მილიარდერი ქართული ოცნებით
ინდეპენდენტი, დიდი ბრიტანეთი
ბიძინა ივანიშვილი ცნობილი იყო, როგორც კარჩაკეტილი მილიარდერი. ახლა ჩრდილიდან გამოვიდა და მზადაა, ქვეყნის ლიდერს დაუპირისპირდეს. მისი პირადი ქონება ქვეყნის ბიუჯეტს აჭარბებს... და რატომ იწუხებს თავს? თბილისის მხსნელია ის თუ პუტინის მარიონეტი?
შარშან, ოქტომბერში, ღია წერილში, ივანიშვილმა სენსაციური განცხადება გააკეთა - პოლიტიკაში წასვლას გეგმავდა. ამტკიცებდა, მიხეილ სააკაშვილის მმართველობა ულმობელ დიქტატურად გადაიქცა და მე ვარ ის, ვინც მას დაუპირისპირდებაო. საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი ბლოკით საბრძოლველად თავის კოალიცია ”ქართულ ოცნებაში” მიიწვია ქვეყნის ურიცხვი ოპოზიციური პარტია, რომელთა შორის ულტრალიბერალებიც არიან და რადიკალი ნაციონალისტებიც. თვითონ ერთი-ორი წლით პრემიერმინისტრობას აპირებდა და შემდეგ დატოვებდა პოლიტიკას, მაგრამ საკუთარი ხაზინიდან ხალხის დახმარებას განაგრძობდა.
ამის შემდეგ 10 თვე გავიდა. მე თვალს ვადევნებ მის საარჩევნო კამპანიას საპარლამენტო არჩევნებამდე, რომელიც 1-ელ ოქტომბერს გაიმართება: კაცი, რომელიც ერთ დროს ფარულად მოგზაურობდაM, ახლა მთელ საქართველოში დადის თავისი კოალიციისათვის მხარდაჭერის მოსაპოვებლად. მის კამპანიას სვანეთში, ქვის კოშკებით მოფენილ თვალწარმტაც მთიან რეგიონში ვახლდი.
ხანგრძლივი დამღლელი დღის შემდეგ, ხუთ საათში ივანიშვილის კორტეჟს სვანეთის მთებიდან შავი ზღვის სანაპიროს სუბტროპიკულ სიცხეში ჩავყავართ. მეორე დილით, დათქმულ საათზე, მეწამული ფერის გოლფის ბაგით ივანიშვილთან მივყავართ, მაგრამ ვამჩნევ, რომ თავმდაბალი მძღოლი თავად არის ივანიშვილი - ჯინსებსა და მოკლესახელოებიან პერანგში გამოწყობილა. ასე იწყება მოულოდნელი ტური გოლფის ბაგით - ცხოველების კოლექცია, სახლი მეგობრებისათვის, რესტორნების კომპლექსი, 20 მეტრის სიღრმეზე ზღვაში შეჭრილი ლითონის კონცხი, ბოლოს, საკუთრივ ივანიშვილის სახლი. ის სამ ენაზე საუბრობს. ძნელია დაიჯერო, რომ კაცი, რომელიც სასხვათაშორისოდ გათვალიერებინებს საზაფხულო სახლს და გეუბნება, - ეს ჩემი ქალიშვილია, აუზში რომ ჭყუმპალაობს, იგივეა, ვინც შარშანდლამდე ყოფილ საბჭოთა კავშირში ყველაზე კარჩაკეტილ ადამიანად ითვლებოდა. გოლფის ბაგის სტერეოსისტემა ფრენკ სინატრას ”My Way”-ის რემიქსს უკრავს.
ერთ-ერთ შენობაში ვსხდებით, მისაღებში, რომელიც შეიძლება მსოფლიოს ნებისმიერი ქალაქის ოთხვარსკვლავიან სასტუმროს ეკუთვნოდეს. ორი საათი ვსაუბრობთ - თუ რატომ გადაწყვიტა ებრძოლოს რეჟიმს და რატომ ეზიზღება ამჟამინდელი მთავრობა.
- იძულებული გავხდი, პოლიტიკაში მოვსულიყავი, რადგან სააკაშვილმა ოპოზიცია გაანადგურა. მე ან ქვეყანა უნდა დამეტოვებინა, რადგან საშიში იყო აქ ცხოვრება, ან პოლიტიკაში უნდა წავსულიყავი. ჩვენ უთუოდ გავიმარჯვებთ. მთავრობაში ერთი-ორი წელი ვიქნები, შემდეგ კი საზოგადოების აქტიური წევრი გავხდები, რომ დავეხმარო საზოგადოებას, როგორ აირჩიოს ადამიანები და გააკონტროლოს თავისი პოლიტიკოსები, რომ არსებობდეს თავისუფალი პრესა, ნამდვილი ოპოზიციაო - მეუბნება რესპონდენტი.
