რაო, რაო, პრესა გაათავისუფლაო?! - კვირის პალიტრა

რაო, რაო, პრესა გაათავისუფლაო?!

"2003 წელს ქართველმა ერმა ახალი პოლიტიკური კურსი აირჩია. კურსი, რომელმაც თქვენი ერი მალევე მიიყვანა სამართლიან არჩევნებამდე, თავისუფალ ჟურნალისტებამდე და, ზოგადად, პრესის თავისუფლებამდე" -

ეს არის ამონარიდი უკრაინის მესამე პრეზიდენტის საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდაჭერისთვის სპეციალურად საქართველოს მოსახლეობისთვის გამოგზავნილი ვიდეომიმართვიდან, რომელშიც ის მისი ქართველი კოლეგის უზარმაზარ დამსახურებებზე საუბრობს ქართველი ერის წინაშე და მისთვის მხარის დაჭერას მოითხოვს ქართველი საზოგადოებიდან...

სააკაშვილის დაპატიმრების თემა სპეციალურად არ გამიშუქებია, რადგან ეს ნაკლებად ეხება სამხედრო თემას, ხოლო ბინძურ პოლიტიკურ ბატალიებში ჩარევის არავითარი სურვილი არც ადრე მქონია და ამის პერსპექტივა არც მომავლისთვის მხიბლავს, მაგრამ... ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩემს აღშფოთებას უკრაინის ექსპრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს ეს მტკიცებითი ფორმის მომართვა იწვევს - სააკაშვილის ხელისუფლებამ ქართველი ერი, თურმე, მალევე მიიყვანა თავისუფალ ჟურნალისტებამდე და, ზოგადად, პრესის თავისუფლებამდე, რომ აღარაფერი ვთქვათ - სამართლიან არჩევებამდე.

სხვა თუ არაფერი, ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი, თუ რას ნიშნავდა სააკაშვილის ხელისუფლების მიერ "გათავისუფლებული ჟურნალისტები თუ პრესა", სულაც ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, როდესაც "კვირის პალიტრაში" ორშაბათს გამოქვეყნებული კრიტიკული სტატიიდან ერთ საათში თავდაცვის მინისტრის, ოქრუაშვილის პირადი ბრძანებით ძმას გითავისუფლებენ სამსახურიდან, მიუხედავად იმისა, რომ სტატიის თემასა და მის სამსახურებრივ საქმიანობას შორის კავშირი საერთოდ არ ყოფილა...

რომელ თავისუფალ ჟურნალისტიკაზეა ლაპარაკი, როდესაც შენი სტატიის გამო ჯერ თავდაცვის მინისტრი ოქრუაშვილი ტელევიზიის ეკრანიდან, ფაქტობრივად, ღიად გემუქრება პირდაპირ ეთერში, ორიოდე საათში პრესკონფერენციაზე პრეზიდენტი სააკაშვილი სამშობლოს მოღალატე "მარკოზაშვილად" მოგიხსენიებს, ხოლო დღის ბოლოს მობილურ ტელეფონზე გენშტაბის უფროსი ლევან ნიკოლეიშვილი გირეკავს და ღია ტექსტით გემუქრება (თუმცა "გემრიელ" პასუხსაც იღებს...).

ეს, სხვათა შორის, ის ლევან ნიკოლეიშვილია, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, ექსპერტის რანგში, სოციალურ ქსელში ასეთი ტექსტი დაპოსტა - "ციხიდან უტყუარი ამბავი გამოვიდა, მიხეილ სააკაშვილი უმძიმეს დღეშია, კივის და წივის, ითხოვს ფსიქოტროპული საშუალებების გაძლიერებულ დოზას. არ არის ეს თქვენი ბელადი ციხისთვის მზად, სად აქვს მას ციხეში ჯდომის შნო და კაცობა. ევროპულ ციხეზეა საუბარი, თორემ ხომ გესმით, მისივე ციხეში რა დღეში იქნებოდა. თავისიანებს უთვლის, ოღონდ აქედან გამიყვანეთ და საქართველოზე ხმას არასოდეს ამოვიღებ. საერთოდ ვიტყვი, რომ ქართველი არ ვარო. უშველეთ, ხალხი არ ხართ? კედლებს ღრღნის! ესეც თქვენი გმირი და სახელმწიფოს შემქმნელი ბელადი და დამფუძნებელი! ღმერთო, ეს კაცი როგორ იყო ამ ქვეყნის პრეზიდენტი".

