რა არის ID ბარათი?!
თუ შენი სული მორჩილებს ღმერთს, სულში არ დაისვამ ეშმაკის ბეჭედს!
2011 წლის 1-ელი აგვისტოდან საქართველოში ახალი თაობის პირადობის მოწმობების გაცემა დაიწყო. სექტემბრიდან ბარათები მთელი საქართველოს მასშტაბით გაიცემა. მისი ღირებულება 30 ლარია და ერთ სამუშაო კვირაში დამზადდება. მოქალაქეებს, მიუხედავად მათი რეგისტრაციის ადგილისა, ID ბარათის მიღება იუსტიციის სახლებსა და სამოქალაქო რეესტრის ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურში შეეძლებათ.
ყველაფერი ერთ მოწმობაში
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ID ბარათი მაღალტექნოლოგიური და გაყალბებისგან დაცული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტია. ამ დოკუმენტით შესაძლებელია პიროვნების იდენტიფიკაცია დისტანციურად. ბარათი ელექტრონული დოკუმენტების ციფრული ხელმოწერით დადასტურების საშუალებასაც იძლევა.
ID ბარათში მოთავსებულია ორი ელექტრონული მატარებელი: კონტაქტური და უკონტაქტო, პირველზე დატანილია პირის პერსონალური მონაცემები, ხოლო მეორე განკუთვნილია სხვადასხვა სახის სერვისისთვის. შესაბამისად, მოქალაქეებს ექნებათ საშუალება ისარგებლონ მხოლოდ ერთი, უნივერსალური ბარათით.
ბარათი მოგცემთ საშუალებას, ნებისმიერი ადგილიდან მიიღოთ მრავალფეროვანი მომსახურება. მაგალითად, თუ ორგანიზაციის დასაფუძნებლად თქვენ განსაზღვრულ ადგილზე მისვლა და თქვენი პირადობის მოწმობის ჩვენება გიწევდათ, ახლა თქვენ შეძლებთ იმავეს გაკეთებას სახლიდან გაუსვლელად, დროისა და ენერგიის ზედმეტი დახარჯვის გარეშე.
ბარათი შეიცავს ციფრულ ხელმოწერას, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია ყველა იმ სერვისში, რომელიც პიროვნების ნების გამოხატვის დადასტურებას მოითხოვს. კერძოდ, ხელშეკრულებების გაფორმებისას, საგადასახადო ფორმების წარდგენისას, საბანკო ანგარიშის გახსნისას...
ბარათით ასევე შესაძლებელია ინტერნეტბანკის მონაცემების წვდომა; საბანკო ანგარიშის გახსნა; ყველა სახის გადასახადის გადახდა; ნოტარიული დამოწმება; ქონებისა და ორგანიზაციის რეგისტრაცია; ეროვნულ გამოცდაზე აბიტურიენტთა რეგისტრაცია; რეგისტრაციის ადგილის შეცვლა...
ამასთან, ID ბარათის უკონტაქტო ინტერფეისი საშუალებას იძლევა IDგამოყენებულ იქნას სხვადასხვა სახის ბარათის ნაცვლად. კერძოდ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამგზავრო ბარათი; ელექტრონული საფულე (ერთი ბარათი რამდენიმე საბანკო პლასტიკური ბარათის ნაცვლად); სახელმწიფო შეღავათები; დაზღვევის ბარათი; სტუდენტური ბარათი; სამსახურებრივი ბარათი...
კომფორტული სერვისის მიუხედავად, ელექტრონულ მოწმობებს ომი გამოუცხადეს ევროპის ქვეყნებში. მართლმადიდებელი საბერძნეთი წმინდა რელიგიური მოსაზრების საფუძველზე გმობს ელექტრონულ პირადობის მოწმობებს, ლიბერალური ფასეულობების აპოლოგეტი ინგლისი კი იდ ბარათებზე უარს იმის გამო ამბობს, რომ ეს მოქალაქეების თავისუფლებას ზღუდავს.
ინგლისის პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი აცხადებს: "პიროვნების იდენტიფიკაცია სხვა გზითაც არის შესაძლებელი. არ არის აუცილებელი ასეთი ინფორმაცია მთელი მსოფლიოსთვის საჯარო გახდეს. ამ საქმისთვის განკუთვნილი თანხა კი სჯობს უფრო მნიშვნელოვან საქმეებზე დაიხარჯოს".მისი აზრით, ჩიპიანი პასპორტი ხალხის ტოტალურ კონტროლსა და შესაბამისად თავისუფლების შეზღუდვას გამოიწვევს. ამბობენ, რომ ინფორმაციის უსაფრთხოება ვერ იქნება დაცული ჰაკერებისგან. ამ საკითხთან დაკავშირებით დიდხანს მსჯელობდნენ გერმანიაში.
საბერძნეთში იდ ბარათებს მრავალათასიანი საპროტესტო მიტინგები მოჰყვა. წინააღმდეგობას საფუძველი ჩაეყარა ჯერ კიდევ მეოცე საუკუნეში, ათონის მთაზე მოღვაწე ბერის, მამა პაისის ქადაგებების დროს.
ათონის ბერებმა ამ საკითხს საგანგებო კრებაც კი მიუძღვნეს და ხალხს მოუწოდეს უარი ეთქვათ ელექტრონულ პირადობის მოწმობებზე. ამ საკითხთან დაკავშირებით ორაზროვანი დამოკიდებულებაა საქართველოში. მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთა ერთი ნაწილი ემხრობა ბერი პაისის ქადაგებას. მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ სახიფათო არაფერია.
მეუფე იოანე გამრეკელი: "რა ხდება ჩიპიან პასპორტებთან დაკავშირებით, რა არის ამ დოკუმენტზე დატანილი? სახელი, მამის სახელი, როდის დაიბადეთ, სისხლის ჯგუფი, საბანკო ანგარიში... სადმე ნათქვამია, რომ უარყავ ღმერთი და დაგმე მშობელიო? ეგეთი რამ არ წერია და იყოს ის ინფორმაცია, რასაც ითხოვენ, ეს ხომ ისედაც იციან. რომ დაიბადები და მეტრიკაში ჩაიწერება შენი სახელი და გვარი, უკვე რეგისტრირებული ხარ, ანუ ეს არის გარეგნული ინფორმაცია. მაცხოვარი ჩაეწერა რომის იმპერატორის ქვეშევრდომად, აღწერა ხომ იყო? მაგრამ როდესაც მაცხოვარს ცილს სწამებდნენ და სდევნიდნენ, ის პირდაპირ ამხელდა. თუ დაიწყეს ჩვენი დევნა, შევიწროება, ეს სხვა საქმე იქნება, მაგრამ ჩანს საამისო პირობა ამ ბარათში? შეგახსენებთ, უდაბნოში გამოცდისას ეშმაკმა მაცხოვარი აიყვანა სასახლის კიდეზე. გაჰყვა უფალი, მაგრამ კი არ დაჰყვა მის ნებას, არამედ უბრძანა მას, განვედ სატანა! შეიძლება ჩვენ ვიყოთ სოდომში, მაგრამ არ ვიყოთ სოდომელები. ეს ჩვენ შეგვიძლია, გვევალება! რატომ ვართ სოდომში? ჩვენ კი არ აგვირჩევია, დავიბადეთ ამ დროში, გვერგო ეს გვირგვინი და მოღვაწეობის ასპარეზი, რათა დავიბრუნოთ სასუფეველი".
ბერი პაისი ამბობდა: "თუ ვიღაც შენს სახლს ცეცხლს უკიდებს ასანთით, შენ კი მისი ჩაქრობა ჭიქა წყლით შეგიძლია, ამ დროს თუ ხელს აიქნევ, ყურადღებას არ მიაქცევ და იტყვი: ამ ცეცხლმა რა უნდა ავნოს ჩემს სახლსო? დაფიქრდი, უყურადღებობით და უმეცრებით ცეცხლი კიდევ უფრო მომძლავრდება და სახლი დაიწვება. ამის მერე რაღა დაგრჩენია იმის გარდა, რომ იტირო და უყურო შენს უბედურებას".
P.S. საუკუნეების განმავლობაში ბევრი ქართველი პოლიტიკური მოღვაწე დამპყრობელი ქვეყნების ძალადობრივი ზემოქმედების გამო ზედაპირულად აღიარებდა მუსლიმანურ სჯულს, მკერდით კი ჯვარს ატარებდა. თუმცა, ეს არ ნიშნავდა ჯვრის მხოლოდ ფიზიკურად ტარებას. მათი სული ბოლომდე მორჩილებდა უფალს. თუ შენი სული მორჩილებს ღმერთს, სულში არ დაისვამ ეშმაკის ბეჭედს!