ანომალიური მოვლენა კახეთში - სოფელ სანავარდოში რვაფეხა გოჭი დაიბადა
"ანომალიების გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს რადიაცია, საკვები, ინფექცია და ეკოლოგიურად დაბინძურებული გარემო"
ყრუაშვილების ოჯახი რამდენიმე თვის წინ უჩვეულო მოვლენის მომსწრე გახდა. 25 მარტს ყვარლის რაიონის სოფელ სანავარდოში რვაფეხა გოჭი დაიბადა.
ბაგრატ ყრუაშვილი: - ყოველთვის ბევრი საქონელი მყავდა. ბოლო დროს ჯანმრთელობის გაუარესების გამო პირუტყვი გავყიდე და მხოლოდ ერთი დედალი ღორი დავიტოვე. 18 გოჭი დაყარა, აქედან 8 - მკვდარი. ერთ-ერთი გოჭის დაბადებისას ორი ტანი ერთად წამოვიდა. თავიდან მეგონა, ორ გოჭს ერთად აჩენდა, თუმცა, რომ დაბადა, თვალებს არ დავუჯერე - გოჭს ორი ტანი, რვა ფეხი, ერთი თავი და სამი ყური ჰქონდა. მსგავსი რამ არასდროს მინახავს. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, გოჭი მკვდარი დაიბადა. სასქესო ორგანო ორივე ტანზე ჰქონდა, მამრი იყო. მაშინვე ჰერმეტულად დაცულ არყიან ჭურჭელში მოვათავსე. სოფელში არავინ იჯერებდა, მოდიოდნენ და ნახულობდნენ. აქამდე მსგავსი რამ არავის უნახავს. უკვე ვესაუბრე მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლებს. მზად ვარ, გოჭი მათ გადავცე, რათა შეისწავლონ...
- რითი კვებავდით მაკე ღორს?
- ნატურალურ საკვებს ვაძლევდი - სიმინდს და ქატოს. სოფელში ამბობენ, რომ ეს ანომალია ტყუპი ემბრიონის შერწყმის შედეგად განვითარდა, თუმცა, ეს მხოლოდ ვარაუდია...
ბოლო დროს კახეთში არაერთი ანომალიური შემთხვევა მოხდა. ცოტა ხნის წინ გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში ექვსფეხიანი ბატკანი დაიბადა. მელაანში კახელი ფერმერი ხუთფეხა ხბოს ზრდის - მეხუთე კიდური კისრის არეში აქვს. რამდენიმე წლის წინ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მაკვანეთში, სამფეხა ხბო დაიბადა.
როგორც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ელენე აბზიანიძე ამბობს, ანომალიურ მოვლენებს სხვადასხვა გარე ფაქტორი განაპირობებს.
ელენე აბზიანიძე: - ანომალიური შემთხვევები არა მარტო საქართველოში, მსოფლიოში გახშირდა. 2007 წელს ჩინეთში ორთავიანი გოჭი დაიბადა. ჩინელებმა მაშინ ეს ანომალია ნაყოფიერების სიმბოლოდ აღიქვეს, რადგან ღორის წელიწადში მოხდა ეს შემთხვევა. ამ ანომალიების გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს რადიაცია, საკვები, ინფექცია და ეკოლოგიურად დაბინძურებული გარემო.
თორნიკე ყაჯრიშვილი
აშკარა დაუჯერებელი
ეს "ძაღლი-კენგურუები" - კიუტი და ბომბი ფილიპინებზე ცხოვრობენ
ჩინეთში, შანგოდანის პროვინციაში ორფეხიანი ბატკანი დაიბადა
ორსახიანი კატა ფრენკი და ლოი გინესის წიგნში მას შემდეგ შევიდნენ, რაც 12-წლისანი გახდნენ