არადა, მისი გენშტაბის უფროსის მოადგილედ დანიშვნა პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ, თითქმის, ჩემ თვალწინ "მოხდა" არაოფიციალურ სიტუაციაში და, თუ მეხსიერება ზოგიერთივით არ მღალატობს, ამ პოსტის ავტორი მაშინდელ პრეზიდენტს არა მარტო თვალებში შესციცინებდა და მზად იყო შეესრულებინა სააკაშვილის ნებისმიერი ბრძანება, შეიძლება უკანონოც კი, ეხლა კი "ღმერთო, ეს კაცი როგორ იყო ამ ქვეყნის პრეზიდენტიო"...

ეტყობა, ვერასოდეს მივხვდები, როგორ შეიძლება ჯერ ადამიანს ცამდე აღმერთებდე და აბოდებდე, შემდეგ კი ქვესკნელში აგდებდე...

ან პირველად არ იყავი მართალი, ან მეორედ, უფრო კი ორივეჯერ...

მოკლედ, წმინდა "რიჟა ბაზარია", გამგები გაიგებს...

პირველი საგანგაშო ნიშანი პირადად ჩემთვის, თუ რას უპირებდა სააკაშვილის გუნდი ქართულ მასმედიას, 2004 წლის მაისში გაჩნდა, როდესაც აფეთქებულ ჩოლოქის ხიდზე პირდაპირი ჩართვისას "რუსთავი-2"-ის ეთერში როგორ "მოძღვრავდა" ამ ტელეკომპანიის ჟურნალისტს უგულავა და ბოკერია, თუ რა კითხვები დაესვა მათთვის და როგორ გაეშუქებინა. მათ არ იცოდნენ, რომ სატელევიზიო სიგნალი უკვე ჩართული იყო და მათ მითითებებს იმდროინდელი "თავისუფალი ტელევიზიის" მიმართ, მთელი საქართველო ისმენდა და უყურებდა. ტელეკომპანიის სტუდიაში მსხდომ წამყვანებს უხერხული სიტუაციიდან სასწრაფოდ გამოსასვლელად მოუწიათ იმის მტკიცებაც, არ გეგონოთ, რომ პოლიტიკოსები დავალებებს გვაძლევენო...

ეს იყო სააკაშვილის ხელისუფლების საწყისი ეტაპი, შემდეგ კი რაც მოხდა ქართული მასმედიის "გათავისუფლების" მხრივ, ყველამ ნახა, ბევრმა კი ჩვენს თავზეც მწარედ ვიწვნიეთ და დღეს "კრიტიკულ ტელევიზიებად" წოდებული არხების წამყვანი ჟურნალისტების კონკრეტული ნაწილი, რომლებიც თავს ობიექტურ ჟურნალისტობაზე დებენ, მოდი, ნუ დაივიწყებენ, რას კადრულობდნენ იმავე სააკაშვილის ხელისუფლების დროს, როდესაც, ჩვენგან განსხვავებით, ძალიან სასათბურო პირობებში იმყოფებოდნენ და რატომღაც ვერ ამჩნევდნენ იმაზე ბევრად დიდ დანაშაულებსაც კი, რაც დღესაც ხდება... უფრო მეტიც, სააკაშვილის ხელისუფლების მიერ "შავ სიაში" შეყვანილ ჟურნალისტებს ჩუმად თუ ღიადაც გვაბეზღებდნენ "პოლიტიკურ ბოსებთან" და ჩვენი ჟურნალისტური საქმიანობის დაბლოკვის გეგმებს ერთად ამუშავებდნენ...

ასე რომ, იმის მტკიცებას, ვისგანაც უნდა მოდიოდეს ეს, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ, თურმე, ქართველი ერი მალევე მიიყვანა თავისუფალ ჟურნალისტებამდე და, ზოგადად, პრესის თავისუფლებამდე, ყოველთვის შევეწინააღმდეგები კონკრეტული ფაქტების დადებით...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს