"არ მინდოდა უდიდეს ბედნიერებას ცრემლი მოყოლოდა, დავშორდით ერთმანეთს, მალე შეხვედრის იმედით" - კვირის პალიტრა

"არ მინდოდა უდიდეს ბედნიერებას ცრემლი მოყოლოდა, დავშორდით ერთმანეთს, მალე შეხვედრის იმედით"

იტალიაში, ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე 20 წლის ძიუდოისტის - საბა ინანეიშვილის გამარჯვებას "სენსაციური ისტორია" უწოდა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე. დიახ, სწორედ ასეა, ქართველი სპორტსმენის ჩემპიონობას ოქროზე მეტი ბრწყინვალება ხვდა წილად.

საბას ხუთწლიანი განშორების შემდეგ დედის ჩახუტება ერგო ჯილდოდ, დედას კი - შვილის ხილვით და გამარჯვებით მოპოვებული უდიდესი სიხარული.

"ხუთი წლის წინ გვანცა ჭანტურიძე მილანში ჩავიდა. მისი გადაწყვეტილება არ უკავშირდებოდა მოგზაურობას უცხოეთში, ასე აუცილებლობის გამო მოიქცა. მან დატოვა სახლი და მას შემდეგ, იტალიაში მუშაობს, რათა საქართველოში დარჩენილ ოჯახის წევრებს ფინანსურად დაეხმაროს. ის ყოველთვიურად უგზავნის ფულს ოჯახის წევრებს, რომლებსაც მხოლოდ ტელეფონით და მიმოწერით ეკონტაქტება. დედა ყურადღებით ადევნებს თვალყურს შვილის  სპორტულ კარიერას", - წერია ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სტატუსში, რომელსაც თან ახლავს ფოტოები, რომლებზეც აღბეჭდილია დარბაზში მყოფი დედა-შვილის  შეხვედრის ამსახველი ემოციური კადრები.

kvirispalitra.ge - სთან საუბარში ქალბატონი გვანცა აღნიშნავს, რომ შვილის ასპარეზობას ვერასდროს უყურებს და, გასაგები მიზეზების გამო, საბას იტალიაში გამარჯვება განსაკუთრებულად ამაღელვებელი აღმოჩნდა დედა-შვილისთვის.

- ქალბატონო გვანცა, პირველ რიგში, გილოცავთ შვილის წარმატებას. ძალიან გვიხარია, რომ საკუთარ ემოციებს გვიზიარებთ. საინტერესოა, იცოდა თუ არა საბამ, რომ ნახავდით? - ჩემპიონატი ჩატარდა იტალიის კუნძულ სარდინიაზე, ქალაქ ოლბიაში. იმ ქალაქში, სადაც ეს ჩემპიონატი ტარდებოდა, რომ ჩავიდოდი, იცოდა, მაგრამ  დარბაზთან თუ მივიდოდი, არ მითქვამს. დარბაზიდან გარეთ გამოიყვანა მისმა მეგობარმა. როგორც მითხრა, ყოველი შეჯიბრის წინ დარბაზს ათვალიერებდა, ალბათ, გრძნობდა და მელოდა. ოლბიაში რომ ჩავფრინდი, მივწერე. საბა მიდიოდა სასტუმროდან საასპარაზოდ. უზომოდ გამახარა. პირველად ვნახე ატირებული. მადლობა უფალს, ეს სიხარულის ცრემლები იყო.

- ძალიან გაგიჭირდებოდათ ემოციურად მისი ასპარეზობის ყურება, როდის გნახათ დარბაზში? - მე ვერ უყურებ მის ასპარეზობას.

- ყველამ ნახა თქვენი შეხვედრის კადრები, ეს იყო დაუვიწყარი მომენტები. რას გრძნობდით? რა გითხრათ? - ეს იყო სიხარულის პიკი. მითხრა,  რომ ეს გამარჯვება მე მეკუთვნოდა. ემოციების ზღვა მოგვეძალა. სიტყვებით ვერ გადმოვცემ ჩვენი შეხვედრის წუთებში რას ვგრძნობდით.

- როდის დაიწყო საბამ ძიუდოზე სიარული და ვისი გადაწყვეტილებით? თავად რა პროფესიის ბრძანდებით?

- პედაგოგი ვარ ქართული ენისა და ლიტერატურის. საბა 8 წლის იყო, როცა ძიუდოზე შევიყვანეთ, ჩემი მეუღლის გადაწყვეტილებით. ქუთაისიდან ვართ, იქ დაიწყო ძიუდოზე სიარული.

