დაიბადა გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონი
ამ პატარის მოვლინებით სამუდამოდ შეიკრა ბაგრატიონთა ორი შტო - გრუზინსკები და მუხრანელები
27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე და სოხუმის დაცემის დღეს, მადრიდში ერთი პატარა ქართველი დაიბადა. ქართული სამეფო გვარის წარმომადგენლების, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკისა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელის პირველი შვილის - გიორგის ამქვეყნად მოვლინებას მყისვე მოჰყვა რეზონანსი ქართველ საზოგადოებაში. ზოგმა პატარას ჯანმრთელობა უსურვა, ზოგსაც დალოცვა დაავიწყდა და თქვა, რაღა დროს უფლისწულობია და ტახტის აღდგენაზე ფიქრია, ეგ ამბავი 210 წლის წინ დამთავრდა, როდესაც რუსეთის იმპერიამ საქართველოს სამეფო ტახტი მიიტაცაო. ბაგრატიონებმა ეს ამბავი სიხარულით მიიღეს ორი მიზეზის გამო: ამ პატარის მოვლინებით სამუდამოდ შეიკრა ბაგრატიონთა ორი შტო - გრუზინსკები და მუხრანელები. ამიტომაც ატარებს პატარა გიორგი გვარს ბაგრატიონ-ბაგრატიონი და არა გრუზინსკი ან მუხრანელი.
ანამ და დავითმა 2009 წლის 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დაიწერეს ჯვარი. ითქვა, რომ ჯვრისწერას საქართველოს პატრიარქი ჩაატარებდა, მაგრამ უწმინდესი მოულოდნელად ავად გახდა. ამას მოჰყვა ჭორები, რომ ვიღაცას სურდა ამ ზეიმს პატრიარქი ჩამოშორებოდა, რათა მისი მონაწილეობა ჯვრისწერაში ხალხს მეფის კურთხევადაც არ აღექვა. მაშინ ითქვა, რომ მოვლენების გართულების თავიდან ასაცილებლად, პატრიარქმა ბაგრატიონების ჯვრისწერაზე დასწრებისგან თავი შეიკავა. ის იმ დროისთვის გერმანიაში ბრძანდებოდა სამკურნალოდ. თუმცა, სამღვდელო პირები ამბობდნენ, რომ ეს ქორწინება პატრიარქის ოცი წლის ოცნება იყო.
გიორგის მშობლები უკვე ერთი წელია ესპანეთში ცხოვრობენ. როგორც ამბობენ, წყვილი სამშობლოს უსაფრთხოების მიზნით გაერიდა. თუ ბაგრატიონებს უსაფრთხოების გარანტია არ ექნებათ, შეიძლება პატარა გიორგი კარგა ხანს ვერ ეწვიოს საქართველოს და უცხოეთშივე გაიმართოს მისი ნათლობაც. თუნდაც საქართველოში რომ მონათლონ, ისეთივე ხმაურიანი არ იქნება, როგორიც თავის დროზე დავითისა და ანას ქორწილი იყო. დადის ხმა, რომ პატარა გიორგის ერთ-ერთი ნათლია უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II იქნება. ანას პირველი ქორწინებიდან ორი ქალიშვილი ჰყავს, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ ბაბუის, ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის ოჯახში. როგორც ამბობენ, დედა ქალიშვილების უცხოეთში წაყვანას ვერ ახერხებს, რადგან ბავშვების მამა არ იძლევა თანხმობას.
"მოხარული ვართ გვარის გამრავლებით. ბაგრატიონთა მოდგმამ ბოლო ორასი წლის შემდეგ იმდენი ტრაგედია გადაიტანა, რომ ყოველი ბავშვის დაბადება სასიხარულოა. გასახსენებლად 1924 წელიც კმარა, ორ ათეულზე მეტი ბაგრატიონი, განურჩევლად ასაკისა და სქესისა, ერთ ღამეს დახოცეს ბოლშევიკებმა. არც ის უნდა აღიზიანებდეს ჩვენს საზოგადოებას, თუ პატარა გიორგის საგანგებოდ აღზრდაზე იქნება ლაპარაკი. ამით განახლდება ტრადიცია, რომლის მიხედვით საუკუნეების მანძილზე წვრთნიდნენ შვილებს არა მხოლოდ ბაგრატიონები, არამედ, საზოგადოდ, ქართველები. რატომ არ უნდა აღდგეს ქართული ტრადიციები? ნაადრევია ლაპარაკი იმაზეც, უნდა აღდგეს თუ არა სამეფო ტახტი. ჩვენი საზოგადოება ჯერ არ არის მომწიფებული სახელმწიფოს მონარქისტულ მოდელზე გადასვლისთვის, ალბათ, კარგა ხანსაც არ მომწიფდება. სამეფო კარის აღდგენამდე ჯერ ძალიან შორსაა", - აცხადებს სამეფო გვარის ოჯახის ახლობელი, კანცლერი სიმონ კოპაძე.
ბაგრატიონებს მემკვიდრის შეძენა უკვე მიულოცეს მსოფლიოს სხვადასხვა სამეფო ოჯახის წარმომადგენლებმა. მათ შორის პირველი ესპანეთის მეფე ხუან-კარლოსი ყოფილა, რომელიც დედის მხრიდან ნათესავად ერგება დავით ბაგრატიონ-მუხრანელს.
პატარა ბაგრატიონს სახელი მამის მხრიდან ბაბუის პატივსაცემად დაარქვეს. როგორც ითქვა, სწორედ უფროსი გიორგი ბატონიშვილი ყოფილა მოწადინებული, რომ დავითსა და ანას ჯვარი დაეწერათ. ის ვერ მოესწრო ოცნების აღსრულებას - ჯვრისწერამდე ერთი წლით ადრე გარდაიცვალა. გიორგი ბაგრატიონ-მუხრანელი მცხეთაში, სვეტიცხოველშია დაკრძალული დიდი წინაპრების გვერდით.
რატომ აღიქვამს საზოგადოების ერთი ნაწილი დავითისა და ანას ქორწინებას სამეფო ტახტის აღდგენის მცდელობად? - ამ კითხვაზე პასუხი თავის დროზე ვახტანგ რჩეულიშვილმა საინტერესოდ ჩამოაყალიბა. მისი თქმით "ერს სჭირდება არაპოლიტიკური, მაგრამ გამამთლიანებელი ფიგურა, ამის საუკეთესო მაგალითია უწმინდესი. ზოგჯერ პატრიარქი იქნება ერის გამამთლიანებელი, ზოგჯერაც მეფე". თუმცა, ჯერ არ გვყავს მეფე და ამიტომაც ნაადრევია უფლისწულის დაბადებაზე საუბარიც, რადგან უფლისწული მხოლოდ მირონცხებული მეფის ოჯახში იბადება. აღდგება თუ არა სამეფო კარი და გვეყოლება თუ არა მეფე, მომავალი გვიჩვენებს.
P.S. "კვირის პალიტრა" უერთდება ოჯახის სიხარულს და პატარა გიორგის უსურვებს ღირსეულ ქართველად აღზრდილიყოს. ხომ ცნობილია, ვერც ერთი მეფე ვერ გაამთლიანებს ერს, თუ ღირსეული შვილები არ ეყოლება.