რაფაელ გლუკსმანს ვხვდები თბილისის ერთ-ერთ კოხტა კაფეში ივანიშვილზე მთავრობის აზრის მოსასმენად. გლუკსმანი შს მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძის მეუღლეა, ის სააკაშვილის ერთ-ერთი მთავარი მრჩეველია. ”ერთი კაცის ხელში ამდენი ფული - ნებისმიერი ქვეყნისთვის იქნებოდა პრობლემა, - ამბობს იგი, - მაგრამ ეს განსაკუთრებით პრობლემურია პატარა საქართველოსთვის. მას ქვეყნის ბიუჯეტზე მეტი ფული აქვს”.
ივანიშვილი სააკაშვილს სარკასტულად აღწერს. ”ნამდვილ მშიშარას” და ”პროფესიონალ მატყუარასაც” კი უწოდებს. ამბობს, - არ იცის, რა არის სიყვარული. არ შეუძლია სხვისი წუხილის გაზიარება. მას ციხეში ჩასმა კი არა, დახმარება სჭირდებაო. რამდენიმე დღის შემდეგ ეს ნათქვამი ღიმილით ვუამბე ჩემს მეგობარს, თბილისელ ინტელექტუალს. სიცილის ნაცვლად წამით ჩაფიქრდა, თითქოს ჭეშმარიტება პირველად აუწყესო და სევდიანად მითხრა, - შეიძლება ივანიშვილი მართალიცააო.
გლუკსმანი მეუბნება, რომ სააკაშვილსა და ივანიშვილს რამე სახის ურთიერთობა არასდროს ჰქონიათ, ამდენად, პრეზიდენტი კრიტიკას მშვიდად იღებს. ”ისინი არასდროს ყოფილან ახლოს, ამიტომ ამას ღალატად არ მიიჩნევს. სულ ორჯერ დალაპარაკებიან ერთმანეთს. ივანიშვილი ფულს იძლეოდა კულტურული ძეგლებისა და ეკლესიისთვის, მაგრამ ურთიერთობა არ ჰქონიათ”, - მეუბნება გლუკსმანი. ივანიშვილს ეს რომ ვუთხარი, ხმამაღლა გაეცინა: - სააკაშვილი ზოგჯერ დღეში 50-ჯერ მირეკავდა! ვეუბნებოდი, მიშა, შეწყვიტე რეკვა, ვეღარ გიპასუხებ-მეთქი! ივანიშვილი ამბობს, - თბილისში, მოსკოვსა და პარიზში ოჯახის საცხოვრებელ სახლში მხოლოდ ერთ თუ ორ მეგობარ ბიზნესპარტნიორს შეეძლო სტუმრობა, მაგრამ რადგან ჩემთვის სახლი წმიდათაწმიდაა, არასდროს მიმიღია ბიზნესპარტნიორები, რომ აღარაფერი ვთქვა სააკაშვილზე! ეს რომ პუტინს გაეგო, ჩემი ბიზნესი რუსეთში მეორე დღესვე დაიხურებოდაო.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე უკიდურესი უნდობლობა იყო მოსკოვში სააკაშვილისა და მისი პრონატოსეული პოლიტიკის მიმართ. ივანიშვილი ირწმუნება, რომ სააკაშვილის რეზიდენციაში შვეულმფრენით გადაფრინდა და რუსეთის ხელმძღვანელობას რომ არ გაეგო, მას ფარულად შეხვდა.
მიუხედავად ამისა, სააკაშვილი მაინც ცდილობდა დაერეკა ივანიშვილის სახლში. მილიარდერი ამტკიცებს, - ერთხელ დამირეკა და მითხრა, - შენი სახლის ქვემოთ, ბოტანიკურ ბაღში ვარ, ფეხით ხომ არ ამოვისეირნოო. მეორედ შემომთავაზა, სხვათა თვალის ასახვევად თვითონ დავჯდები ”ლადა ჟიგულის” საჭესთანო. უარი ვუთხარი... წლების განმავლობაში ყოველ კვირას ვხვდებოდით ერთმანეთს, მაგრამ 2008 წელს, სააკაშვილის ხელახლა არჩევის შემდეგ, შემაშფოთა მისმა პოლიტიკურმა კურსმა, მასთან კონტაქტი გავწყვიტე და ვუთხარი - სიმბარათს ვცვლი, აღარ დამირეკო. მე არ მინდა პოლიტიკოსობა და შენ მაიძულებ, გავხდე. როცა პოლიტიკიდან წახვალ, მეგობრები ვიქნებით, მაგრამ ახლა ვეღარ შევხვდებით ერთმანეთს-მეთქი. ჩემს დარწმუნებას ცდილობდა, თავისი მეუღლეც კი გამომიგზავნა, მაგრამ მე ვთქვი - არა!..