8 წელი ვარჯიშობდა ქუთაისში, 2017 წლიდან თბილისში გადმოვიდა. მე თავიდანვე მომწონდა შვილის პროფესიული არჩევანი.

- რამდენი დედმამიშვილი ჰყავს საბას? - სამი შვილი მყავს. უფროსი ქალიშვილი 26 წლის არის, მეორე - 25-ის, საბა - პატარაა. ჩემი გოგონების დამსახურებაა,  მე რომ აქ შედარებით მშვიდად ვარ, საბას უდედობას არ აგრძნობინებენ. როცა საბა ასპარეზობს, ნერვიულობისგან ტემპერატურა უწევთ. შვილები ჩემს შრომას ძალიან აფასებენ და ეს მაძლევს ძალას.

- ქალბატონო გვანცა, როგორ მიგიღოთ იტალიამ?

- იტალიამ მართლა კარგად მიმიღო. მე სადაც პირველად 2 წელი ვიმუშავე, ბავშვები იყვნენ ბებოსთან ერთად ოჯახში და მათ გადამატანინეს ყველაფერი. ეს ის ოჯახია, რა დროც უნდა გავიდეს, კარები ყოველთვის ღიაა ჩემთვის და გეგმავენ საქართველოში ჩამოსვლას, მე როცა წამოვალ. ვაპირებ ჩამოსვლას, საბუთს ველოდები. რამდენიმე თვით წამოვალ და მერე მომავალი მიჩვენებს, რას ვიზამ, დავბრუნდები თუ არა იტალიაში. მთელი ამ დროის განმავლობაში ინტერნეტით ვკონტაქტობ ოჯახის წევრებთან და ესეც ერთგვარი შვებაა...ესე რომ არ იყოს, ალბათ, ვერც გავძლებდი.

- ოჯახში, სადაც ხართ, თუ იცოდნენ საბას ასპარეზობაზე? - ახლა სადაც ვარ, რა თქმა უნდა, იციან ყველაფერი და იმ ოჯახებთან, რომლებთანაც ვმუშაობდი, ყველასთან მაქვს ურთიერთობა, ყველამ იცის საბას ამბები.

- რა გითხრათ ოჯახმა, როცა უთხარით, რომ შვილის სანახავად მიდიოდით? - გაუხარდათ, რამდენი დღეც გინდა, წადიო, ყველაფერი გამირკვიეს და გვერდით დამიდგნენ. მე მილანში ვცხოვრობ და თვითმფრინავით დაგვჭირდა 1 საათი და 15 წუთი, რომ ოლბიაში მოვხვედრილიყავით.

- მესმის, რომ ძნელია, დედამ დაახასიათოს შვილი, მაგრამ მაინც რომ მითხრათ, როგორი შვილია საბა? როგორი ძმაა? როგორი მეგობარი? - მართლაც ძნელია და საბას არ უყვარს, როცა ვაქებ. ის როგორი შვილიც არის, მსოფლიოს ანახა, მან ეს საქმით დაგვიმტკიცა.

წყნარია, მშვიდი, გაწონასწორებული. მშრომელია, საუკეთესო ძმაა და ძალიან კარგი მეგობარიც. 2017 წლის შემდეგ თბილისში ცხოვრობს და ვარჯიშობს,

ჩემი გოგონებიც თბილისში სწავლობდნენ.

- აუცილებლად გეყოლებათ ემიგრანტი მეგობრები, რომლებიც გამხნევებდნენ და მხარს გიჭერდნენ...

- მთელი არმიაა, საბას ყოველ ასპარეზობაზე ჩემ გვერდით არიან, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ აქ ჩემი ძმის ცოლი მუშაობს და ის იყო ჩვენი შეხვედრის ორგანიზატორი, ყველაფერი მან დაგეგმა.

- უდიდესი დღესასწაულის შემდეგ, ძალიან მძიმე იქნებოდა საბასთან განშორების წუთები... - მართლაც მძიმე იყო, მაგრამ არ მინდოდა, ამ უდიდეს ბედნიერებას ცრემლი მოყოლოდა, დავშორდით ერთმანეთს, მალე შეხვედრის იმედით.

- როგორც ემიგრანტი ქალბატონი, რას უსურვებთ ჩვენს ემიგრანტ ქალბატონებს და რას ეტყვით სამშობლოს?

- ჩემს ემიგრანტებს, პირველ რიგში, ვუსურვებ მოთმინებას, გამძლეობას, ყველა დასახული მიზნის ასრულებას და სამშობლოში დაბრუნებას.

ჩემს სამშობლოს ვეტყვი, რომ ძალიან მენატრება და მისი შეცვლა ამ ქვეყნად არაფერს შეუძლია.

(სპეციალურად საიტისთვის)