როგორ ებრძვიან "კოვიდს" ამერიკაში - კვირის პალიტრა

როგორ ებრძვიან "კოვიდს" ამერიკაში

ამერიკა 2020 წელს დაწყებული პანდემიის მაჩვენებლებით კვლავ მსოფლიოს ლიდერია. ინფიცირებულთა რაოდენობა 40 მილიონს აჭარბებს, "კოვიდ-19"-ის გართულებების გამო სიკვდილობის მაჩვენებელი კი თითქმის 630 000 კაცს უდრის. ამ ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის კორონავირუსის კვლევის ცენტრი აქვეყნებს.

ქართველი ვირუსოლოგი ირაკლი თოდუა, რომელიც ათ წელზე მეტია ლოს-ანჯელესში სედარს-სინაის სამედიცინო ცენტრში მუშაობს, კოვიდპანდემიის მართვისა და აცრის მნიშვნელობაზე გვესაუბრება.

- მას შემდეგ, რაც შეერთებულ შტატებში "ფაიზერის" ვაქცინა ვაშინგტონმა ფედერალური მასშტაბით დაამტკიცა, სავალდებულო ვაქცინაციას სულ უფრო და უფრო მეტი ორგანიზაცია ითხოვს.

ნიუ-იორკის მერის ბილ დე ბლასიოს განცხადებით, ქალაქის, რომლის მოსახლეობა 9 მილიონ კაცს აღემატება, საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებულები "კოვიდ-19"-ზე აცრილი უნდა იყვნენ. ლაპარაკია მასწავლებლებზე, დირექტორატსა და ოფისის მუშაკებზე, რომელთა რაოდენობა დაახლოებით 150 000-მდეა. მსგავსი გადაწყვეტილება უკვე მიიღეს ვაშინგტონის შტატში, ლოს-ანჯელესსა და ჩიკაგოში.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც ვაქცინაცია სავალდებულო გახდა სახელმწიფო მოხელეებისთვისაც. ამას ჩვენს კლინიკაშიც პროტესტი მოჰყვა, მაგრამ რადგან ამერიკელებისთვის სამსახური, შეიძლება ითქვას, უპირველესია, აიცრნენ. აცრის წინააღმდეგი არ არიან, მაგრამ ამ საკითხსაც სათავისოდ იყენებენ პოლიტიკური პარტიები. მაგალითად, სახელმწიფო მოხელეთა სავალდებულო ვაქცინაციის განკარგულებას რესპუბლიკურმა პარტიამ დისკრიმინაციული უწოდა და პრეზიდენტი უფლებამოსილების გადამეტებაში დაადანაშაულა. არადა, რამდენი ხანია მეცნიერები და სამედიცინო წრეები პრეზიდენტის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების მიღებას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა პანდემიას თავს ვერ დააღწევს.

ვაქცინაცია სავალდებულო იქნება მთავრობის პარტნიორი კომპანიების თანამშრომლებისთვისაც. 100 მილიონამდე ამერიკელი, რომლებიც ფედერალურ პროგრამებში არიან ჩართული, მათ შორის პედაგოგები, სამედიცინო პერსონალი, ძალოვანი სტრუქტურები, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეები სავალდებულო ვაქცინაციაში უნდა ჩაერთონ. ამასთან, ყველა საწარმო, რომელთაც 100 ან მეტი თანამშრომელი ჰყავთ, ვალდებულია უზრუნველყოს თანამშრომლების აცრა ან კვირაში ერთხელ ტესტირება.

აცრაზე უარი ყველას, განსაკუთრებით კი სამედიცინო სისტემას ძალიან ძვირად უჯდება. ახალი მონაცემების მიხედვით, 80 მილიონი კაცი აუცრელია და ხელს უწყობს ვირუსის გავრცელებას. ისევ სავალდებულოა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნიღბის ტარება, წესის დარღვევისთვის ჯარიმა გაორმაგდა: პირველი დარღვევისთვის ჯარიმა 500 დოლარი იქნება, ხელმეორედ დამრღვევი 3.000 დოლარით დაჯარიმდება.

ამ დროისთვის აშშ-ში ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 53%-ზე ოდნავ მეტი. უფასო ვაქცინაცია მიმდინარეობს "ფაიზერის", "მოდერნას" და "ჯონსონის" ვაქცინებით. ამერიკელი სპეციალისტების თქმით, აცივებასთან ერთად რესპირაციულ ვირუსებს გვერდს ვერ ავუვლით, ანუ შესაძლოა ახალი და ძველი გრიპების შეტყუპება, ტვინდემია (ერთდროულად ორი ინფექციის შერწყმა) დაიწყოს რამდენიმე ქვეყანაში, მაგალითად, რუსეთში. იქ უკვე ებრძვიან სხვადასხვა გენომს, რომლებიც სწორედ აცივებასთან ერთად გამოჩნდა ქვეყანაში და "კოვიდს" "შეუამხანაგდა". ვინაიდან რესპირატორული ვირუსები, ძირითადად, ბავშვებში ვრცელდება, დელტა-შტამის გამოჩენა და მისი მოქმედებები გვაძლევს სიგნალს, რომ საფრთხე რეალურია.

