"მან საბჭოთა კავშირის იმდროინდელი პოლიტიკური და სამხედრო პირები ღიად ამხილა" - კვირის პალიტრა

"მან საბჭოთა კავშირის იმდროინდელი პოლიტიკური და სამხედრო პირები ღიად ამხილა"

თამაზ გამყრელიძე - საერთაშორისოდ აღიარებული ქართველი ენათმეცნიერი

საერთაშორისოდ აღიარებული ქართველი ენათმეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, თამაზ გამყრელიძე 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი და პრეზიდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ხელოვნებისა და მეცნიერების მსოფლიო აკადემიის ნამდვილი წევრი და თბილისის საპატიო მოქალაქე მთელ მსოფლიოში კლასიკურად აღიარებული ფუნდამენტური ნაშრომების ავტორი გახლდათ.

ბევრი დასავლური წამყვანი უნივერსიტეტის საპატიო პროფესორს, უცხოეთის მრავალი სამეცნიერო საზოგადოების წევრსა და ევროპის ლინგვისტთა ასოციაციის პრეზიდენტს არაერთი პრესტიჟული სამეცნიერო ჯილდო თუ პრემია ჰქონდა მინიჭებული. უდიდესი წვლილი მიუძღვის მას ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენასა და განვითარების საქმეში. როგორც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრს, 1991 წლის 9 აპრილს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე აქვს ხელი მოწერილი.

"განამდიდრე შვილნი მეცნიერებითა რათა იყვნენ სასარგებლო სიცოცხლენი მათნი" - გამოჩენილი პედაგოგის, გაიოზ რექტორის ეს შეგონება ჩემი ცხოვრების დევიზად გავიხადე და ჩემს უპირველეს ამოცანად შვილებისათვის აღზრდა-განათლების მიცემა ვაქციე. ჩემს შვილებს, როგორც რეზოს, ასევე მეორე ვაჟს, თამაზს, დედ-მამისა და ბებია-ბაბუის ალერსი და მთავარი საზრუნავი, სკოლისათვის მზადება არ მოჰკლებიათ. ამიტომაც მათი ცხოვრებისა და აღზრდის საქმე, მგონი, თავიდანვე სწორად წარიმართა. რაც მთავარია, ისეთ მძიმე კატაკლიზმებს, როგორიც ჩემს ცხოვრებაში თებერვალი და ოქტომბერი იყო, ჩემი შვილებისთვის ზიანი არ მიუყენებიათ, - წერდა შვილებისათვის ევროპული აღზრდა-განათლების მოსურნე მამა, ვალერიან გამყრელიძე თავის დღიურში.

გასული საუკუნის 20-იანი წლების თებერვლისა და ოქტომბრის სუსხი მწარედ შეხებია ახალგაზრდა ეროვნულ-დემოკრატთა ორგანიზაციის მაშინდელ ხელმძღვანელს. ვალერიან გამყრელიძე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის მთელ შემადგენლობასთან ერთად 1922 წელს დაუპატიმრებიათ. მას სატუსაღოშიც არ დაუმალავს, რომ აქტიურად მონაწილეობდა ბოლშევიკების დასამხობად გამიზნული აჯანყების მომზადებაში. ის ჩეკას არსენალში არსებული წამების მრავალნაირ მეთოდსაც კი ვერ გაუტეხავს და არც ერთი თანამზრახველი არ დაუსახელებია. ეს ფაქტი ძიების მასალებით დასტურდება. ვალერიან გამყრელიძე დახვრეტას მხოლოდ იმის გამო გადაურჩა, რომ ახალგაზრდა ორგანიზაციის ხელმძღვანელებს ამნისტია შეეხოთ. ამის შემდეგ თამაზ გამყრელიძის მამა იმ ქართველ მოაზროვნეთა ნაშრომების გამოცემის საქმით შემოიფარგლა, ვინც ბოლშევიკების აზრით საბჭოთა ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად იყო განწყობილი.

