო, იქიდან დაბრუნებულებს ჩამოუყვანიათ 2 წლის შაკო. ბავშვს დაბადების მოწმობაც არ ჰქონია.
მეზობლები ამბობენ, რომ მაია გულარხეინი ქალი იყო, ოჯახის საქმე და შვილების მოვლა არ ადარდებდა. ცოტა ხნის წინ 31 ლარის ყველი გაუყიდია და 27 ლარით წამწამების ტუში და ტუჩის საცხი შეუძენია. სახლში სამი მშიერი შვილი ჰყავდა და ის პრანჭვაზე ფიქრობდაო, - უკვირთ მეზობლებს, - ოჯახის უფროსს საჭმლის ფული ყოველთვის მიჰქონდა სახლში, მაგრამ ბავშვები სულ მშივრები იყვნენო. ერთხელ მეზობელი შესწრებია, როგორ დაუნდობლად სცემა ქალმა მშიერ შაკოს, რომელმაც ალბათ იმ იმედით, რომ დედა მეზობლის თანდასწრებით ვერ სცემდა, პურის ყუა მოიტეხა. მეზობლებს უთქვამთ, თუ იმავეს გაიმეორებ, პატრულს გამოვიძახებთო. შაკოს ვედრებით სავსე თვალებით შეუხედავს მეზობლებისთვის და მათაც პატრულის გამოძახება გადაუფიქრებიათ.
მისაქციელში მიაჩნიათ, რომ ქალი შეურაცხადი არ იყო. მკვლელობის შემდეგ მაია მეზობლად მცხოვრებ ნათესავთან გადასულა.
ნათესავი: - მოვიდა... მშვიდად იყო, ტელეფონზე ზარი გამაშვებინე ქმართან, ღამით სახლში არ მოსულაო. მაიას ქმარი პატიოსანი, ალალი კაცია, შრომა არ ეზარება, მაგრამ ცოლი შეხვდა ავქალი. მაიამ ქმარს დაურეკა, მოდი, საქმე მაქვს და მერე წადიო. ისიც მოვიდა ახლობლის მანქანით.
ეზოს რომ მიუახლოვდნენ, მაია მაშინ გამოვარდა გარეთ და აკივლდა, მიშველეთ, შაკო მყავს ცუდად და სასწრაფო დახმარება გამოიძახეთო. როცა სახლში შევედი, საშინელი სურათი დამხვდა: ბავშვის გვამი ნახევრად შიშველი, თოთო და-ძმის გვერდით იყო მიგდებული, თავი გაჩეხილი ჰქონდა" მეზობლების გადმოცემით, მაია გელდიაშვილი არც მაშინ ღელავდა, პოლიცია რომ მივიდა. თურმე ტანსაცმელი გამოიცვალა და მშვიდად გაჰყვა პოლიციელებს.
წიკლაურების ოჯახში სიღარიბე და უწესრიგობა მეფობს. ნესტი და ჭუჭყი ჭამს იქაურობას. არავინ იცის, რა ეშველებათ სამი წლის მანანას და 11 თვის ავთოს... მანანა ყრუ-მუნჯია, წლინახევრის ასაკში ავად გამხდარა. მშობლებმა ექიმთან წაიყვანეს მცხეთაში. იქ, სავარაუდოდ, ისეთი ანტიბიოტიკი დაუნიშნეს, რომ ბავშვი დაყრუვდა. ოჯახს ფული არ ჰქონია, რომ ბავშვისთვის მიეხედა. პაწია ავთო ნათესავებმა წაიყვანეს, სანამ მამა გონს მოვა, ისინი მოუვლიან.
სოფელში ამბობენ, რომ მკვლელი დედა რომელიღაც რელიგიური სექტის წევრი იყო, ამიტომ არ მონათლა ბავშვები. მოუნათლავ შაკოს წესიც ვერ აუგო მღვდელმა!
მომხდარმა გულგრილი ვერავინ დატოვა. გაჩნდა კითხვები: რატომ? ვინ არის დამნაშავე - მხოლოდ დედა თუ მთელი საზოგადოება?
იქნებ დროზე უნდა მიგვექცია ყურადღება? (იხ. გვ. 14). მისაქციელის ტრაგედიამ ჩვენს საქციელზე უნდა ჩაგვაფიქროს!..
...იმ დღეს, როდესაც შაკო წიკლაურის მკვლელობის ამბავი გავრცელდა, თბილისში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში მიტოვებული ჩვილი იპოვეს!