ბავშვები ადრე უფრო მშობლებისგან ვირუსდებოდნენ, ახლა კი, როგორც ვიცი, საქართველოში სკოლები და საბავშვო ბაღებიც გაიხსნა. შესაბამისად, მცირე ასაკში სხვადასხვა გენომის გავრცელების საფრთხე რეალურია. ამიტომაც ქვეყანაში 80%-მდე იმუნური ფენის დაგროვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

- კვლავ ძლიერია ანტივაქსერული განწყობა? - ვაქცინაციას სკეპტიკურად უყურებს ბევრი მედმუშაკი და რა გასაკვირია, რომ მოსახლეობაშიც არიან ანტივაქსერები. ჩვენს გუნდს, ფაქტობრივად, პანდემიის დაწყებიდან უწევს ინფიცირებულთან მუშაობა. ბოლოს მყავდა 54 წლის მექსიკელი ქალი, რომელიც არ იცრებოდა. მას ანტივაქსერებმა ჩააგონეს, რომ აცრა "შხამია". მას გულის სარქვლის პათოლოგია ჰქონდა და ამის გამოც იხევდა უკან. თითქმის ორი თვე ჟანგბადის აპარატზე გვყავდა შეერთებული. ბოლოს გვთხოვა, სულ მცირე ხნით მომხსენით, იქნებ ოჯახის წევრებთან დალაპარაკება შევძლოო, და ვისაც დაურეკა, სთხოვა, სასწრაფოდ აიცერითო. საბედნიეროდ, გადარჩა, მაგრამ მკურნალობას განაგრძობს.

როგორც კი ვაქცინაციის თემა აქტუალური გახდა საქართველოში, ბევრმა ახლობელმა დამირეკა ან მომწერა, მთხოვდნენ ამეხსნა, აცრა აუცილებელია თუ არა. ზოგი დავიყოლიე, ზოგი კი ვერა. რამდენიმემ დამბლოკა კიდეც, რადგან მისი ოჯახის წევრი ვაიძულე აცრილიყო. ექიმები ჩვენზე ექსპერიმენტს ატარებთო, მეუბნებოდნენ. ვპასუხობდი, მეც აცრილი ვარ-მეთქი, რადიკალი ანტივაქსერები კი მიყიჟენებდნენ, არ გვჯერა, პლაცებო ან რამე უვნებელი გექნება გაკეთებულიო. ჩემდა გასაოცრად ანტივაქსერები არიან ისინი, ვისაც სამედიცინო განათლება აქვთ და ამ სფეროში მუშაობენ. მწერდნენ, ნუ მოუწოდებ ადამიანებს თვითგანადგურებისკენო.

სხვები ასევე მეკითხებოდნენ, კოვიდგატანილი ვარ და უნდა ავიცრა თუ არა, მით უფრო, რომ თუ ჯერ კიდევ მაქვს დადებითი ანტისხეულებიო. მათ მოკლედ ვპასუხობდი - კი, აიცერით! არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ანტისხეულების არსებობა ადამიანს "კოვიდისგან" დაიცავს. ამიტომ ანტისხეულების გაზომვა არც არის რეკომენდებული იმის გადასაწყვეტად, აიცრათ თუ არა. თუმცა, რადგან ახლა გაცივების სეზონი იწყება, სურდოს, ცხელების ან მწვავე ინფექციის სიმპტომების გამოჩენისთანავე აცრა უნდა გადაიდოს.

საქართველოდან ხშირად მიკავშირდებიან პაციენტები, რომელთაც ესა თუ ის ორგანო აქვთ გადანერგილი და მეკითხებიან, შეიძლება თუ არა მათთვის აცრა. არსებობს კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ორგანოგადანერგილ 436 პაციენტში პირველი დოზიდან მე-20 დღეს ანტისხეულები მარტო 17%-ს ჰქონდა, ანუ ვაქცინა, ალბათ, უფრო ნაკლებეფექტიანი იყო, თუმცა ეს ეხება "ფაიზერით" აცრილებს. "მოდერნას" შემთხვევაში მაჩვენებელი ბევრად გაუმჯობესებული იყო. სამაგიეროდ, გვერდითი ეფექტების პროფილი იგივე დარჩა, რაც ზოგად პოპულაციაში.

კიდევ ერთი სეგმენტია რევმატოლოგიური პაციენტები. ჩვენი, ლოს-ანჯელესის კლინიკის გამოცდილებით, ზოგადი რეკომენდაციაა, რომ რევმატოლოგიური/ავტოიმუნური დაავადებების მქონე პაციენტებიც უნდა აიცრან. ვმუშაობთ ონკოლოგიურ პაციენტებთანაც. სიმსივნე, ქიმიოთერაპია ან ჰორმონული თერაპია აცრის უკუჩვენებას არ წარმოადგენს. ამ შემთხვევაში მთავარი რისკი შეიძლება იყოს ვაქცინის შედარებით დაბალი ეფექტიანობა.

- ჩვენგან განსხვავებით, ამერიკაში პაციენტებს მედმუშაკების სჯერათ. - თუმცა ბოლო დროს სურათი შეიცვალა. ასე სახიფათოდ დაპირისპირებული ამერიკელი ხალხი წლებია არ ყოფილა -

საერთო მტერმა, ვირუსმა, კონსოლიდაციის ნაცვლად გაგვხლიჩა და დაგვყო. ანტივაქსერული მოძრაობაც სწორედ ამას ემსახურება - დაიჯერე ნებისმიერი არაკი, თუ დაპირისპირებას შეუწყობს ხელს.

ყველას უნდა ახსოვდეს - აუცრელ ადამიანში კორონა ბევრ ორგანოს აზიანებს. დაზიანება მცირეა, მაგრამ მრავლობითი და შედეგი დროთა განმავლობაში ჩნდება და შესაძლოა მერე გვიან იყოს. მით უმეტეს, რომ ვირუსის ახალი ვარიანტები სწრაფად ვრცელდება, განსაკუთრებით ბავშვებში. ამიტომაც აცრას ალტერნატივა არა აქვს.