ვალერიან გამყრელიძემ მეუღლე, ოლიმპიადა ასათიანი 20 წლისამ შეირთო. უფროსი ვაჟი, რევაზი სამი წლის იყო, როცა 1929 წლის 23 ოქტომბერს ქალაქ ქუთაისში მეორე ვაჟი, თამაზი დაიბადა. ოჯახი მალე საცხოვრებლად თბილისში გადავიდა. ბავშვებმა სიარული თბილისის გერმანულ საბავშვო ბაღში დაიწყეს, მოგვიანებით კი სწავლა გერმანულ ათწლედში განაგრძეს.

თამაზ გამყრელიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ფილოლოგიის განყოფილება სემიტოლოგიის სპეციალობით 1952 წელს დაამთავრა. პედაგოგის რჩევით სწავლა ლენინგრადში ასპირანტურაში განაგრძო. ხეთოლოგიის ფუძემდებელმა თანდათან დიდ წარმატებას მიაღწია. სამეცნიერო-პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა აკადემიკოს წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტსა და თსუ-ში (იყო სტრუქტურული და გამოყენებითი ლინგვისტიკის კათედრის გამგე 1960 წლიდან). იკვლევდა ძველი აღმოსავლური ენების, ინდოევროპული, სემიტური და ქართველური ენების სტრუქტურისა და თეორიული ენათმეცნიერების საკითხებს...

1973 წლიდან სათავეში ჩაუდგა გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტს და 2005 წლამდე უხელმძღვანელა. აკადემიკოსს ხშირად იწვევდნენ ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში. 1971 წელს ამერიკის ლინგვისტური საზოგადოების საპატიო წევრი გახდა, მოგვიანებით კი ამერიკის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრად აირჩიეს. იყო, ასევე, ევროპის ლინგვისტური საზოგადოების პრეზიდენტი.

თამაზ გამყრელიძის სახელთანაა დაკავშირებული 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების რეალობის მთელი მსოფლიოსთვის გაცნობა. საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატების ყრილობაზე მისი სიტყვით გამოსვლა იმ დროისათვის გმირობის ტოლფასი იყო. საბჭოთა კავშირის იმდროინდელი პოლიტიკური და სამხედრო პირები მან ღიად ამხილა.

მისი დამსახურებით ეწოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ივანე ჯავახიშვილის სახელი.

1991 წელს ზვიად გამსახურდიამ თამაზ გამყრელიძე უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა, თუმცა, მეცნიერმა თანამდებობა საკუთარი სურვილით, ერთ კვირაში დატოვა.

1992-2003 წლებში თამაზ გამყრელიძე საკანონმდებლო ორგანოს რამდენიმე მოწვევის დეპუტატი იყო. ხელმძღვანელობდა საგარეო ურთიერთობების მიმართულებებს, არაერთხელ გამოსულა საქართველოს სახელით ეუთოსა და გაეროს სხდომებზე.

თამაზ გამყრელიძე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტად აირჩიეს. არჩეული იყო საზღვარგარეთის არაერთი პრესტიჟული სამეცნიერო საზოგადოების საპატიო წევრად. იყო ბონის (გერმანია) და ჩიკაგოს (აშშ) უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი. ასრულებდა ევროპის ლინგვისტური საზოგადოების პრეზიდენტის საპატიო მოვალეობას.

1990-1991 წლებში თამაზ გამყრელიძე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი გახლდათ - საქართველოს კომპარტიის სიით კულტურის, განათლებისა და მეცნიერების კომისიის წევრი. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე. იყო საქართველოს მე-3, მე-4 და მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი...

გარდაცვალების შემდეგ, 13 თებერვალს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, ენათმეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისა და წვლილისთვის აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის სახელობის პრემია დაწესდა, რომელსაც ორგანიზებას უწევს სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი. გარდა ამისა, გამოცხადდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თამაზ გამყრელიძის სახელობის კაბინეტის გახსნისა და სტუდენტთათვის მისივე სახელობის სტიპენდიის დაწესების შესახებ.

შორენა ლაბაძე ჟურნალი "გზა"