ამბავი, რომელსაც ივანიშვილი ჰყვება, ოლიგარქის კლასიკური ისტორიაა მოხერხებულობასა და სისასტიკეზე, სტრუქტურულ საფეხურებზე აღმასვლასა და უამრავი მტრისგან თავის დაღწევაზე, იმაზე, რაც 1990-იანი წლების დასაწყისის რუსეთს ახასიათებდა, როდესაც მხოლოდ რამდენიმე ჭკვიანმა შეძლო სწრაფად გამდიდრება. ის გამორჩეული იყო სკოლაში, რომელიც მისი სოფლიდან დაახლოებით 5 კმ-ით იყო დაშორებული, თანაც ფეხით სავალზე, თბილისში უნივერსიტეტში ჩააბარა, სადაც რუსულს სწავლობდა.
”1980 წელს სკოლა წარჩინებით დავასრულე, - ამბობს იგი, - ჟურნალისტები არასდროს წერენ ამას და მწყინს”. შემდეგ მოსკოვში წავიდა, სადაც თავს ძლივს ირჩენდა. რუსი სტუდენტები უხეშად ეპყრობოდნენ და ქართველებზე ანეკდოტებს ჰყვებოდნენ; კაფეტერიაშიც ფეხსაც არ დგამდა, რომ არ დაეცინათ. მაგრამ ამბობს, რომ ისეთ რამეს მიხვდა, რის ბაიბურშიც რუსი სტუდენტები არ იყვნენ. საქართველოში ხალხი უკვე ხვდებოდა, რომ კომუნიზმი დიდხანს ვერ გასტანდა. ასევე ამჩნევდა, რა დიდი პოტენციალი იყო კომპიუტერებში. ”სადისერტაციო ნაშრომს ვწერდი 1980-იანი წლების მიწურულს და თვალს ვადევნებდი იმას, თუ რა ხდებოდა მსოფლიოში. ცხადი გახდა, რომ რუსეთი კომპიუტერების გარეშე ვერ იარსებებდა. ამაზე მაშინ დავფიქრდი, ვიდრე სხვები მოისაზრებდნენ. დავიწყე იმ ხალხის ძებნა, ვინც კომპიუტერების იმპორტს შეძლებდა”.
ივანიშვილმა და მისმა სამმა პარტნიორმა კომპიუტერებით ვაჭრობით 80 000 დოლარი იშოვეს - უზარმაზარი თანხა იმ დროისათვის და საკმარისი - ბანკის გასახსნელად.
მალევე გახსნეს ბანკი ”როსიისკი კრედიტი”, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი გახდა რუსეთში.
ივანიშვილი სხვადასხვა გაყიდვების ქსელის, უძრავი ქონებისა და სხვა ბიზნესებს დაეუფლა. ”ყველა მიეძალა ნავთობსა და ალუმინს, საიდანაც სწრაფი მოგების მიღება იყო შესაძლებელი, მაგრამ, იმავდროულად, ეს საშიში საქმიანობაც იყო. მე უფრო გრძელვადიანი ინვესტიციები გავაკეთე. თუკი ვგრძნობდით, რომ ესა თუ ის დარგი ძალადობის ველში ექცეოდა, მას ვტოვებდით”.
რუსეთში გატარებული ხანგრძლივი ცხოვრებისა და იმის გამო, რომ მოსკოვთან ურთიერთობის გაუმჯობესება სურს, სააკაშვილის გუნდს ის კრემლის მარიონეტად გამოჰყავს. სააკაშვილის მთავრობის ყველაზე რთული პერიოდი 2008 წლის რუსეთთან ომი იყო, საქართველოს ჯარი დამარცხდა და მიღწეული შიდა პროგრესი საფრთხის წინაშე დადგა. ყველაზე ნეიტრალური დამკვირვებლებიც კი მიიჩნევენ, რომ სააკაშვილის ხელისუფლება რაღაც წილ პასუხისმგებლობას უნდა იღებდეს საომარი მოქმედებების გაჩაღებაზე, 2008 წლიდან რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტაზე, ასევე იმაზეც, რომ ტერიტორია, რომელსაც თითქმის მთელი მსოფლიო საქართველოს ნაწილად აღიარებს, რუსულ სამხედრო ნაწილებს აქვთ ოკუპირებული.
ვლადიმირ პუტინი არც მალავს, რომ არ მოსწონს სააკაშვილი. ივანიშვილი პირობას დებს, რომ ხელს შეუწყობს მოსკოვთან ახალი, უკეთესი ურთიერთობის ჩამოყალიბებას.
ივანიშვილი ამტკიცებს, რომ ისევე აკრიტიკებს პუტინს, როგორც სააკაშვილს. ”რუსეთი მაშინ დავტოვე, როდესაც პუტინი მოვიდა მთავრობაში. ჩემი ჰობი ფსიქოანალიზი იყო, მაშინებდა ის, თუ როგორ იქნევდა იგი ხელებს, რა კომპლექსები ჰქონდა. პუტინის ფსიქოლოგიას მივხვდი და გავაცნობიერე, რომ საკმარისი ფული მქონდა, თავისუფლად და ბედნიერად რომ მეცხოვრა. არ მინდოდა დარჩენა და სისტემის ნაწილად ყოფნა”, - ამბობს ივანიშვილი.
ის პარიზში გადავიდა. შემდეგ, სანამ თბილისში მისი მინის ციხე-სიმაგრე შენდებოდა, მშობლიურ სოფელ ჭორვილაში დაბრუნდა. ივანიშვილი ამბობს, რომ ათ წელზე მეტია ფეხი არ ჩაუდგამს რუსეთში. უცნაურია, თუ ეს სიმართლეა, თანაც იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ იქ უზარმაზარ ბიზნესიმპერიას შარშანდლამდე აკონტროლებდა.
წლების განმავლობაში მილიონობით გირვანქა სტერლინგს მშვიდად ხარჯავდა საქართველოში. ისე, რომ არ ჰქონდა სურვილი და არ ითხოვდა აღიარებას. თეატრის დირექტორები იხსენებენ, როგორ აკითხავდა მათ წყნარი ადამიანი კულისებში შეკითხვებით, და მომდევნო დღეს ცხადდებოდა უზარმაზარი დახმარების გასაცემად. კულტურისა და ხელოვნების ასობით წარმომადგენელი იღებდა მეორე ხელფასს ივანიშვილის კულტურის ფონდისგან. მან ააშენა ქვეყნის ყველაზე დიდი ეკლესია, ახალი ფორმა უყიდა საქართველოს ჯარს. რატომ? უბრალოდ იმიტომ, რომ გაცემა სიამოვნებას ჰგვრიდა, თუ ამით იმ უსიამოვნო განცდის შემცირებას ცდილობდა, რომ ამდენი რამ გააჩნდა იმ დროს, როდესაც მისი ქვეყანა ასე ღარიბი იყო?
”უჩინარი ადამიანისგან საჯარო ფიგურად გადაქცევა ადვილი არ არის, - ამბობს ბიძინა ივანიშვილი. - პირველი თვე ძალიან რთული იყო, თავს ცუდად ვგრძნობდი, როცა კამერას ვხედავდი”. ჩანს, ახლაც სწავლობს ჟურნალისტებთან მოქცევას. - შეგიძლია აქედან რაღაც დაწერო, მაგრამ ყველაფერს ნუ დაწერ, - ამბობს იგი, და ჰყვება, თუ როგორ გაგზავნა ძმისშვილი მოსკოვში მისი რუსული ბიზნესის გაყიდვის გამო მოლაპარაკებაზე, მას შემდეგ, რაც გადაწყვიტა პოლიტიკაში წასულიყო. ”ალბათ დაწერთ ამის შესახებ”. პაუზა. ”მაგრამ უმჯობესია, არ დაწეროთ. თუმცა, ვფიქრობ, შეგიძლიათ”. მოგვიანებით, ფოტოგადაღების დროს, კითხულობს, - ხომ არ არის პრობლემა, რომ წინდა არ მაცვიაო.
ერთმანეთს ვემშვიდობებით და ხუთსაათიანი გზით შავი ზღვის სანაპიროდან თბილისში ვბრუნდები. ”ქართული ოცნება” პოლიტიკური პარტიისათვის უცნაური სახელია და ამიტომაც ზოგიერთები ივანიშვილსა და მის რაზმს აგდებით ”მეოცნებეებს” ეძახიან. მაგრამ თუკი თქვენ ეძებთ ვინმეს, ვისაც ოცნებების აცხადება შეუძლია, ადამიანი მილიარდიანი ქონებითა და ალბინოსი ფარშავანგების კოლექციით, ურიგო არჩევანი არ უნდა იყოს.
შონ უოკერი
იბეჭდება შემოკლებით
მოამზადა ნანა ანტონოვა ილურიძემ